დაძაბული სასამართლო დავისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ გარიგებაზე უარის თქმის მიუხედავად, Twitter-ის აქციონერები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ილონ მასკმა პირობა შეასრულოს და ტექნოლოგიური კომპანია 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინოს.
კომპანიის წარმომადგენლობამ ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირას ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის აქციონერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (98.6%) მხარი დაუჭირა კომპანიის ილონ მასკზე გასხვისების ინიციატივას.
საგულისხმოა, რომ Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც $12 მილიარდით ნაკლებია მასკის მიერ წლის დასაწყისში შეთავაზებულ ფასზე. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Twitter-ის აქციონერები თითქმის 37%-იან მოგებას მიიღებენ.
გასათვალისწინებელია, რომ თავად ილონ მასკს სოციალური ქსელის შეძენა აღარ სურს. მისი განმარტებით, Twitter-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არაავთენტური (ბოტები, ტროლები) მომხმარებლების რაოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რის გამოც ის უარს აცხადებს გარიგებაზე.
ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი აშშ-ის სასამართლოა, რომელსაც შეუძლია Twitter-ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და შეთანხმების პირობების დარღვევისა და ინვესტორებისთვის მიყენებული ზარალის გამო, ილონ მასკს გარიგების დასრულება, ანუ კომპანიის $44 მილიარდად შეძენა დაავალდებულოს.