პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SPRIBE-ი, რომელიც iGaming ინდუსტრიაში ოპერირებს, 2018 წელს დაფუძნდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში კომპანიამ თავისი ფლაგმანი თამაში Aviator-ი გამოუშვა, რამაც SPRIBE-ის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 2023 წელს კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship-ის (UFC) პარტნიორი გახდა. ამჟამად პარტნიორები საქართველოში UFC-ის ღონისძიების გამართვის პერსპექტივას განიხილავენ. SPRIBE-ის დამფუძნებელმა, დავით ნატროშვილმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ამ თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორ დაიწყო SPRIBE-სა და UFC-ს შორის თანამშრომლობა?
SPRIBE-მა და UFC-მ ერთად მუშაობა ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყეს, როდესაც ხელი მოვაწერეთ პირველ მსგავს პარტნიორულ ხელშეკრულებას ჩვენი ფლაგმანი Crash თამაშის, Aviator-ის UFC-ის ღონისძიებების სპონსორობასთან დაკავშირებით.
SPRIBE-ს ეს პარტნიორობა ესახებოდა, როგორც სათამაშო და სპორტული გასართობი ინდუსტრიის შერწყმა და ჩვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდის გზა. გარდა ამისა, თანამშრომლობა საშუალებას აძლევს SPRIBE-ს მიაღწიოს UFC-ის გულშემატკივრებამდე, რომლებსაც საინტერესო გამოცდილების მიღება იზიდავთ.
ეს არის სწორედ ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ უკვე ვთავაზობთ მომხმარებლებს Aviator-ის მეშვეობით, ნომერ პირველი თამაშით iGaming სამყაროში. ამიტომ ჩვენს ორ გლობალურ ბრენდს შორის პარტნიორობა ორივესთვის ძალიან მიმზიდველი იყო.
რას მოიცავს ეს პარტნიორობა და რა როლი აქვს მასში SPRIBE-ს?
ხელშეკრულების პირობებით, Aviator-ის ლოგო ოქტაგონის შიგნით UFC Fight Night-ისა და PPV ღონისძიებებზე ჩანს. ეს ნამდვილად ეხმარება ჩვენს ბრენდს მთელს მსოფლიოში ცნობადობის გაზრდაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ UFC-ის ღონისძიებების სპონსორი, არამედ SPRIBE-ი არის იმ ვნებათაღელვის განუყოფელი ნაწილი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს.
ჩვენი თანამშრომლობა UFC-სთან დინამიკურია და ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ასე რომ, მომავალში უფრო მეტს უნდა ელოდოთ. ჩვენ ვიკვლევთ გზებს UFC-ის, მის გულშემატკივართა ბაზასა და SPRIBE-ის ინდუსტრიის წამყვან პროდუქტებს შორის კავშირის გასაღრმავებლად.
შეგიძლიათ, დაასახელოთ რამდენიმე პროექტი ან ინიციატივა, რომლებიც აქამდე ერთად წარმატებით განახორციელეთ?
გარდა იმისა, რომ Aviator-ის ლოგო UFC-ის მთავარ ღონისძიებებზეა ნაჩვენები, ჩვენ ასევე გვაქვს ბრენდის ამბასადორის ფონდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მარკეტინგული კამპანიები სუპერვარსკვლავ სპორტსმენებთან, როგორებიც არიან UFC-ის ქვემძიმე წონის მოქმედი ჩემპიონი ალექს პერეირა და UFC-ის ზემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.
ჩვენ ასევე წარმატებით ვაკავშირებთ UFC-ის აუდიტორიას Aviator-ის სამყაროსთან, რაც მათთვის დასამახსოვრებელ და მიმზიდველ გამოცდილებას ქმნის. ამ ყველაფერს სოციალური მედიის გამოყენებით, ექსკლუზიური თამაშშიდა კონტენტის შეთავაზებითა და ინტერაქტიური კამპანიების განხორციელებით ვაღწევთ.
მნიშვნელოვანი პუნქტია – როგორც Aviator-ს, ასევე UFC-ს ჰყავს მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებები, რომლებიც ჩართულობითა და ერთგულებით ხასიათდებიან. ამიტომაც იყო ამ ორი სამყაროს შერწყმა ასეთი შესანიშნავი იდეა და მნიშვნელოვანი წარმატება.
მოდით, საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ. თქვენ და დანა უაითს უკვე გქონდათ დისკუსია ამასთან დაკავშირებით? რისი გაზიარება შეგიძლიათ ამ ეტაპზე?
მე და SPRIBE-ის გუნდს ახლახან გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა დანა უაითსა და UFC-ის მენეჯმენტთან ლას-ვეგასში, მათ შტაბ-ბინაში. მოხარულნი ვართ, რომ მათთან ხელი მოვაწერეთ დიდ, ახალ პარტნიორულ ხელშეკრულებას.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარებაზე. შემიძლია დავადასტურო, რომ ეს იდეა, ისევე როგორც ჩვენი ცნობილი თამაში Aviator-ი, „ასაფრენად“ მზად არის.
როგორი იქნება SPRIBE-ის როლი UFC-ის საქართველოში ჩატარებასა და ამ ღონისძიების მხარდაჭერაში?
UFC-ში ამჟამად ორი ქართველი ჩემპიონია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, რის გამოც დანა უაითს შევთავაზე შესაძლებლობა UFC-ის ღონისძიება, ისტორიაში პირველად, საქართველოში ჩატარებულიყო.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება იქნება.
თქვენი აზრით, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს UFC-ის ღონისძიების მასპინძლობამ, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?
ეს მსოფლიო რუკაზე ქვეყნის გამოკვეთას შეუწყობს ხელს.
UFC-ის ამჟამად 750 მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მალე საქართველოსაც გაიცნობენ და ეს აუცილებლად იქცევა ათიათასობით ტურისტად. ცხადია, ეს ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
ღონისძიება ყურადღების ცენტრში მოაქცევს ადგილს, რომელსაც ბევრი არ იცნობს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ყველაფერს, რასაც საქართველო სთავაზობს, მას არასდროს დაივიწყებენ.
UFC-ის აქვს პოტენციალი ქვეყანაში განავითაროს ტურიზმი და გაზარდოს ინვესტიციები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ასე რომ, ეს ერისთვის შეიძლება რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იყოს.
დაბოლოს, ამას ერთჯერადი ხასიათი ექნება თუ არ გამორიცხავთ მომავალში UFC-ის ღონისძიებების საქართველოში კიდევ გამართვას?
SPRIBE-ი არ აკეთებს გათვლას მოკლევადიან პერსპექტივაზე, ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, არ ვფიქრობთ, რომ ერთჯერადი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ ნაბიჯებს ზრდის მიმართულებით და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ისიც კი, რაშიც წარმატებას უკვე მივაღწიეთ.
საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი UFC-ის უფრო მეტ ღონისძიებას უმასპინძლოს და სხვადასხვა ტიპის შეხვედრებიც მოაწყოს. ქვეყანა შეიძლება სპორტის, გართობისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორისთვის მნიშვნელოვან ჰაბად იქცეს.
მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში UFC-ის მომავალი ღონისძიების ნაწილი ვიქნებით, რადგან გვჯერა, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისია.
ერთი რამ ცხადია – მხოლოდ ცა არის ზღვარი იმისა, რისი გაკეთებაც SPRIBE-სა და UFC-ს ერთად შეუძლია.
S