უკრაინის ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა

უკრაინის ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა

ის, რომ უკრაინის წარმატება რუსეთთან ომში, ნაწილობრივ მაინც, საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, სიახლეს არ წარმოადგენს. ომის დაწყების პირველ თვეებში უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო-ს ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია ჰქონოდათ. საბედნიეროდ, ამ თვალსაზრისით, მოვლენები კიევის სასარგებლოდ განვითარდა: კრემლი აშკარად არ ელოდა არც გერმანიის (მისი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის) ასეთ მწვავე უკურეაქციას და არც განმტკიცებულ ტრანსატლანტიკურ კავშირს.

თუმცა დღეს უკრაინისთვის ახალი საგარეო გამოწვევა წარმოიშვა იქ, სადაც ამას კიევი ყველაზე ნაკლებად მოელოდა – აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში. ქვემოთ ამ პრობლემას განვიხილავ და ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, თუ რა ზომებს იღებენ უკრაინის მხარდამჭერები რისკების შესამცირებლად.

იმით დავიწყებ, რომ აშშ-ში აშკარად იკვეთება დომინანტური პარტიების იდეოლოგიური გადაჯგუფების („realignment“-ის) ნიშნები. ასეთი რადიკალური ცვლილებები სტაბილურ, ორპარტიულ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში იშვიათია. ბოლოს მსგავსი იდეოლოგიური გადაჯგუფება 1960-იან წლებში მოხდა, როდესაც დემოკრატიულმა პარტიამ, კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციების ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, სამხრეთის შტატების კონსერვატორი ამომრჩეველი დაკარგა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამოცი წლის განმავლობაში, სამხრეთის შტატების უმრავლესობაში, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია იმარჯვებდა.

ამ იდეოლოგიური გადაჯგუფების ფარგლებში, ბოლო ათწლეულებში, დემოკრატიულ პარტიას საშინაო პოლიტიკაში ლიბერალური და ეკონომიკურად მემარცხენე-ცენტრისტული პოზიციები ეკავა. ამავე დროს, დემოკრატები რესპუბლიკელებზე მეტად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკურ კურსს უჭერდნენ მხარს. აღნიშნული პრაგმატიზმი, როგორც წესი, გულისხმობდა აშშ-ის ინტერესების ვიწროდ ინტერპრეტირებას და „დემოკრატიის გავრცელების“ მორალისტურ პროგრამაზე წინ გეოპოლიტიკის დაყენებას.

ამის საპირისპიროდ, რესპუბლიკური პარტია, რომელიც შიდა პოლიტიკაში კონსერვატორი და ეკონომიკურად მემარჯვენე იყო, საგარეო პოლიტიკაში მისდევდა ე.წ. ნეოკონსერვატიზმს. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის ხანაში, აშშ-ის დომინანტური, ჰეგემონური როლის განმტკიცებას გულისხმობდა. რაც მთავარია, როგორც რეიგანს, ისე ბუშს მიაჩნდათ, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს უნილატერალურად, ანუ ერთპიროვნულად უნდა ემოქმედა იმისთვის, რომ თავისი იდეოლოგია და მმართველობის წესი მთელ მსოფლიოში გაევრცელებინა და დაეცვა.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ რესპუბლიკური პარტია „ქორულ“ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა აშშ-ის ტრადიციული იდეოლოგიური მტრების – თავდაპირველად კომუნისტების, ხოლო შემდეგ კი სხვადასხვა ჯურის ავტორიტარების წინააღმდეგ. ამის საპირისპიროდ, დემოკრატიული პარტია, ერთი მხრივ, აქცენტს აკეთებდა ადამიანის უფლებების დაცვაზე, ხოლო მეორე მხრივ ღიად უჭერდა მხარს პრაგმატიზმსა და „რეალპოლიტიკას“.

დღეს, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპისტების გააქტიურების წყალობით, აქამდე არსებული იდეოლოგიური დაყოფები, მინიმუმ, საგარეო პოლიტიკის სფეროში, თავდაყირა დგება.

სექტემბერში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით (ქვედა) პალატაში, რესპუბლიკური უმრავლესობა დემოკრატებთან (მათ შორის, დემოკრატების მიერ კონსტროლირებულ სენატთან) მომავალი წლის აშშ-ის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ტრამპისტი რესპუბლიკელები დემოკრატებს ეწინააღმდეგებოდნენ, უკრაინის სამხედრო დახმარება იყო. ამავე თვეში აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილების პროექტს, რომელიც უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას არ ითვალისწინებდა, კონგრესის ქვედა პალატის 93-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, კონგრესმა მიიღო დროებითი ბიუჯეტი, აშშ-ის მთავრობის ნოემბრის შუა რიცხვებამდე დასაფინანსებლად. თუმცა ამ კანონში არსად იყო ნახსენები უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ რესპუბლიკელები უკრაინას ბედის ანაბარა არ დატოვებდნენ. მისი თქმით, ქვედა პალატაში რესპუბლიკელების ფრაქციის თავმჯდომარეს, კევინ მაკკარტის სიტყვა უნდა შეესრულებინა და უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტისთვის ცალკე ეყარა კენჭი. თუმცა მაკკარტი დროებითი ბიუჯეტის საკითხზე დემოკრატებთან მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო ტრამპისტმა რესპუბლიკელებმა მალევე გადააყენეს.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის რიგებში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი გავლენიანი სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას მტკიცედ ემხრობიან. მაგალითად, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი ამერიკელებს უკრაინის თავდაცვითი ოპერაციების დაფინანსებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან, მისი აზრით, სხვა შემთხვევაში, რუსეთი და აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ჩინეთი გაძლიერდებიან. მსგავსი პოზიციები აქვთ სხვა გავლენიან რესპუბლიკელებსაც – მაგალითად, აშშ-ის ყოფილ ელჩს გაეროში, ნიკი ჰეილის, ნიუ-ჯერსის ყოფილ გუბერნატორს, კრის კრისტის და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ტრამპისტი რესპუბლიკელების იდეოლოგიური პოზიციები უკვე იმდენად გაძლიერდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მწყობრი საგარეო პოლიტიკური პლატფორმის შენარჩუნება უჭირს. საგარეო პოლიტიკაში ტრამპიზმის მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ აშშ უნდა დაუბრუნდეს მე-19 საუკუნის დროინდელ იზოლაციონიზმს და ნაკლებად დაინტერესდეს გეოგრაფიულად შორს მდებარე ქვეყნებთან კონფლიქტებით. ავღანეთის, ერაყისა და სირიის ომებით გადაღლილი ბევრი ამერიკელისთვის მსგავსი პოზიცია ემოციურად მიმზიდველია. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ უკრაინის საკითხზე რესპუბლიკური პარტია, ელექტორალურ დონეზეც, ორად არის გახლეჩილი.

როგორ უპირისპირდებიან დემოკრატები და ბაიდენი რესპუბლიკელებს შორის გაზრდილ იზოლაციონალისტურ სენტიმენტებს? 20 ოქტომბერს ბაიდენმა, მიმდინარე საერთაშორისო კრიზისების პასუხად, ამერიკულ საზოგადოებას ტელევიზიით მიმართა. თავის გამოსვლაში ის ეცადა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ისრაელ-„ჰამასის“ ომში ისრაელის მხარდაჭერისთვის მიება. ბაიდენმა შესანიშნავად იცის ის, რომ რესპუბლიკელებს შორის ისრაელის ბევრი მტკიცე მხარდამჭერია და თეორიულად შესაძლებელია, რომ ორ კონფლიქტს შორის პარალელის გავლებამ თუნდაც ზოგიერთ ტრამპისტს იზოლაციონისტური პოზიცია შეაცვლევინოს (ან შეარბილებინოს მაინც).

უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენის გამოსვლას მაშინვე მოჰყვა კრიტიკა ტრამპისტების მხრიდან. ამ საკითხზე ყველაზე მკაფიოდ თავისი პოზიცია MSNBC-ის ეთერში, ოჰაიოს სენატორმა, ჯეი დი ვენსმა გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საჭიროა, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების პაკეტებს კონგრესში ცალ-ცალკე ეყაროთ კენჭი, ვინაიდან, მისი აზრით, „ისრაელი უკრაინისგან განსხვავებული შემთხვევაა“. ვენსმა დაიჩივლა, რომ ბაიდენს სურს, არაპოპულარული პოლიტიკა პოპულარული პოლიტიკის პაკეტში გააერთიანოს და ასე შემოგვატყუოსო.

სოციალური ქსელების, პოპულიზმისა და პოლარიზაციის ეპოქაში ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინასთან მიმართებით თავისი პოზიციის გატანა ძალიან გაუჭირდება. თუ რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპისტების პოზიციები გაიმარჯვებს, ეს უკრაინისთვის დიდი საგარეო პოლიტიკური დარტყმა იქნება. აშშ-ის მტკიცე პოზიციის გარეშე, ნატო-ს ერთიანობა დაიღვევა და გართულდება ტრამპისტების მსგავსი პოპულისტების შეკავება ევროკავშირის ქვეყნებში.

2016 წლის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე რუსეთს არალეგალური და არაჯანსაღი გავლენა აქვს, რომელიც ჰაკერული აქტივობებითა და ტროლბოტების მიერ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით გამოიხატება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, უკრაინა აგრესორთან შედარებით ბევრად უფრო არასახარბიელო პოზიციაში იმყოფება. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ალბათ უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაურიგდებიან უკრაინის მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები (როგორც დემოკრატები, ისე ნეოკონსერვატორი რესპუბლიკელები) ტრამპისტებს ისე, რომ უკრაინის ეგზისტენციალური ინტერესები აშშ-ის წამყვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დარჩეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *