ბოლო პერიოდში უმსხვილესი საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, რეიტინგში მათი რიგითობა შეცვალა. ამ დროისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად Microsoft-ისა და Apple-ის რბოლა, ასევე Nvidia-ს აქციების ფასის რეკორდული ზრდა და ჩამონათვალში დაწინაურება იქცევს.
ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა $3-ტრილიონიანი ნიშნული კიდევ ერთხელ გადალახა და საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კომპანიების სიის სათავეში მოექცა. მოცემული დროისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ერთი აქციის ფასი $406-ს მცირედ აჭარბებს. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 57%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მოცემული მდგომარეობით Microsoft-ის მდევრად ქცეულ Apple-ს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.84 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ Apple-ი, Microsoft-ის გარდა, ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ასევე შეძლო $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა.
მოცემული დროისთვის, iPhone-ის შემქმნელის ერთი აქციის ფასი დაახლოებით $184-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Apple-ის აქციების ღირებულება თითქმის 48%-ით გაიზარდა.
უმსხვილეს კომპანიებს შორის ზრდით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia, რომელიც ბოლო პერიოდია, აქციების ღირებულებით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ამაზე გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი და, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის მნიშვნელოვანი მატების მოლოდინი.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდის მიხედვით 2023 წელს საუკეთესო შედეგი სწორედ Nvidia-ს ეკუთვნის. გასული წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 239%-ით გაიზარდა. ჩიპების მწარმოებელი ზრდას მიმდინარე წელსაც განაგრძობს და საბაზრო კაპიტალიზაციის უმსხვილეს კომპანიებს შორის უკან უკვე ჩამოიტოვა Amazon-ი და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი.
მოცემული დროისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.79 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შედეგად, ის ამჟამად მე-4 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. თვის დასაწყისში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Nvidia მე-6 ადგილს სჯერდებოდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება $726-ს აღემატება. ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი გასული ერთი თვის განმავლობაში თითქმის 30%-ით არის გაზრდილი.
ტოპ-10 საჯარო კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:
- Microsoft – $3.02 ტრილიონი
- Apple – $2.84 ტრილიონი
- Saudi Aramco – $2 ტრილიონი
- Nvidia – $1.79 ტრილიონი
- Alphabet (Google) – $1.78 ტრილიონი
- Amazon – $1.76 ტრილიონი
- Meta Platforms – $1.23 ტრილიონი
- Berkshire Hathaway – $873,88 მილიარდი
- Eli Lilly – $719,37 მილიარდი
- TSMC – $669.2 მილიარდი