უსაფრთხო, დაცული და სტაბილური გარემო ინვესტიციების მოზიდვისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური წინაპირობაა. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მატერიალურ დოვლათს არავინ შექმნის იქ, სადაც ამ დოვლათის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიები არ არის.
ინვესტიციების მოზიდვა წარმოუდგენელია ისეთ ქვეყანაში, რომელშიც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მისი ტერიტორიების, მოსახლეობისა და დოვლათის შემქმნელი ინვესტიციების უსაფრთხოებასა და დაცვას; ისეთ ქვეყანაში, სადაც გაურკვეველ სამხედრო დაჯგუფებებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადმოსვლა და კონკრეტული ქონების მიტაცება შეუძლიათ.
საქმე ისაა, რომ ეს პრობლემა აისახება არამარტო ქვეყნის კონკრეტული რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ასეთი ფაქტები მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე მოქმედებს, რადგან გზავნილი არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ნათელია: სახელმწიფო ვერ იცავს თავის ტერიტორიებს და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ასეთ პირობებში საინვესტიციო გარემოს შექმნა წარმოუდგენელია.
თავდაცვა და უსაფრთხოება, კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს ერთ- ერთი უპირველესი ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიების, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების დაცვა და უსაფრთხოება. ქვეყანაში ყველამ თავი უნდა იგრძნოს დაცულად. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ან ვერ ასრულებს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მთავარია არა ის, თუ რა არის რეალობა, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ამ რეალობას ადამიანი და ინვესტორი.
სადღეისოდ არა გვგონია, ინვესტორები საქართველოში უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდნენ თავს. თეორიულად ქვეყანა შეიძლება მართლა იყოს დაცული, თუმცა აუცილებელია, რომ ინვესტორები ამ დაცულობას აღიქვამდნენ და გრძნობდნენ. საერთაშორისო და დიპლომატიური დამკვირვებლები და მათი აღშფოთებები რეალურად ვერც დაცულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ვერც დაცულობის აღქმასა და შეგრძნებას. თუ ინვესტორი ხედავს, რომ ნებისმიერ ათ პროვოკატორს შეუძლია, საოკუპაციო ხაზი ნებისმიერ დროს წინააღმდეგობის გარეშე გადმოსწიოს – ეს, ინვესტორის გადმოსახედიდან, ფუნდამენტური პრობლემაა.
ნატოს წევრობა
ხშირად და აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს ნატოში – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში – გაწევრიანების შესახებ. თითქმის ოცდაათი წელია, ნატოს გავიძახით, ამავე დროს ფაქტობრივად უწყვეტად მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, დამატებითი ტერიოტორების ანექსია ჩვენი მხრიდან ყოველგვარი შემაკავებელი ქმედების გარეშე. მიდგომა ამ თვალსაზრისით არასწორია. პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისათვის ურთიერთთანამშრომლობის ერთადერთი ალტერნატივა.
მაგალითისათვის, 1951 წელს აშშ- სა და ფილიპინებს შორის გაფორმდა ბილატერალური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მესამე მხარის მიერ ხელშეკრულების ერთ- ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს თავდასხმას ხელშეკრულების მეორე მხარეზე და ორივე მხარე ვალდებულია, შეიარაღებულ თავდასხმას უპასუხოს როგორც საერთო საფრთხეს.
ანალოგიური ხელშეკრულებები არსებობს შემდეგ სახელმწიფოებს შორის: 1951 წელი – აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია; 1960 წელი – აშშ და იაპონია; 1953 წელი – აშშ და სამხრეთი კორეა და მრავალი სხვა. ასე რომ, ნატო არ არის უსაფრთხოების გაძლიერების ერთადერთი გზა. გარდა ამისა, მსგავსი ბილატერალური ხელშეკრულებების მიღწევა აშშ- სთან, ვფიქრობთ, უფრო რეალური და ეფექტიანი გზაა, ვიდრე ნატოს წევრობის გრძელვადიანი პერსპექტივა. უმთავრესი არის შემდეგი: პოლიტიკა, რომ ვიღაც დაგვიცავს, არაფრის მომტანია, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის შეუმდგარი სახელმწიფოს ნიშანი, რომელსაც ისე მოეპყრობიან, როგორც მოესურვებათ.
თუ, ჩვენ არა გვყავს საკუთარი ძალები ელემენტარული საფრთხეების შეჩერებისა და პრევენციისათვის დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე, ნატოსათვის ჩვენ საინტერესო არ ვიქნებით. უმთავრესია, პირველ რიგში ვიყოთ ჩვენი თავის იმედად და გავხდეთ ისეთი სახელმწიფო, რომლის თითოეული მოქალაქე და ინვესტორი თავს სახელმწიფოს მხრიდან დაცულად იგრძნობს. ამ ამოცანის დელეგირებას სახელმწიფო ვერ მოახერხებს და არ უნდა ეცადოს. ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ეს ილუზიაა.
ჩვენი დღევანდელი ჯარი და ზოგადად თავდაცვის სისტემა ნატოსათვის უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე სარგებელი. ჩვენ ამ თვალსაზრისით არანაირად არა ვართ ამ ორგანიზაციისათვის მიმზიდველი. ამ ჯარითა და თავდაცვის სისტემით შეგვიძლია ვიძახოთ, რომ გვინდა ნატოს წევრობა, თუმცა ეს არაფრის მომცემი არ არის. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი – შევქმნათ ჩვენივე უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ჯარი – კომპაქტური, ეფექტიანი, აღჭურვილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით ნატოსთვის საინტერესო. თუმცა უმთავრესია გვესმოდეს, რომ ეფექტიანი ჯარი კონცეპტუალურად და პირველ რიგში გვჭირდება ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისათვის და შემდეგ – ნატოსთვის. ნატოში შესვლა არ უნდა იყოს საკუთარი ჯარის შექმნის ალტერნატივა.
დღევანდელი თავდაცვა და ჯარი
სავალდებულო გაწვევის დღევანდელი სისტემის მიხედვით, ჯარში გაწვევა ყოველწლიურად 6000-7000 ადამიანს ეხება. სავალდებულო სამსახურის ვადა არის ერთი წელი. წვევამდელების გაწვევას სამი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს: თავდაცვის სამინისტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური (ყოფილი პრობაციის სამინისტრო). ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ჯარში სავალდებულო გაწვევა 2015 წელს 6400 ადამიანს შეეხო. მათგან სამხედრო სამსახური გაირა მხოლოდ 1600 ადამიანმა ანუ გაწვეულთა 25%-მა (!).
დანარჩენი 75% ასრულებდა დაცვის ფუნქციებს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში სავალდებულო წესით გაწვეულთა 75%-ს რეალურად არანაირი შეხება არა აქვთ სამხედრო მომზადებასთან – არც თეორიული, არც ფიზიკური და არც ინტელექტუალური – და მთელი მათი სამსახური კონკრეტული შენობებისა და საპატიმროების გუშაგობით შემოიფარგლება. ცალკე საკითხია სავალდებულო წესით გაწვეულთა ანაზღაურება: მათ ხელფასი ან საერთოდ არა აქვთ, ან ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურებას 75 ლარის ოდენობით.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, რასაკვირველია, გასაგები ხდება, რატომ არის დღევანდელი სამხედრო სამსახური არამიმზიდველი და რატომ ცდილობენ ადამიანები, იპოვონ სამხედრო სამსახურისაგან თავის დაღწევის გზები. ასეთი გზა კი მრავალია: ოფიციალური გადასახადი 2000 ლარის ოდენობით ერთი წლით გაწვევის გადასადებად, მღვდლად კურთხევა, კორუფცია კომისარიატებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ჯარში სამსახურისათვის უვარგისად ცნობის მისაღებად, უნივერსიტეტებში სწავლა ერთიმეორის მიყოლებით და რამდენიმე მაგისტრატურის გავლა 27 წლის ასაკის მისაღწევად, და ფიზიკური თვითდაზიანებებიც, რომლებსაც წვევამდელები მიმართავენ, რომ ჯარში სამსახურისათვის უვარგისად იყვნენ ცნობილნი. თუ ვინ მიდის ჯარში და ვის ეხება სავალდებულო სამხედრო გაწვევა, ვფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია.
ესენი არიან ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, ყოველწლიურად 2000 ლარი გადაიხადონ გადავადებისათვის, არა აქვთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალება და არ გააჩნიათ საჭირო „კონტაქტები“ ჯარში სამსახურისათვის უვარგისად ცნობისათვის – ანუ სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაუცველი ახალგაზრდა მამაკაცები.
ეს ფაქტები ცხადად მეტყველებს, რომ:
- დღევანდელი ქართული ჯარის მაქსიმუმ 25%, კარგ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც არის მომზადებული ბრძოლისა და საომარი მოქმედებებისთვის – იმისათვის, რისთვისაც არსებობს ჯარი და რაც არის ჯარისკაცის დანიშნულება;
- სამხედრო სამსახური საქართველოში არათუ არ არის მიმზიდველი და პრესტიჟული, არამედ ის სრულიად სამართლიანად აღიქმება მოსახლეობის ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ნაწილის გაუმართლებელ და დაუშვებელ ექსპლუატაციად, რომელიც პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის ლოზუნგით არის შენიღბული. ახალგაზრდა ადამიანი ერთი წელი იძულებით ამუშაო დარაჯად, მას არ ასწავლო, არ გაწვრთნა, არ მოამზადო და საომარი მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში დააკისრო გაწვრთნილი და მომზადებული მებრძოლის მოვალეობები – ყველაფერთან ერთად დიდი ამორალურობაა. სწორი კონცეფცია და ჯარი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მკაფიოდ განსაზღვრული კონცეფცია არა აქვს. კონცეფციის შესამუშავებლად პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რისკები – რა რისკფაქტორები არსებობს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, საიდან მოდის ეს რისკფაქტორები, რა არის რისკის მატარებელი ძალებისა თუ ქვეყნების ინტერესი. რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას თავდაცვის ეფექტიანი კონცეფცია არ გააჩნია.
პირველი: ყოველწლიურად 4000- ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცისათვის დარაჯად მუშაობის იძულება და მათთვის სამხედრო სამსახურის გავლილის სტატუსის მინიჭება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვერც ერთ კონცეფციაში ვერ ეწერება.
მეორე: რუსეთის ჯარი დგას გორიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ამავე დროს ვყიდულობთ რაკეტებს, რომლებიც სამასი კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ისმის კითხვა, რამდენად აქტუალური და რელევანტურია ასეთი ტექნიკა? რას ვიცავთ სამასი კილომეტრის რადიუსში, როდესაც აქვე, რამდენიმე კილომეტრში თავხედური დევნისაგან ვერ ვიცავთ საკუთარ მოსახლეობას? პრევენციას ვუკეთებთ იმ საფრთხეებს, რომლებიც აბსოლუტურად არარელევანტურია, ხოლო არსებული და რეალური რისკების რეალიზებისას არც ვმოქმედებთ და, როგორც ჩანს, არც მოქმედების გეგმა გვაქვს.
სწორედ არსებული რისკებიდან გამომდინარე უნდა ჩამოყალიბდეს ხედვა, სტრატეგია და ტაქტიკა იმისათვის, რომ ნათლად ვიცოდეთ, რას ვიცავთ, როგორ ვიცავთ და რა არის ამ თავდაცვისათვის გასაკეთებელი. ამ საკითხებზე ნათელი და მკაფიო პასუხები უზრუნველყოფს იმ ქვაკუთხედს, რომელზეც უნდა აიგოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი კონცეფცია და პოლიტიკა. გრძელვადიანი ხედვისა და კონცეფციის მიხედვით, ქვეყანა და სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ჯარი, რომელიც არსებული რისკებიდან გამომდინარე შეძლებს სახელმწიფოში თავდაცვისა და უსაფრთხოების თუნდაც მინიმალური გარანტიების შექმნას (რომლებიც ამჟამად საერთოდ არა გვაქვს).
თუ ჩვენ გვინდა, გვყავდეს ჯარი, მაშინ მიზანი უნდა იყოს ბრძოლისუნარიანი, საომარი სიტუაციებისათვის კარგად მომზადებული, გაწვრთნილი, აღჭურვილი, მოტივირებული და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ჯარი. ეს იქნება სავარაუდოდ მცირე, მაგრამ ეფექტიანი ჯარი. მხოლოდ ასეთი ჯარით შევძლებთ პოტენციური აგრესიის პრევენციასა და რეალურ აგრესიაზე პასუხის გაცემას. ამ მცირე ჯარს უნდა ჰქონდეს უნარი, ნებისმიერ აგრესორს მიაყენოს ზიანი. თუ ჯარს ამის უნარი არა აქვს, ასეთი ჯარის არსებობას აზრი ეკარგება. სწორედ ასეთი ჯარი უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს, ისეთ გარემოს, სადაც დაცულია ტერიტორია, ქონება, ინვესტიცია და ამ ინვესტიციებით მიღებული დოვლათი.
ჩვენ რომ გვყავდეს ეფექტიანი და ტაქტიკურად სწორად მომზადებული ჯარი, ოკუპაციური და სეპარატისტული რეჟიმების საჯარისო დანაყოფებისათვის აღარ იქნებოდა მიზანშეწონილი იმის გაბედვა, რასაც ახლა პერიოდულად ბედავენ საოკუპაციო ხაზებთან. მათ მიერ პროვოკაციებზე წასვლას უნდა ჰქონდეს თავისი ფასი – საზღაური, რომელიც ჩვენმა ეფექტიანმა და სპეციალურად ასეთი სიტუაციებისათვის მომზადებულმა საჯარისო დანაყოფებმა უნდა დააწესონ. ისმის კითხვა, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ასეთი ჯარის შექმნა. ეს, რასაკვირველია, შესაძლებელია. ამისათვის რამდენიმე რეფორმაა გასატარებელი.
ქვეყნის სათავეში მოსვლამდე თითქმის ყველა ხელისუფლება გეგმავდა პროფესიონალურ, საკონტრაქტო ჯარზე გადასვლას და სავალდებულო გაწვევის გაუქმებას. ყველა აცხადებდა, მოჰყავდათ მყარი და დამაჯერებელი არგუმენტები, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ თუ მთავრობამ ეს უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი რეფორმა ვერ განახორციელა. არგუმენტი, თუ რატომ არ აკეთებენ ამას ხელისუფლებები, ძირითადად არის ორგვარი: პირველი, ხშირად მოჰყავთ ისრაელის მაგალითი, სადაც სამხედრო სამსახური ყველა მამაკაცის ვალდებულებაა (და არ მოჰყავთ იმ უამრავი წარმატებული ქვეყნის მაგალითი, სადაც არის საკონტრაქტო ჯარი).
ისრაელის არგუმენტად მოყვანის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ, განსხვავებით საქართველოსაგან, სადაც ჯარისკაცთა 75% სამხედრო სამსახურს ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე თავდაცვის სამინისტროს მიღმა მხოლოდ დარაჯად მუშაობაში ატარებს, ისრაელში ყველა ჯარისკაცი უმაღლესი დონის ფიზიკურ, ინფორმაციულ და ტექნიკურ მომზადებას გადის. მეორე არგუმენტი, თუ რატომ არ გადავდივართ საკონტრაქტო ჯარზე არის ის, რომ საკონტრაქტო ჯარი ეკონომიკურად უფრო მძიმე ტვირთია სახელმწიფოსათვის, ვიდრე სავალდებულო ჯარი. პასუხი უნდა გავცეთ ამ მეორე – ეკონომიკური ხასიათის არგუმენტს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის უცვლელად გვყავს თითქმის 40,000 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი არის 870 მილიონი ლარი, რაც შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის 7%-ზე ნაკლებს და მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს (ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ნატოს სტანდარტების მიხედვით არის განსაზღვრული). საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში არსებული რეალური რისკებისა და ჯარში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ თავდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი ძალიან მცირეა. ერთი მხრივ, უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა ოდენობის ჯარი გვჭირდება და, მეორე მხრივ, უნდა მოხდეს არსებული ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა. მთავრობამ უნდა გაბედოს და შეწყვიტოს ყველა იმ საქმიანობის საბიუჯეტო დაფინანსება, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ სახელმწიფოს ფუნდამენტურ ფუნქციებთან (მაგალითისათვის: პროფესიული სპორტი და კულტურის დარგები, ყოველგვარი სუბსიდიები, ბიუჯეტის ისეთი პარაზიტული პროგრამები, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში“ “დანერგე მომავალი“ და ა.შ.). გამოთავისუფლებული თანხებით შესაძლებელი იქნება არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის გარეშე თავდაცვის ბიუჯეტის, მინიმუმ, გაორმაგება, რაც, ვფიქრობთ, აბსოლუტურად მიზანშეწონილია უსაფრთხოების გააზრებული კონცეფციის არსებობის პარალელურად.
ეკონომიკური და სტატუსის თვალსაზრისით სამხედრო სამსახური ქვეყანაში უნდა გახდეს ერთ- ერთი ყველაზე მიმზიდველი და კადრების მოზიდვის კუთხით ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი კერძო სექტორთან მიმართებით. დღეს საქართველოში ბევრი ახალგაზრდის სურვილია, იმუშაოს საფინანსო სექტორში (ეს კარგია თუ ცუდი – ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია). ამის მიზეზები მარტივია: ფინანსურ სექტორში მუშაობა ითვლება სტაბილურად, შედარებით მაღალანაზღაურებულად და პრესტიჟულად. მიზანი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი პროფესიონალური ჯარი, რომელიც როგორც დამსაქმებელი – სტატუსით, ანაზღაურებითა და კადრების კვალიფიკაციის თვალსაზრისით – კონკურენციას გაუწევს ყველაზე კონკურენტუნარიან კერძო სექტორს.
ასეთ ჯარში მოხვედრა და კონტრაქტის მიღება არცთუ ისე მარტივი იქნება. იქ ახალგაზრდები გაივლიან უმაღლესი დონის ფიზიკურ წვრთნას და მიიღებენ პროფესიულ, ტექნიკურ და საბრძოლო განათლებას, პროფესიონალი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ უმაღლესი დონის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, საშუალო ანაზღაურება იქნება უფრო მაღალი, ვიდრე დღევანდელ ყველაზე მაღალანაზღაურებულ კერძო სექტორში.
საქართველოს აქვს ყველანაირი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში, სულ რამდენიმე წელიწადში, შექმნას ასეთი სტატუსისა და მიმზიდველობის პროფესიონალური ჯარი. საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომლებიც, როგორც წესი, დღის ბოლოს ტარდება ხოლმე, ძალიან ცოტა ჯარისკაცი არის წარმოდგენილი. ნაცვლად ჯარისკაცებისა, ასეთ საზეიმო შეხვედრებზე მრავლად არიან ე.წ. კულტურის მუშაკები, სასულიერო პირები და, ცხადია, პოლიტიკური ელიტა. ეს თითქოს მცირე დეტალია, თუმცა კარგად ასახავს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯარისკაცთა მნიშვნელობის გააზრებასა და დაფასებას.
უსაფრთხოების სამეზობლო პოლიტიკა
ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ჯარის შექმნა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა საქართველოსათვის ძვირად ღირებული ამოცანაა. თანამშრომლობა და სინერგია მეზობელ მეგობრულ სახელმწიფოსთან შესაძლებელი და მიზანშეწონილია. საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით მჭიდროდ და ურთიერთსასარგებლოდ არის დაკავშირებული აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან.
უსაფრთხოება და სტაბილური გარემო ამ სამივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. საჭიროა შედგეს და ამ სახელმწიფოებთან ხელი მოეწეროს ურთიერთდახმარების პაქტს. ასეთი კავშირები შეიძლება დამყარდეს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და თურქეთთან. ჩვენი პრობლემა არის სომხეთში განთავსებული რუსული ჯარი.
ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთმა უნდა აიღოს ვალდებულება, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში არ დაუშვას ამ რუსული ჯარის ჩართვა კონფლიქტში. ცხადია, გადასაჭრელია პრობლემა, რომელსაც წარმოშობს რუსეთი. მისცემს რუსეთი ამის უფლებას სომხეთს? უმთავრესია, რომ კონცეპტუალურად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში არ უნდა ვიყოთ მარტო; ეს უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
დასკვნა:
უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის გარეშე არც ერთი ინვესტიცია საქართველოში არ არის დაცული. უსაფრთხოება თუ არ არის უზუნველყოფილი, ვერც ეკონომიკაზე ვისაუბრებთ და ვერც სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. უსაფრთხოება განსაზღვრავს სტაბილურობას, რომელიც უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.