რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA, ცენტრალური ბანკის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანაში ბიზნესების გაყიდვის შემდეგ იქიდან დაახლოებით 36 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს.
რუსეთში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი მის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, გრძელდება. გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ქვეყნიდან გავიდნენ ან მის ტერიტორიაზე საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირეს.
გასულ კვირას რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე ქვეყანაში ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით დაახლოებით 200 გარიგება გაფორმდა. მისივე ინფორმაციით, აქედან მხოლოდ 20% მოიცავდა დიდ აქტივებს, მათ შორის 100 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების.
შეგახსენებთ, კრემლი უკრაინაში თავის ქმედებებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. თუმცა მსოფლიოს უმეტესი ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს, რაზეც რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ქვეყანაში ბიზნესების გაყიდვა ნათლად მეტყველებს.