ვაქცინირებულმა დედამ Covid-19-ის ანტისხეულების მქონე ახალშობილი გააჩინა

ვაქცინირებულმა დედამ Covid-19-ის ანტისხეულების მქონე ახალშობილი გააჩინა

მსოფლიოში  პირველად დადასტურდა  შემთხვევა, როდესაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი დედის ახალშობილს ვირუსის ანტისხეულები აქვს. ფლორიდელი ქალი ჯანდაცვის მუშაკია, მისი Moderna-თი ვაქცინაცია  ფეხმძიმობის 36-ე კვირას მოხდა, სამი კვირის შემდეგ კი გააჩინა ჯანმრთელი გოგონა, რომლის ჭიპლარის სისხლშიც ვირუსის ანტისხეულების არსებობა დადასტურდა. ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ნაყოფი დედისგან მიიღებს ანტისხეულებს, რათა უზრუნველყოფილ იყოს ახალშობილის იმგვარი დაცვა, როგორც ეს ფიქსირდება ფეხმძიმობისას დედების გრიპისა  და DTaP-ის (დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა)  საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს. ცნობისთვის, ახალშობილების ვაქცინაცია 6 თვემდე რეკომენდებული არ არის, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, შესაბამისი ანტისხეულები ნაყოფმა დედისგან მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო სამი სხვადასხვა ვაქცინის ტესტირების საწყის ეტაპზე არც ერთი მათგანი არ იყო გამიზნული ფეხმძიმე ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების აცრისთვის, ლიმიტირებული მონაცემები ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის დამაიმედებელია. Pfizer/BioNTech ვაქცინის გამოცდის ეტაპზე 20 ცდისპირი დაფეხმძიმდა. მათგან არც ერთს არ ჰქონია პერინატალური გართულებები, ამასთან, არც ერთი ფეხმძიმობა არ შეწყვეტილა ნაყოფის დაღუპვის გამო.

ადრინდელმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ახალშობილებში, რომელთაც ვაქცინირებული დედა კვებავს რძით, ფიქსირდება Covid-19-ის ანტისხეულები, ისევე როგორც იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც ფეხმძიმობისას დაინფიცირდნენ ვირუსით. ამასთან, ჩვილებს, რომელთა დედებსაც კორონავირუსის ინფექცია მწვავე ფორმით ჰქონდათ, დიდი რაოდენობით ანტისხეული ჰქონდათ გამომუშავებული.

მიუხედავად დამაიმედებელი მონაცემებისა, ფეხმძიმე და მეძუძური დედების Covid-19-ის საწინააღმდეგოდ აცრა ჯერ კიდევ საკამათო საკითხია. ამის ძირითადი მიზეზი კი დაკავშირებულია ვაქცინების ტესტირებასთან – როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა გამოცდილი კონკრეტულად ამ პოპულაციაზე. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ CDC და WHO ღიად მიუთითებენ ფეხმძიმე ქალების ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრის აუცილებლობაზე, ვინაიდან ფეხმძიმე ქალები, რომელთაც კორონავირუსის ინფექცია მწვავე ფორმებით აქვთ, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან, დაკარგონ ნაყოფი ან საკუთარი სიცოცხლე.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ტესტირება 4,000 ფეხმძიმე ქალზე, რომელთაც ორსულობის 6-დან 8 თვემდე პერიოდი აქვთ. მიმდინარე კვირაში Moderna-მ დაიწყო ვაქცინის გამოცდა  6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში – აღნიშნულ კვლევაში 6,000 ბავშვია ჩართული და მისი მიზანია, დაადგინოს ჩვილებისა და მოზარდებისთვის ვაქცინის საჭირო დოზირება, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რამდენად საკმარისია ამ ფორმით ახალშობილის ორგანიზმში ჩამოყალიბებული ანტისხეულები და რამდენად დაიცავს მათ ეს მოცემულობა Covid-19-ის მწვავე ფორმებისგან. სავარაუდოა, რომ ახალშობილებსა და ბავშვებსაც დასჭირდეთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება გრიპის ან DTaP-ის შემთხვევაში. მანამდე კი ვიმედოვნებთ, რომ დედისგან მიღებული ანტისხეულები ჩვილებს რაღაც დოზით მაინც დაიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *