ტფილისური ქორწინების ფინანსური მხარე

ტფილისური ქორწინების ფინანსური მხარე

შორიდან დავიწყოთ… „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული გამოცემის ტირაჟზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძისთვის რომ უთქვამთ, წიგნი ამ რაოდენობით არ გაიყიდებაო, ილია გაჭირვეულებულა:

– თქვენ არა გრწამთ ეს წიგნი. ძველად მზითევში ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ და ეხლაც ისე იქნება, თუ კარგად გამოვეცითო.

– ძველად რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ეხლა-კი არც ერთი სიძე არ დასჯერდება ამისთანა მზითევსაო, უთქვამს დათიკო ერისთავს.

ტირაჟზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუკი ძველი თბილისის ცხოვრებას ამ ჭრილში განვიხილავთ, დავრწმუნდებით რომ „ამისთანა მზითევს“ მართლაც აღარავინ დასჯერდებოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალისა და ვაჟის ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს არა რომანტიკული, არამედ მატერიალური მხარე ასრულებდა.

საქორწინო ეტლი ანჩისხატთან / უცნობი წყარო

ქალის გამზითვება ძველი მოვლენაა. მზითვი ქალის წილი იყო მშობლიური ოჯახიდან, რაც უშუალოდ მის საკუთრებად მიიჩნეოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ ჩვეულების შინაარსი უარესობისკენ შეიცვალა. როგორც იოსებ გრიშაშვილი აღნიშნავს, „საცოლე ვაჟი ქალის სულიერსა და გარეგნულ სილამაზეს აღარაფრად აფასებდა და მხოლოდ მზითევს მოითხოვდა. ჩვენი ქალების ბედნიერება მაშინ იყო, როცა თავის საქმროს ძვირფას მზითევს და „ჯიბის ფულს“ წაუღებდნენ. ნიკო ნიკოლაძე ასეთი სიტყვებით მიმართავდა საცოლე ვაჟებს: „ცოლის შერთვის დროს უფრო ხასიათსა და ზნეს მიჰხედეთ, ვიდრე მზითევსო“.

მეტი თვალსაჩინოებისთვის მკითხველს შეუძლია გაიხსენოს მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“ და მზითვის გრძელი სია, რომლითაც მაჭანკალი – ხანუმა გაკოტრების პირას მისულ თავად ლევანს მისთვის შეუსაბამო სოციალური სტატუსის, ვაჭარ მაკარ კოტრიაშვილის მდიდარ, ლამაზ და განათლებულ ქალს „მოაწონებს“.

ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ განაპირობებდა იმას, რომ სოციალური სტატუსის მიუხედავად, კარგი მზითვის პატრონს სხვადასხვა წოდებისა თუ შეძლების აუარება მთხოვნელი „უმიზნებდა“, უმზითვო ქალი კი ლამის „დაღუპულად“ მიიჩნეოდა, რადგან მზითვის გარეშე ან არავინ ითხოვდა, ან ახალგაზრდა გოგონას უმზითვოდ ცოლად შერთვას ასაკით, თუ სხვა კუთხით შეუსაბამო მამაკაცი დასთანხმდებოდა. ასეთი შემთხვევები, არცთუ იშვიათად, ტრაგიკულადაც სრულდებოდა.

ტრაგიკულად დასრულებულა ტფილისის მოქალაქის, დურგალ მიხეილ აზოევისა და მისი მეუღლის – ნინოს ქორწინება 1886 წელს. ჯვრისწერის მეორე დღეს ნინოს ცხედარი მტკვარში უპოვნიათ. მაშინ ქალაქში ხმა გავარდნილა, თავის დახრჩობა სიყვარულს გამოუწვევია, რადგან ნინო აზოევისას გათხოვებამდე სხვა ჰყვარებია და მშობლებს კი ძალდატანებით აზოევისთვის მიუთხოვებიათო.

ზემოაღნიშნული ტიპის ქორწინებას უნდა მიეკუთვნებოდეს 1889 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც თითქმის 70 წლის ვაჭრისთვის 16 წლის გოგონა მიუთხოვებიათ…

„კუპიდონს ისე მოუჯადოვებია ვაჭარი და აღგზნებულს სიყვარულს იქამდე მიუყვანია საქმე, რომ ჯვარის წერაც ჩაუდვია გულში. რასაკვირველია, ბევრმა გაიგო ეს ამბავი და მოუთმენლად ელოდნენ ეკლესიაში მეფე-დედოფლის ნახვას. გაიგეს, რომ ჯვარის-წერა დანიშნულია ნორაშენის ეკლესიაშიო, სადაც ღამის ათ საათზე აანთეს ჭაღები. ერთს წამს ეკლესია აივსო ხალხით. დაიწყო ლოდინი, იცადა შუაღამემდე და ვინ იცის, კიდევ რამდენს ხანს დაიცდიდნენ, რომ ვიღაც კაცს არ მოეტანა ამბავი: ჯვარის-წერა კიდეც გათავდა ავლაბრის ეკლესიაშიო. ოსტატმა ვაჭარმა ალბად იფიქრა, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარევსაო“, და მოშორებით ამოირჩია ეკლესია ჯვარის დასაწერად“.

თავად განსაჯეთ, რამდენად ჰგავს ეს შემთხვევა სიყვარულით შექმნილ ოჯახს, ან თუკი შესაძლო მერკანტილურ ინტერესებს არ გავითვალისწინებთ, რომელი შეძლებული, ქალიშვილის გამზითვების შემძლე ოჯახი გაათხოვებდა ახალგაზრდა გოგონას ასაკით ლამის ხუთჯერ უფროს მამაკაცზე?!

უსიყვარულოდ გათხოვების შედეგად დატრიალებული ტრაგედიებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია 1897 წლის 3 მარტს მომხდარა – მიხეილის საავადმყოფოში მიუყვანიათ ნოქარ ჯახტაბაძის 20 წლის მეუღლე და 15 წლის და, რომელთაც თვითმკვლელობის მიზნით თავი მოუწამლავთ. როგორც მაშინდელ პრესას გაურკვევია, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წლით ადრე მისი სურვილის წინააღმდეგ მიუთხოვებიათ ჯახტაბაძისათვის, რის გამოც, ჯახტაბაძის ახალგაზრდა ცოლს ამ შემთხვევამდეც რამდენჯერმე უცდია თვითმკვლელობა. ამასობაში, ჯახტაბაძის დას ისე შეჰყვარებია რძალი, საწამლავი მასთან ერთად დაულევია.

ამ რამდენიმე ისტორიით მკითხველისთვის ალბათ ბევრი რამაა გასაგები…

„თბილისი. ქართული ქორწილი“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

უშუალოდ მზითვის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ცალკე მოვლენა, პრაქტიკულად თეატრალური სანახაობა იყო „მზითვის ჩვენება“ როგორც რიტუალი, რომელიც, ლიტერატურულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, როგორც წესი, ქორწილის წინა დღეს იმართებოდა და მზითვი საჯაროდ, „მეზობლების თვალის დასანახად“, სიძის ოჯახში იგზავნებოდა. ამ რიტუალის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ყველას დაენახა, თუ რა შეძლების რძალი შედიოდა ოჯახში.

ბუნებრივია, სხვების დასანახად, დღის სინათლეზე გამოტანილი მზითვი თვალისმომჭრელი და მდიდრული უნდა ყოფილიყო, პირველი სწორედ ამგვარი ნივთები შედიოდა ნეფის ოჯახში, შედარებით წვრილი, საოჯახო საგნები კი სკივრებით იგზავნებოდა. „მზითვის სიები“ დროისა და ეპოქის, პატარძლის ოჯახის შეძლების მიხედვით იცვლებოდა.

აი ამგვარი სიის ერთ-ერთი მაგალითი:

„სახელითა მამისათა და სულისა წმინდისათა, ამინ! ვაძლევ ჩემს ნანინანატრ ქალს ყველაფერს, რაც სულს იქით მაბადია: ერთი მორთული პატარძალი, ერთი აბანოზის შიფანერკა, ოთხი ბალიში თავის საურებით, კარაკოშკას ოთხი ფარდა, ერთი პურის კიდობანი, ორი შამფური თორნიდან პურის ამოსაყრელად, ერთი ვარცლი თავის ასტამით, ერთი დუჟინი შიმშატის კოვზი – კაი ფაბრიკისა, მდივანოვის ქართული კალენდარი, აბანოს ფეხის აგური, ერთი აბანოს აზღუდი, თექვსმეტი კარი ყარამნიანი, ერთი წყვილი ხაფანგი, ზინგერის საკერავი მაშინა, თორმეტი კოჭი ნიტკის ძაფი“ და ა.შ.

გარკვეული ვალდებულება უნდა ჰქონოდათ ნეფის ოჯახსა და ნათესავებსაც. ქორწილში მიღებული ადათის თანახმად, მაყრები ვალდებულნი იყვნენ, რომ პატარძლისთვის ძვირფასი ნივთები ან ფულადი საჩუქარი მიეტანათ. ამას „პირის სანახავი“ ეწოდებოდა.

დროთა განმავლობაში, მომავალი სასიძოების მხრიდან ქალის მზითვისადმი ინტერესი, ძირითადად, მხოლოდ ფულით განისაზღვრებოდა. მაგალითად კი, 1887 წელს თბილისში მომხდარი ეს „ახირებული“ ამბავი გამოდგება:

„ერთმა ახალგაზრდა კაცმა გაიცნო თურმე გასათხოვარი ქალი შეძლებულის დედ-მამისა. გაიცნო, მოეწონა და დაუწყო ტრფიალი. ბოლოს ყმაწვილმა კაცმა შეიტყო, რომ ქალს ხუთასი თუმანი ნაღდი ფული აქვს მზითვადაო და ეს უფრო მოეწონა, რასაკვირველია.

შეყვარებულებმა გადასწყვიტეს, ჯვარი დავიწეროთ საყველივროთაო. დედ-მამას შეატყობინეს და იმათგანაც ლოცვა-კურთხევა მიიღეს. აი მოახლოვდა ყველიერიცა და სამეფო არაფერ ბაიბურში არ არის. აი დადგა შურის კვირა, შემდეგ ვნებისა და სამეფო ყურსაც არ იბერტყავს. ქალმა დაუნიშნა ადგილი, ამა-და-ამ ალაგას მოვილაპარაკოთო. შეხვდნენ ერთმანეთს.

– აბა რამდენს მაძლევს მამაშენი მზითვად? ჰკითხავს მიჯნურობისაგან ხელ-ქმნილი ტარიელი.

– განა არ გითხარი, რომ 5, 000 მანათზე მეტს არ იძლევა – მეთქი, უპასუხა ნესტან-დარეჯანმა.

– მომცემს 10, 000 მანათს დავიწერ ჯვარსა, არა და არ მინდიხარ.

ნესტან-დარეჯანმა მეტი ვეღარ მოითმინა და თქვენი მოწონებული-კი სტკიცა.

გონზედ-მოსულმა ყმაწვილმა კაცმა პასუხი არ აგო [რა სათნოება და უანგარობაა!], სწვდა გულში და წაჰგლიჯა ოქროს გულ-საბნევი, რომელიც იმის წინაზედ ეყიდნა და საჩუქრად მიეცა თავის საცოლოსათვის.

შექნა ყვირილი ქალმა, მოვარდა პოლიციელი და კაცი დაიჭირეს, მაგრამ ისევ მალე გაანთავისუფლეს.

ამბობენ, რომ დღევანდელი ტარიელ და ნესტან-დარეჯანი უკვე შერიგებულან და ჯვარის-წერას აპირობენ, რადგან სამეფო 5, 000 მანათს დასჯერებიაო“.

სხვათა შორის, გასათხოვარი გოგონასთვის მზითვის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ თბილისური ამქრის წევრები საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდნენ ამქრის გარდაცვლილი წევრის ოჯახს დახმარებოდნენ და სხვა დანარჩენთან ერთად, ამქრის დახლიდან ქვრივისთვის ქალიშვილის გასამზითვებელი თანხა გამოეყოთ – „ამ ფულით დედა თავის ასულს ადათით დაწესებულ მზითევს უკერავდა“.

„ქეთო და კოტე“, აფიშა / Internet Movie Database, IMDB

ასევე, არცთუ იშვიათად, თბილისის მდიდარი, ქველმოქმედი მოქალაქეები საკუთარ ანდერძში უთითებდნენ, რომ მათი მემკვიდრეები, ან პირი, ვინც მათი დანატოვარი ქონების განკარგვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, „სამზითვო“ თანხით დახმარებოდა გაჭირვებულ ოჯახთა ქალიშვილებს. მაგალითად, 1892 წელს, ტფილისის ერთ-ერთ მოქალაქეს ანდერძში მიუთითებია: „დამივალებია ჩემნი მემკვიდრენი, რომ აძლიონ 200 მანეთი ყოველ წლივ სანახევროდ ორს ობოლს გასათხოვარს ქალს მზითვადაო“.

ზოგადად, ძველ თბილისში მზითვის მნიშვნელობა ყველას კარგად ესმოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს სულგრძელობისა და თანადგომის არაერთ ფაქტი ახსოვს, 1894 წელს, თბილისში მომხდარი ეს ისტორია იმასაც კარგად ასახავს, თუ როგორ შეეძლო ადამიანის ფსიქიკაზე ემოქმედა „სამზითვოს“ დაკარგვას:

„ერთმა ჯიბგირმა ბზობა დღეს იარმუკაში ერთ ღარიბ სოფლელ დედაკაცს, რომელიც წინდებსა და მაწვნებს ჰყიდდა, ამოაცალა ჯიბიდგან ხელსახოცში გამოკრული 32 მანეთი. საბრალოს იქვე ვერ შეეტყო და როდესაც მისულიყო მეიდანთან, სადაც აბანოებისკენ მიმავალი ცხენის მატარებელი ჩერდება, ენახა ჯიბე და თავზარ-დაცემულს გული წასვლოდა. შემდეგ, როდესაც მოუბრუნებიათ, გაქცეულა მტკვრისაკენ თავის დასახრჩობად:

„ჩემი სამი წლის შეგროვებული ფული, ჩემის ქალის მზითევი დავკარგეო“, და ღაპა-ღუპით ცრემლები სცვიოდა დამჭკნარს და გაყვითლებულს სახეზედ.

მოეხვია ხალხი, ყველას აღეძრა გრძნობა სიბრალული, გამოჩნდა ერთი ყოჩაღი ქართველი კაცი, რომელმაც დაიძახა:

„შეუგროვოთ ფული, ვითომ ჩვენ დაგვიკარგავსო“, და მართლა იქვე შეუგროვეს 22 მანეთი“.

„მზითევის“ შეგროვებასთან ერთად, ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად, ბედის საპოვნელად, გასათხოვარი ქალიშვილები დედებს სხვადასხვა ქალაქურ დღეობებსა და დღესასწაულებზე დაჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი მთაწმინდობა იყო. მამა დავითის ეკლესიასთან დაკავშირებით, გასათხოვარი ქალების საინტერესო რიტუალზე ვკითხულობთ ნიკოლოზ გაბაონის რომანში „აივნებიანი ქალაქი“:

„ყოველ ხუთშაბათს მამადავითის დაკლაკნილ ბილიკებზე ერთიმეორეს თეთრი ბატებივით მისდევდნენ თავდახრილი, თეთრ ჩადრებში გახვეული და ფეხშიშველი მლოცველი ქალები. ამ დღეს ტაძრის ეზო გასათხოვარი ქალწულებით და უშვილო დედაკაცებით ივსებოდა. ძველისძველ ჩვეულებას ქალები იმით ასრულებდნენ, რომ ეკლესიას გარშემო სამჯერ უვლიდნენ და ბედის გამოსაცდელად კენჭებს კედლებზე აკრავდნენ – ასულმა მორცხვად მიაკრა თეთრი კენჭი კედელს და მეტად გაუხარდა, რომ კენჭი კედელზე მაგრად დამაგრდა და დაბლა არ ჩამოვარდა. ეს წესი გასათხოვარი ქალის რიტუალი იყო ქორწინების დასაჩქარებლად“.

ასევე, საინტერესო ცნობას გადმოგვცემს ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონი დე ბაი, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში.

დე ბაის ცნობით, აღდგომის შემდგომ პირველ კვირა დღეს, ანჩისხატის ტაძარში მიდიოდნენ სადღესასწაულოდ მორთული ახალგაზრდა გასათხოვარი ქალიშვილები; „ახალგაზრდა გოგონას თბილისში ჩვეულებრივ ასე ეუბნებიან:

– შენ მზადა ხარ ანჩისხატისათვის, საჭიროა, რომ ანჩისხატში გამოჩნდე.

ეს სიტყვა ქათინაურად ითვლება. ამით იმის თქმა სურთ, რომ ეს გოგონა მოხიბლავს ანჩისხატის დღესასწაულზე მოსულ ხალხს.“

ასეთი წეს-ჩვეულებების, რელიგიური თუ ცრუმორწმუნეობითი ხასიათის რიტუალებისგან განსხვავებით, ოჯახების შექმნის და კარგი „მზითვის გახერხების“ საქმეში ბევრად პრაქტიკულად და ეფექტურად მოქმედებდნენ მაჭანკლები. „ხანუმა“ უკვე ვახსენეთ და ბუნებრივია, ვერც ამ ინსტიტუტს ავუვლით გვერდს.

მაჭანკლების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი აბანო იყო. როგორც იოსებ გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ ვკითხულობთ, „მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს. ხშირად სრულიად ნორჩ გოგონას, ჯერედ მოუშუშებელს და წელ-გაუმაგრებელს, ოთხმოცი წლის ბეხრეკზე ათხოვებდნენ. არსებობს ერთი უავტორო ლექსი, საიდანაც სჩანს, რომ ასეთი „ნორჩი ქალის“ ბედი აბანოში გადაწყვეტილა და მაჭანკლის დახმარებით „აბანოდან გაუყიდიათ“ ვიღაც მოხუც საქმროზე“.

ეგ კი არა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაჭანკალი არაკეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობის გამო მოუკლავთ კიდეც. ეს ამბავი 1880 წელს მომხდარა, როდესაც ტფილისის მოქალაქე მიხაკო არაზოვს არც მეტი არც ნაკლები – საკუთარი ცოლის მაჭანკალი მოუკლავს!

სასამართლო სხდომაზე არაზოვს განუცხადებია: „მართალია, მე შემომაკვდა ნინო ჯოხაძისა, მაგრამ სიკვდილი კი არ მინდოდა. მოთმინებიდგან გამომიყვანა, ბატონებო, ჩააცივდა ჩემს ცოლს და არ ეშვებოდა; იქამდის მიიყვანა, რომ შეაცდინა და ვიღაცაებს ურიგებდა. თვითონ ცოლი გამომიტყდა ამაში და მითხრა, ასე შემაცდინა ნინომაო. მეც ვაპატივე და ვუთხარ, მეტს ნუღარ იქ-მეთქი… ავდექით და სხვა ქუჩაში სახლი დავიჭირეთ… ერთიც ვნახოთ, ერთხელ საღამოს სახლში მოვდივარ და ვხედავ ნინო ჩემს მოკაზმულ ცოლთან დგას…

– ქალო, რა გინდა აქ-მეთქი?

– რა მინდაო და შენი ცოლი მიმყავსო…

მეც ავენთე კაცი, მოთმინებიდგან გამოვედი, ამოვიღე ხანჯალი და დავჰკარი… არ მახსოვს რამდენჯერ შემოვჰკარ, ან როგორ მოკვდა…“

„რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ / ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

აქვე, აუცილებლად უნდა მოვიტანოთ „ამ ჩვენს კურთხეულს ქალაქში“ მომხდარი ერთი იშვიათი შემთხვევაც, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ერთი მხრივ მზითვებთან, მეორე მხრივ კი კარგად აღწერს ტფილისური ქორწილის არა მხოლოდ ფინანსურ და მერკანტილურ, არამედ მორალურ მხარესაც.

ერთ დიღმელ გლეხს ქალიშვილი მეზობელ მენახშირეზე დაუნიშნავს. დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მომავალ საქმროს ჯვრისწერა „მოუნდომებია“, გოგონას მამა ყოფილ ბატონთან მისულა და მოუხსნებია:

– თუ მიკადრებთ, ამეღამ ჩემს ქალს ჯვარსა ვწერო და მობრძანდითო.

– ვის მიეცი შენი ქალიო? ჰკითხავს ნაბატონარი.

გლეხიც დაუსახელებს სასიძოს.

– არ გაბედო, რო შენი ქალი იმას მისცეო, რადგან მე თითონ ფულს და კარგს მზითებს მივსცემო და კარგს ვისმე მივათხოვებო. ეუბნება ნაბატონარი.

რა საკვირველია, გლეხმა რომ ეს მოწყალების დაპირება გაიგონა, ძალიან გაეხარდა და მუხლთ მეეხვია მას.

შემდეგ ბატონი უბრძანებს გლეხს, რომ მე სანეფოზე ადრე მოვალ შენ სახლში და არამც-და-არამც კარი არ გაუღო სიძესა და მაყრებსაო, როცა ისინი მოვიდნენო.

გლეხი დაბრუნდება თავის სახლში და არაფერს შეატყობინებს თავის სასიძოს და არც უარს შეუთვლის.

სასიძო, როგორც ადათი არის, ისე მომზადებით წამოვა სასიმამროს სახლში მაყრებით და ზურნით ჯვარის დასაწერათ და პატარძლის წამოსაყვანათ. მაგრამ სასიმამროს სახლის კარი მაგრა სოლით ჩაკეტილი დახვდებათ, გლეხის ნაბატონარიც შიგნით მოექცევა. სასიძო და მაყრები ჰკვრენ ხელს კარებს, მაგრამ კარი არ იღება, გაჰკვირდებიან, თუ რა ამბავი არისო.

ამ დროს გამოვა ნაბატონარი სახლიდან ერთი ორი კაცით და თოფებს გაასროლინებს, ქაღალდით გატენილებსა, რომ შეაშინონ მოსული ხალხი.

მაყრები და სასიძო სულ აქეთ-იქით გაიფანტებიან;

სასიძოს დაიჭერენ და მთელს ღამეს კედელზედ მიაკრამენ. თუმცა ის იძახის: რა დამიშავებიაო, რომ ესე უღმერთოთ მტანჯავთო; არ გინდათ, ქალს ნუ მომცემთო! მაგრამ ვინ გაუგონებს.

მეორეს დღეს ამ საწყალს კაცს განათავისუფლებენ და სასამართლოში წამოიყვანენ დასასჯელათ, ამიტომ რომ სახლში მოგვიხტაო. სასამართლო გამოიძიებს ამის დანაშაულობებს და რასაკვირველია, გაამართლებს.

შემდეგ უფალი ნაბატონარი დაბრუნდება სოფლად და თავის ნაყმევს ეტყვის:

– მე მსურდა და მსურსო შენი ქალის ცოლათ შერთვაო; ეს ამბები ამისთვის მოვახდინეო; ნება მომეციო, იმაზედ ჯვარი დავიწეროო.

რასაკვირველია, გლეხი ნებას მიცემს და უფალი ნაბატონარი ჯვარს დაიწერს და მოყვრათ გაუხდება ამ გლეხს“.

ასე სრულდება 1875 წელს დიღომში მომხდარი ამბავი, რომლის მიხედვითაც ცნობილი ქართველი დრამატურგი ავქსენტი ცაგარელი პიესას დაწერს, პიესას, რომელსაც წლების შემდეგ მიხეილ ჭიაურელის მხატვრული ფილმი – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ დაეფუძნება.

დასასრულ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიაში ტფილისური ქორწინების ფინანსურ მხარესა და „მზითვის“ უქონლობის გამო ქალთა მძიმე ხვედრზე გავამახვილეთ ყურადღება, იშვიათად, თუმცა მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის შექმნის დროს გადამწყვეტი არა საპატარძლოს შეძლება, მშობლების ნება-სურვილი თუ მაჭანკლის გახერხებული გარიგება, არამედ ქალის სიტყვა იყო:

„კუკიის წმინდა მარიამის ეკლესიაში წარსულს პარასკევს იშვიათი ამბავი მომხდარა. ამ დღეს ქორწილი ყოფილა და როდესაც მღვდელს უკითხავს საპატარძლოსათვის, შენის ნებით მისდევ და თანახმა ხარ ჯვარი დაიწერო თუ არაო, ქალს განუცხადებია, არა ვარ თანახმა ჯვარი დავიწერო იმაზედ, ვინც ეხლა ჩემთან გვირგვინის ქვეშა სდგასო. მღვდელმა ჯვარის-წერას თავი დაანება თურმე და სანეფო და საპატარძლო თავ-თავიანთ სახლში წავიდნენ…“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *