საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ქართულ პლაჟებზე „ცისფერი დროშის“ არქონა 

საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის ქართულ პლაჟებზე „ცისფერი დროშის“ არქონა 

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ზოლი 308 კილომეტრს შეადგენს,  ამ ზღვისპირა მონაკვეთზე ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა აჭარის დედაქალაქი ბათუმია – ის არის მიზიდულობის ცენტრი სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დამსვენებლისთვის. ბოლო 15 წლის განმავლობაში ტურისტთა ყოველწლიური ნაკადი აჭარის დედაქალაქში რეგულარულად აუმჯობესებდა წინა რეკორდებს.

ტურიზმი ქართული ეკონომიკის ფლაგმანია. ასევე ის ხელს უწყობს სხვა დარგების – მშენებლობის, ვაჭრობის, ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარებას.  2019 წელს, კრიზისამდე, ტურიზმის წილი ეკონომიკაში შეადგენდა 11%-ს, მაგრამ 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ გარკვეულწილად შეაჩერა ეს განვითარება.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ კორონავირუსზე გამარჯვების შემდეგ ზრდის ტემპი აღდგება და ტურისტული დარგი განვითარების გზას დაუბრუნდება. ამასთანავე საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მომავალი აქტიური ზრდისთვის, კერძოდ, ბათუმს საკურორტო მიმართულების განვითარების პრაქტიკულად ამოუწურავი პოტენციალი აქვს.  ბათუმის პლაჟები ფართოა და საკმაოდ გრძელი, ქალაქის ზღვის სანაპიროს სიგრძე, ფაქტობრივად, 10-კმ ზე მეტია (დღევანდელი მონაცემებით, ასეთი სიგრძე აქვს ბათუმის ბულვარს).

სპეციალისტები ურჩევენ ტურისტული ბაზრის მოთამაშეებს, დრო უქმად არ დაკარგონ. დღევანდელი პოსტკრიზისული პერიოდის დროებითი სიმშვიდე უნდა იყოს გამოყენებული ტურისტული ინდუსტრიის მდგომარეობის ანალიზისთვის. არის დრო და მიზეზი, შემუშავდეს ტურიზმის პირობების გაუმჯობესებისა და ამ სფეროს ხარისხის ამაღლების გზები.  ნომინაცია „ცისფერი დროშა“- Blue Flag beach

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ დღის მდგომარეობით საქართველოში ბევრმა არ იცის “ცისფერი დროშის” საერთაშორისო სტანდარტის შესახებ. ეს სპეციალური პროგრამაა საერთაშორისო დამოუკიდებელი ეკოლოგიური განათლების ფონდისა (FEE), რომელშიც მონაწილეობს  ევროპის, აზიის, აფრიკის, ოკეანიისა და ამერიკის ათობით ქვეყანა.

1987 წლიდან  FEE “ცისფერი დროშით“ იმ სანაპიროებს აჯილდოებს, რომლებიც ხარისხისა და უსაფრთხოების კონკრეტულ კრიტერიუმებს შეესაბამებიან. უკვე 35 წელია, რაც ეს სისტემა   მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს.  საქართველოს, მიუხედავად რეგიონალური დასასვენებელი ცენტრის სტატუსისა, არასოდეს მიუღია მასში მონაწილეობა.

საქართველოს ბუნების უნიკალურობის მიუხედავად, საქართველოში არ არის არც ერთი „ცისფერი დროშის“ სტატუსის მქონე პლაჟი. ბევრისთვის შოკის მომგვრელი იქნება ის ფაქტი, რომ მეზობელ თურქეთში მხოლოდ კრიზისულ 2020 წელს „ცისფერი დროშის“ სტატუსი 486-მა(!) პლაჟმა მიიღო. ასევე რუსეთში  2020 წელს „ცისფერი დროშის“ სტატუსი შავ ზღვაზე არსებულმა 24-მა სანაპირომ მიიღო.

ფაქტია, საქართველო კარგავს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომელსაც მოიცავს ეს საერთაშორისო პროგრამა. ეს ძლიერ დარტყმას აყენებს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ქვეყნის იმიჯს. პრესტიჟული დასვენება  საქართველოში გაცილებით მეტ ტურისტსა და ინვესტორს მიიზიდავდა. მოგებული დარჩებოდა ყველა – რესტორნისა და სასტუმროების მფლობელებით დაწყებული,  მცირე ბიზნესით დამთავრებული.

რა უნდა გაკეთდეს?

არ არის საიდუმლო, რომ ბევრი ტურისტისთვის საქართველო აღიქმება, როგორც  იაფი დასვენების ადგილი. ძირითადად ამის მიზეზი კურორტის ინფრასტრუქტურის კომპლექსური განვითარების არარსებობაა. ამ დროს  ქალაქში და ქალაქგარეთ შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნესცენტრები, სავაჭრო ადგილები. საჭიროა სისტემური მიდგომა, რათა მოხდეს პლაჟების ინფრასტრუქტურისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება.

„ცისფერი დროშის“ სერტიფიკატის მოპოვებისთვის, საჭიროა რიგი პარამეტრების დაცვა, პირველ რიგში, ეს გახლავთ ეკოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხები და საკურორტო სფეროში დასაქმებული ადამიანების განათლება. შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაა 33 და მთავარია შემდეგი დებულებები:

  • ზღვის წყლის სისუფთავე და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სანიტარული ნორმების დირექტივას „საბანაო წყლის შესახებ“ (2006 წ);
  • საკურორტო სეზონის პერიოდში უნდა იყოს აღებული არანაკლებ 5 წყლის სინჯი, შუალედით  არაუმეტეს 31 დღისა;
  • პლაჟი უნდა იყოს სუფთა, ის რეგულარულად და სისტემატურად უნდა დასუფთავდეს, უნდა იყოს მოწყობილი ტუალეტები და ნაგვის ურნები;
  • პლაჟზე შესვლა უნდა იყოს უფასო ყველასათვის, მიუხედავად სქესისა, ასაკისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა, სარწმუნოებისა;
  • პლაჟზე გადასახადი შეიძლება იყოს მხოლოდ პარკირების გამო ან პლაჟის ინვენტარის იჯარისთვის (არა უმეტეს $30-ისა);
  • ზღვაში შესვლისთვის შშმ პირებისთვის უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ბილიკი;
  • პლაჟზე უნდა იყოს გათვალისწინებული სასმელი წყლის წყარო;
  • პლაჟთან ახლოს უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური ადგილები მაშველებისათვის და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, მაშველებს ევალებათ სანაპიროს 24-საათიანი მონიტორინგი;
  • დამსვენებლების კომფორტისთვის ყოველ 500 მეტრში უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური დაფა ყველა საჭირო ინფორმაციით;

როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები გონივრული და აბსოლუტურად  მისაღებია საქართველოს პირობებში. ყველა ჩამოთვლილი პუნქტის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, ძალისხმევაა საჭირო. ყველაზე მთავარი არის აკვატორიის გასუფთავება დაბინძურებისა და საწარმოო ნარჩენებისგან.

ბათუმში უკვე არის პლაჟები, რომელთა აკვატორია  სუფთა და უსაფრთხოა და შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს „ცისფერი დროშის“ მიღებისთვის. ეს პლაჟებია გონიოსა და კვარიათში, ასევე მწვანე კონცხზე. იქ მხოლოდ შესაბამისი სტანდარტების ამუშავებაა საჭირო. ეს პლაჟები ლამაზია, ჰაერი სუფთაა, ხოლო წყალი – გამჭვირვალე. დიდი ალბათობაა, რომ მათ კვალდაკვალ  სხვა პლაჟებიც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

რისთვის სჭირდება საქართველოს „ცისფერი დროშა“?

საერთაშორისო კომფორტის ნორმებთან  შესაბამისობის აუცილებლობა დიდი ხნის წინ მომწიფდა. სტანდარტების შესრულების შემდეგ დივიდენდებით ისარგებლებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი მოსახლე. ეს გამოიხატება არა მხოლოდ ზოგადად ტურისტული ნაკადის მომატებაში, არამედ ჩამოვლენ უფრო შეძლებული და გადახდისუნარიანი უცხოელები, საქართველოს ეკონომიკის პოტენციური ინვესტორები.

საერთაშორისო პროგრამა „ცისფერი დროშისკენ“ მისწრაფება – ესაა კონკრეტული, მარტივი და გასაგები ნაბიჯი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ახალ დონეზე გადასვლისა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დამსვენებელი, ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვისას და მოსანახულებელი ქვეყნის არჩევისას „ცისფერი დროშის“ რჩევით სარგებლობს.

ამ პროგრამის შესრულებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ  სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, კაფეები და სხვა ობიექტები, რომლებიც ასეთი პლაჟების მახლობლადაა, რათა დამსვენებლები სიამოვნებით ესტუმრონ  და მათი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. პროგრამაში წარმატებული მონაწილეობა მოახდენს აჭარის ყველა საინვესტიციო ობიექტის კაპიტალიზაციას, მაქსიმალურად წარმოაჩენს ქართული პლაჟების პოტენციალს და მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოში დასვენების საერთაშორისო სტატუსს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *