მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის პროექტ Starlink-ს, რომლის მიზანიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაა, კონკურენტი გამოუჩნდა. ახლახან, საზოგადოებისთვის მსგავსი სერვისის შესათავაზებლად, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი Verizon-ი და ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი გაერთიანდნენ.
როგორც ცნობილია, Amazon-ი პროექტ Kuiper-ის ფარგლებში ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე Starlink-ის მსგავსი ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ის საერთო ჯამში 3,236 სატელიტს გააერთიანებს. Amazon-ის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტ Kuiper-ის მიზანი მსოფლიოში ინტერნეტთან წვდომის არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა.
Verizon-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში 5G და 4G LTE-ქსელის დაფარვის არეალის გასაფართოებლად სწორედ Amazon-ის ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედს გამოიყენებს. სამომავლო პერსპექტივაში კი კომპანიები აღნიშნული მომსახურების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შესათავაზებლად თანამშრომლობასაც განიხილავენ.
ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორს მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის მოლოდინი აქვს. Amazon-ის დახმარებით Verizon-ი მომსახურების დაფარვის არეალის გაფართოებას ბოჭკოვანი საკაბელო ქსელების გაყვანის გარეშე შეძლებს. მისი აბონენტები ინტერნეტთან კავშირს სპეციალური სატელიტური მიმღების დახმარებით დაამყარებენ.
პროექტის განხორციელების ზუსტი ვადების შესახებ კომპანიებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა Amazon-მა დედამიწის დაბალ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გაშვება უკვე დაიწყო. წინასწარი ცნობით, 2026 წლისთვის იქ Kuiper-ის თანავარსკვლავედისთვის განკუთვნილი სატელიტების ნახევარი იმოძრავებს. გეგმის მიხედვით, ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრებს სრულად 2029 წლის ივლისამდე განალაგებენ.