მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის დაცემის შემდეგ შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა მკვეთრად შემცირდა. მდიდარი და თვითმყოფადი ჩინეთის ახალმა იმპერატორებმა ისტორიიდან ამოშანთეს და დაივიწყეს მონღოლური იუანის დინასტიის მმართველობის ხანა. ჩინური ცივილიზაცია, თავისი გეოგრაფიით, რელიგიითა და იდეოლოგიით, იზოლაციისკენ იყო მიდრეკილი, თუმცა აუცილებელი რესურსის, ვერცხლის გამო ჩინეთისთვის აუცილებელი იყო გარესამყაროსთან კონტაქტი. ეს ლითონი იმპერიის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ვერცხლმა ჩაკეტილი ქვეყნის კარი გააღო და ის მსოფლიო სავაჭრო სისტემის ნაწილად აქცია.
მონღოლთა იმპერიის დაშლისა და დაცემის შემდეგ გარე სამყაროს კონტაქტები ჩინეთთან საგრძნობლად შემცირდა. ჩინელები კი ცდილობდნენ, იუანის დინასტიის ყველანაირი კვალი გაექროთ. ჩინეთს სათავეში მინგის დინასტია ჩაუდგა, რომელიც 1368-დან 1664 წლამდე განაგებდა პეკინს, სანამ ქვეყანას მანჯურიელები დაიპყრობდნენ. მინგის იმპერატორებმა რიგ წარმატებებს მიაღწიეს მმართველობის პირველ ეტაპზე, მაგრამ XVI საუკუნიდან დაიწყო სტაგნაციის პერიოდი. ამავე პერიოდს ემთხვევა ჩინეთში მიღებული ქაღალდის ფულის ძლიერი გაუფასურება – ინფლაცია, ხოლო სპილენძის ფული ყალბი მონეტების ფართოდ გავრცელების გამო ამოიღეს ხმარებიდან. ამ დროიდან ვერცხლი, როგორც მყარი და სტაბილური ერთეული, ჩინეთის ეკონომიკის საყრდენად იქცა. მინგის გვიანი პერიოდის დროს გადასახადები ვერცხლის სახით უნდა გადაეხადათ, ვერცხლითვე ხდებოდა სავალდებულო სამუშაოების ანაზღაურება. ერთი მხრივ, ეს დადებითად მოქმედებდა გადასახადების აკრეფაზე, რადგან მანამდე, ნაწილობრივ, სხვადასხვა რეგიონში, მათი ნატურალური ფორმით აკრეფა უხდებოდათ, რაც ართულებდა დიდ ქვეყანაში საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას. ამასთან ერთად, ეკონომიკის ვერცხლზე დამოკიდებულებამ დადებითთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც მოიტანა – იმპერიის ეკონომიკა ზედმეტად გახდა დამოკიდებული ვერცხლის საერთაშორისო ბრუნვაზე. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩინეთში ძალიან ცოტა ძვირფასი მეტალი მოიპოვება: ცოტა ოქრო, მინიმალური რაოდენობის ვერცხლი, საშუალოდ – სპილენძი. XVI საუკუნის 70-იან წლებამდე იმპერია ახერხებდა ვერცხლის რაოდენობის კონტროლს. მაგრამ შემდეგ, როცა გაიხსნა საზღვაო ვაჭრობა, ქვეყნის გარედან დიდი რაოდენობით ვერცხლი შემოვიდა. ვერცხლის ძირითადი წყარო იაპონია და ევროპელებთან (ესპანელებთან და პორტუგალიელებთან) ვაჭრობა იყო.
ვერცხლის მსოფლიო ვაჭრობაში ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ადგილი, რომლისკენაც ყველაზე მეტი ვერცხლი მიედინებოდა. სანაცვლოდ, ჩინეთისგან იღებდნენ ძალიან მოთხოვნად ჩინურ აბრეშუმსა და ფაიფურს. ვერცხლის ასეთი საჭიროებისა და მაღალი ფასის გამო, იაპონელი და ევროპელი ვაჭრები ძალიან დიდ მოგებას ნახულობდნენ.
ვაჭრობა ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის როგორც აბრეშუმითა და სხვა ძვირფასი პროდუქციით, ისე უფრო იაფფასიანით, მაგალითად, შაქრით, XVI საუკუნის შუა ხანებამდე ვითარდებოდა.
XVI საუკუნეში იაპონია ვერცხლის მთავარი მიმწოდებელი იყო ჩინეთისთვის. რის სანაცვლოდაც, ჩინელებისგან აბრეშუმსა და ოქროს იღებდა. დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, იაპონია და ჩინეთი უშუალოდ არ ვაჭრობდნენ ერთმანეთთან. მათ შორის მედიატორები იყვნენ პორტუგალიელი და ჰოლანდიელი ვაჭრები. 1640-იანი წლებიდან იაპონიის ვერცხლის მაღაროები გაღარიბდა და ვერცხლით ჩინეთის ძირითადი მომმარაგებელი „ახალი სამყარო“ – ევროპული ქვეყნების ამერიკული კოლონიები გახდა.
მას შემდეგ, რაც ესპანელმა კონკისტადორებმა XVI საუკუნის 30-იან წლებში დაიპყრეს ინკების იმპერია, საკმაოდ მალე მიაგნეს იქ ვერცხლის უმდიდრეს საბადოს, თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე, ახლანდელ ქალაქ პოტოსისთან. ესპანელებმა იქ განავითარეს ვერცხლის მოპოვება და სამთო მრეწველობის უზარმაზარ ცენტრად აქციეს. 1561 წელს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ბრძანებით, ამ ადგილს Villa Imperial de Potosi ეწოდა. პერუს უკვე ჰქონდა უდიდესი სიმდიდრის მქონე ქვეყნის სახელი, მას შემდეგ, რაც, ინკების იმპერატორის ატაუალპას გამოსასყიდად ინკებმა კოლოსალური რაოდენობის ოქრო-ვერცხლი შეაგროვეს. კონკისტადორმა ფრანცისკო პისარომ, სულ ცოტა, ორი მილიონი პესოს ღირებულების ოქრო-ვერცხლი შეაგროვა.
XVI საუკუნის განმავლობაში პოტოსის მოსახლეობა 200 ათასამდე გაიზარდა და ვერცხლის საბადო უკვე მსოფლიო ვერცხლის 60%-ს აწარმოებდა. საღვთო რომის იმპერატორი, კარლოს V, პოტოსის „მსოფლიო საგანძურს“ უწოდებდა, ვინაიდან ეს საბადო იმპერიის სიმდიდრის ერთ- -ერთი უმთავრესი წყარო იყო. პოტოსი გადაიქცა საერთაშორისო ქსელის ძრავად, რომელმაც დაასრულა ძვირფასი ლითონების კრიზისი და უწყვეტ ნაკადად მიაწოდა ვერცხლი მთელ ევრაზიას: სამხრეთ ამერიკიდან – ევროპამდე, ევროპიდან – ახლო აღმოსავლეთამდე, დიდ მოგოლთა ინდოეთამდე და მინგისა და ცინგის დინასტიების ჩინეთამდე. მას შემდეგ კი, რაც ესპანელებმა აითვისეს წყნარი ოკეანეც და დამკვიდრდნენ ფილიპინებზე (რომელსაც ეს სახელი მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად ეწოდა), ჩინეთთან საზღვაო ვაჭრობა ახალ საფეხურზე გადავიდა. ფილიპინებზე ვაჭრობამ პიკს XVI საუკუნის ბოლოს მიაღწია. ამის შემდეგ ვაჭრობა პროგრესულად იზრდებოდა 0.24 მილიონი პესოთი, პიკი კი 1597 წელს იყო, როცა 1.2 მილიონი პესო შეადგინა. ზოგიერთი გამოთვლით, მანილას გავლით ჩინეთამდე, 94000 კილოგრამი ვერცხლი ჩავიდა XVII საუკუნის ბოლომდე.
საინტერესო ფაქტია, რომ როდესაც ესპანური პესო პირველად მოხვდა ჩინეთში, ჩინელებმა ზედ გამოსახული ესპანელი მონარქი ბუდას მიამსგავსეს და ამ მონეტას „მსუქან ბუდას“ ან „ბუდას თავს“ უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში ჩინელები შეეჩვივნენ ამ პორტრეტიანი მონეტების გამოყენებას. მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფე გარდაიცვალა, ესპანელებმა შეიტყვეს, რომ ჩინელებს არა ახალი, არამედ ისევ იგივე მონეტები სჭირდებოდათ, რამაც მონეტების ფასი გაზარდა. შედეგად, ძველი ესპანელი მონარქის პორტრეტიან ფულს ჰოლანდიელებიც ჭრიდნენ ჩინელებისთვის.
ცინგის დინასტიის დროს, XVIII საუკუნის დასაწყისში, ვერცხლის ძირითადი წყარო ესპანური მექსიკა გახდა. ამავე დროს ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო ამერიკიდან შემოტანილი მცენარეების ახალმა სახეობებმა, განსაკუთრებით, ტკბილმა კარტოფილმა, სიმინდმა, მიწისთხილმა, რომელიც აქ კარგად ხარობდა. ამას მოჰყვა ჩინეთის ვერცხლის ბაზრის გაზრდა და ამ რესურსისადმი მოთხოვნილებაც. ამავე დროს ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით მექსიკაში, ვერცხლის ინდუსტრია ყვაოდა, ამიტომ ის ვერცხლის, ფაქტობრივად, უკონკურენტო მიმწოდებელი გახდა ჩინეთისთვის.
XVI-XVIII საუკუნეებში, მექსიკასა და პერუში, მსოფლიო ვერცხლის 85%-მდე მოიპოვებოდა, საიდანაც, სულ მცირე, მესამედი ჩინეთში იგზავნებოდა. ვერცხლის დიდი რაოდენობა, რომელსაც ჩინელები იღებდნენ და ამ ქვეყნიდან წამოღებული დიდი რაოდენობით ძვირფასი პროდუქტი, უჩვენებს ჩინეთის ეკონომიკის დინამიკას. ამავე დროს ეს უზარმაზარი სავაჭრო ქსელი გარკვეულწილად აქარწყლებს სტერეოტიპს, თითქოს ჩინეთმა ზურგი აქცია ზღვას და გარე სამყაროსადმი არანაირი ინტერესი არ გააჩნდა.
ჩინეთში ვერცხლის დიდი მოთხოვნის გამო, პორტუგალიელი ვაჭრები საქმეს იჭერდნენ ჩინელ კონტრაბანდისტებთან და შემოჰქონდათ ვერცხლი იაპონიიდან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. შუამავლის როლი იაპონიიდან ჩინეთში ვერცხლის შემოტანისას ძალიან მოგებიანი იყო. პორტუგალიელებმა მოახერხეს, ფეხი მოეკიდებინათ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მაკაოში. ისინი ახერხებდნენ მინგის დინასტიის დაწესებული საზღვაო ემბარგოს გადალახვას და იაპონური ვერცხლის ჩინურ ბაზარზე შემოტანას. 1583-91 წლებში, როდესაც პორტუგალიელები მაკაოდან იაპონიაში დაცურავდნენ, გადაჰქონდათ ფუფუნების საგნები: თეთრი აბრეშუმი, ოქრო, მუშკი, ფაიფური; მაგრამ იაპონიიდან მხოლოდ ვერცხლით ბრუნდებოდნენ.
ვერცხლით მსოფლიო ვაჭრობაში მონაწილეობა იაპონიის ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პროცესის როგორც უარყოფით, ისე დადებით კონტექსტში განხილვა შეიძლება. XVI საუკუნეში ჭარბი ჩინური ვერცხლი მნიშვნელოვანი იყო 1592-98 წლებში, კორეიდან, დამპყრობელი იაპონელების მოსაგერიებლად. მინგის იმპერია 7 ტონამდე ვერცხლით დაეხმარა კორეას, რათა შესაბამისად მომზადებულიყო და დაეცვა თავი. სამხრეთ იაპონიის დიდებულები იმედოვნებდნენ ვერცხლის მსოფლიო ვაჭრობაში ჩართვით გამდიდრებას, მაგრამ ამაში ხელს უშლიდათ მინგის ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა, რომლის გადალახვას ევროპელი კონტრაბანდისტებისა და გადამყიდველების მეშვეობით ახერხებდნენ.
შოტლანდიელი ეკონომისტი, ადამ სმიტი, „ერების სიმდიდრეში“ მიუთითებს ვერცხლით გლობალური ვაჭრობის მასშტაბებსა და ინტენსივობაზე. ის გაკვირვებული იყო, როგორ დააკავშირა ერთი რესურსით ვაჭრობამ ძველი და ახალი სამყარო – ამერიკა და ჩინეთი. ისტორიკოსები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ჩინეთი შეიძლება ამერიკის კოლონისტთა ნადავლი გამხდარიყო, რომ არა იაპონიის კრიტიკული მნიშვნელობა ვერცხლის მოპოვებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით. ვერცხლს საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთ აზიის საერთაშორისო სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებაში. მინგისა და ცინგის დინასტიების ჩინეთმა დააგროვა დიდი რაოდენობით ვერცხლი ეკონომიკის ასაღორძინებლად და სავაჭრო ძლიერების აღსადგენად.
ვერცხლის წარმოების სიმცირე შესაძლებლობა იყო ჩინეთისთვის, რომ ეკონტროლებინა მისი ღირებულება და ხელი შეეწყო საკუთარი ვალუტისთვის. ვერცხლი ერთადერთი მისაღები სავაჭრო საქონელი იყო ევროპელებისთვის და მისი ღირებულება ჩინეთში ასტრონომიულად დიდი იყო გარესამყაროსთან შედარებით. XVII-XVIII საუკუნეებში ჩინეთი ყოველწლიურად ტონობით ვერცხლს იღებდა.
ცინგის დინასტიის მიერ XVII საუკუნის შუა ხანებში ესპანური ვერცხლის იმპორტის აკრძალვა, ხანგრძლივ ეკონომიკურ სტაგნაციასა და 30-წლიან ომში წარუმატებლობასთან ერთად, ესპანეთის იმპერიის მნიშვნელოვნად დაკნინების საფუძველი გახდა. რის შემდეგაც მსოფლიო არენაზე საფრანგეთი და ინგლისი დაწინაურდნენ.
ჩინური პროდუქტი – ფაიფური, ჩაი, აბრეშუმი – პოპულარული იყო ევროპაში და ევროპული სახელმწიფოები ვერცხლით ვაჭრობას აგრძელებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლის დეფიციტის საფრთხე არსებობდა. მას შემდეგ, რაც ევროპაში ვერცხლის რაოდენობა შემცირდა და ამასთან ერთად შესაძლებლობაც, შეეძინათ ფუფუნების საგნები ჩინეთიდან, მათ, კერძოდ, ბრიტანელებმა, ჩინურ ბაზარზე სხვა პროდუქტის შეტანა დაიწყეს, რომელიც მალე გახდა პოპულარული ჩინელებში. ეს იყო ბრიტანეთის ინდურ კოლონიებში მოპოვებული ოპიუმი. ოპიუმის ჩინელმა გადამყიდველემა დაიწყეს ამ რესურსის სხვა წყაროების ძიებაც. მაშინ, როდესაც, XIX საუკუნის დასაწყისში, თეთრი ლოტოსის აჯანყების ჩახშობისთვის, ცინგის დინასტიას ფინანსები სჭირდებოდა, იმის მაგივრად, რომ ჩინური რესურსების სანაცვლოდ უცხოელი ვაჭრებისგან მიეღოთ ვერცხლი, ჩინელი ვაჭრები თვითონ იხდიდნენ ვერცხლს ევროპელების შემოტანილ ოპიუმში. ჩინეთის იმპერატორმა სცადა ოპიუმით ვაჭრობის აკრძალვა, მაგრამ ამას ოპიუმის ომები, ბრიტანეთის მძლავრი იმპერიის მიერ ჩინეთის დამარცხება და ძირითადი ჩინური პორტების ევროპელებთან ვაჭრობისთვის გახსნა მოჰყვა. ევროპული კოლონიური იმპერიების რეგიონში დამკვიდრებით, მთელ აღმოსავლეთ აზიაში, ახალი ეპოქა დაიწყო.