ვგუგლავთ ბლოკჩეინს

ვგუგლავთ ბლოკჩეინს

1990-იანი წლების ბოლოს Google-მა გარდაქმნა ინტერნეტი, შექმნა რა სწრაფი, ზუსტი და იოლად გამოსაყენებელი საძიებო სისტემა. ახლა მას იმავეს გაკეთება შეუძლია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისათვის, რომელიც საფუძვლად უდევს Bitcoin-ისა და Ethereum-ის მსგავს კრიპტოვალუტებს.

დეკემბრის შუა რიცხვებში სინგაპურში სასიამოვნოდ თბილი დღეა – 27 გრადუსი ცელსიუსით. რაღაცამ დააფიქრა ალენ დეი, 41 წლის მონაცემების მეცნიერი. იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მან Google-ში შექმნა, მას შეუძლია დაინახოს ხელოვნური ინტელექტის მისტიკური შეთანხმებული გამოყენება Ethereum-ის ბლოკჩეინზე. Ether-ი წარმოადგენს მსოფლიოს მესამე უმსხვილეს კრიპტოვალუტას (Bitcoin-ისა და XRP-ის შემდეგ) და მას კვლავაც გააჩნია $11 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მან ღირებულების 83% დაკარგა. ამ ბლოკჩეინში = გარიგებათა განაწილებულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც საფუძვლად უდევს კრიპტოვალუტას – ალან დეი ხედავს “ავტონომიური აგენტების” “მთელ ხროვას” რომლებიც “ავტომატიზებულ რეჟიმში” ატრიალებენ თანხებს. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ არ იცის, თუ ვინ შექმნა ეს ხელოვნური ინტელექტი, იგი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ესენი იყვნენ კრიპტოვალუტის ბირჟებზე მოვაჭრე აგენტები, რომელთა მიზანსაც ერთმანეთთან ვაჭრობის საშუალებით ეთერიუმის ფასის ხელოვნურად გაზრდა წარმოადგენს.

“ისინი ნამდვილად არ არიან საკუთარი ინიციატივით მოქმედი ცალკეული აგენტები – გვეუბნება დეი Google-ის აზია-პესიფიქის სათავო ოფისში. – ისინი ერთიანდებიან სხვა აგენტებთან, რათა მოახდინონ უფრო ძლიერი, ჯგუფური ზეგავლენა”. დეის პოზიციას ოფიციალურად ეწოდება Cloud-ის უფროსი დეველოპერ-ადვოკატი. მისი სამუშაო გულისხმობს პროდუქტზე მოთხოვნის წინასწარ ჭვრეტას, ვიდრე თავად პროდუქტი შეიქმნება. დეის აზრით, შემდეგი დიდი ნაბიჯი იქნება ბლოკჩეინის მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

20 წლის წინ Google-მა უზრუნველყო (და შემდეგ თავადაც ნახა სარგებელი) ინტერნეტის მეტი გამოყენებადობა, ხოლო მომდევნო მილიარდები მას შეიძლება მოუტანოს ბლოკჩეინების როლის ფართოდ გაშუქებამ. დეის წარმატების შემთხვევაში მსოფლიო გაიგებს, ამართლებს თუ არა ბლოკჩეინის რეალური გამოყენება მის სარეკლამო კამპანიას. შარშან დეიმ ღია წყაროების დეველოპერთა პატარა გუნდთან ერთად მშვიდად დაიწყო მონაცემთა ატვირთვა მთელი Bitcoin და Ethereum ბლოკჩეინებისათვის Google-ის დიდ მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმა BigQuery-ზე. ამის შემდეგ, დამოუკიდებელი დეველოპერის, ევგენი მედვედევის დახმარებით მან მონაცემთა საძიებო პროგრამული უზრუნველყოფის რთული კომპლექტი შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა პრაქტიკულად არ არსებობდა, ინფორმაცია პროექტის შესახებ სწრაფად გავრცელდა კრიპტო-მიმართულებით მოაზროვნე პროგრამისტებს შორის. გასულ წელს 500-ზე მეტი პროექტი შეიქმნა ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელთა ფუნქციებშიც შედის ყველაფერი, ბიტკოინის ფასების პროგნოზირებიდან ეთერის მფლობელებს შორის სიმდიდრის უთანაბრობის ანალიზამდე. რაც შეეხება Cloud Computing-ს, Google-ი საგრძნობლად ჩამორჩება Amazon-სა და Microsoft-ს. გასულ წელს ქლაუდის სერვისებიდან Google-ის შემოსავალი იყო დაახლოებით $ 3 მილიარდი, მაშინ როდესაც Amazon-მა და Microsoft-მა გამოიმუშავეს შესაბამისად $27 და $10 მილიარდი.

დეი იმედოვნებს, რომ მისი პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც ბლოკჩეინი ETL (ამოღება, გარდაქმნა, ჩატვირთვა) ხელს შეუწყობს კონკურენციის პირობების გათანაბრებას. თუმცა აქაც კი Google-ი ცდილობს, მეტოქეებს დაეწიოს. Amazon-მა ბლოკჩეინის ფართოდ გამოყენება 2018 წელს დაიწყო, როდესაც დავთრების შექმნისა და მართვისათვის ინსტრუმენტების მთელი კომპლექტი დანერგა Microsoft-ი ბლოკჩეინის სივრცეს 2015 წელს შეუერთდა, როდესაც გამოუშვა ინსტრუმენტები Ethereum-ის ბლოკჩეინისათვის. ამჟამად იგი უზრუნველყოფს მომსახურებათა სპექტრს, როგორც Azure Blockchain Workbench-ის ნაწილს. მაგრამ თუკი Amazon-ი და Microsoft-ი ფოკუსირებულნი არიან ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნის გაიოლებაზე, დეი მიზნად ისახავს გამოავლინოს, თუ რეალურად როგორ და ვის მიერ ხდება ბლოკჩეინის გამოყენება.

“მომავალში უფრო მეტი ეკონომიური საქმიანობის გადატანა ბლოკჩეინში მოითხოვს არა მხოლოდ კონსენსუსის დონის ნდობას, – ამბობს დეი, გულისხმობს რა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის core validation-მექანიზმს. – ამას დასჭირდება გარკვეული ნდობა იმ ცოდნის მიმართ, რომელიც გაქვთ მასზე, ვისთანაც თქვენ რეალურად ურთიერთქმოქმედებთ”. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ ბლოკჩეინი ფართოდ დაინერგოს, უარი უნდა ვთქვათ მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ – ანონიმურობის ფუნქციაზე.

კალიფორნიის შტატის საგრაფო ფლეისერში დაბადებულ დეის თავისი პირველი კომპიუტერი 5 წლის ასაკში უყიდეს და უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მან მარტივი პროგრამების შედგენა დაიწყო. ვულკანებითა და დინოზავრებით გატაცების შემდეგ მისი ყურადღება სიცოცხლის შემსწავლელმა მეცნიერებებმა მიიპყრო და საბოლოოდ, 2000 წელს, მან ორეგონის უნივერსიტეტი დაამთავრა ორმაგი ხარისხის დიპლომით, ბიოლოგიასა და მანდარინში. შემდგომ მან მიაშურა კალიფორნიის უნივერსიტეტს ლოს-ანჯელესში, სადაც დოქტორის ხარისხი დაიცვა ადამიანის გენეტიკაში და ასევე მონაწილეობა მიიღო გენომის საძიებო კომპიუტერული პროგრამის შექმნაში.

სწორედ კალიფორნიის უნივერსიტეტში დაინტერესდა დეი განაწილებული გამოთვლით, კონცეფციით, რომელიც წარმოადგენს ბირთვს ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა, რომელიც მონაცემებს ინდივიდუალური კომპიუტერების ვრცელ ქსელში ინახავს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ადამიანის გენომის კვლევისას დეის მონაცემების დიდი მასივების ანალიზი დასჭირდა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად დეიმ ერთმანეთთან დააკავშირა ბევრი მცირე კომპიუტერი, რითაც დრამატულად გაზარდა მათი სიმძლავრე. “განაწილებული სისტემების ტექნოლოგია ჩემს არსენალში გარკვეული დროის მანძილზე რჩებოდა, – ამბობს დეი. – მე დავინახე ბლოკჩეინის საინტერესო მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა, გლობალური სუპერკომპიუტერის მართვისათვის გამოდგეს”.

2016 წელს Google-ის მიერ ჯანმრთელობისა და ბიოინფორმატიკის სფეროებში სამუშაოდ დაქირავებული დეი კვლავ მიუბრუნდა ბლოკჩეინებს _ განაწილებული გამოთვლის უახლეს ტექნოლოგიას პლანეტაზე. მაგრამ უნარი, რომელიც მან დახვეწა რეალური დროის რეჟიმში ინფექციური დაავადებებისათვის გენომების არანჟირების პროცესში და ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბრინჯის მოსავლის გაზრდაზე მუშაობისას, არ აღმოჩნდა იოლი გამოსაყენებელი ბლოკჩეინის დეკოდირებისათვის. ვიდრე დეი და მედვედევი თავიანთ ინსტრუმენტებს გამოუშვებდნენ, ბლოკჩეინის უბრალო გადასინჯვაც კი მოითხოვდა სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას სახელწოდებით “ბლოკის მკვლევრები”. ეს პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ეძებნათ მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციები, რომელთაგანაც თითოეული მონიშნული იყო 26-ზე მეტი ალფანუმერული სიმბოლოს უნიკალური ნახლართით. საპირისპიროდ ამისა, Google-ის ბლოკჩეინი ETL საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გარიგებების ეკოსისტემებში უფრო ფართო და განზოგადებული ძიება აწარმოოს.

იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს ბლოკჩეინ ETL-ის გამოყენება კრიპტოეკონომიკის გაუმჯობესებისათვის, დეიმ გამოიყენა თავისი ინსტრუმენტები, რათა გამოეცადა ე.წ. მყარი ჩანგალი, ანუ შეუქცევადი ხლეჩა ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზაში, რომლის შედეგადაც 2017 წლის ზაფხულში ბიტკოინიდან წარმოიშვა ახალი კრიპტოვალუტა – ბიტკოინ-ქეში. ეს კონკრეტული ხლეჩა იყო ბიტკოინ თანამეგობრობის ფარგლებში Hatfield-ისა და McCoy-ს “ომის” შედეგი, სადაც დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის, – ჯგუფის, რომელსაც სურდა ბიტკოინის დატოვება არსებული სახით და მათი, ვისაც სურდა ვალუტის განვითარება ნაღდი ფულის ფორმით, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მცირე გადახდებისთვის მისი უფრო იაფი და სწრაფი გამოყენება. Google-ის BigQuery-ის გამოყენებით დეიმ აღმოაჩინა, რომ ბიტკოინ-ქეში, ნაცვლად იმისა, რომ გაეზარდა ე.წ. მიკროგარიგებების მოცულობა, როგორც აცხადებდნენ დეზერტირი დეველოპერები, რეალურად აკუმულირდებოდა ამ ნაღდი ფულის მსხვილ მფლობელებს შორის.

“მე ძალიან მინდა რაოდენობრივად შევაფასო ის, რაც ხდება, რათა ვნახოთ, სად ხდება ბლოკჩეინის ლეგიტიმური გამოყენება, – ამბობს დეი. – მაშინ ჩვენ შევძლებთ გამოყენების მომდევნო შემთხვევაზე გადანაცვლებას და იმის განვითარებას, რისთვისაც ეს ტექნოლოგიები მართლაც შესაფერისია”. დეის ნამუშევარი სხვასაც შთააგონებს. ვარშაველი პროგრამისტი ტომაშ კოლინკო ავტორია მომსახურებისა, რომელიც ახდენს სმარტ-კონტრაქტების ანალიზს, რაც წარმოადგენს ზოგიერთი ბლოკჩეინის ფუნქციას და შექმნილია ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებების გამჭვირვალედ აღსრულების მიზნით, როგორიც არის გირაოთი უზრუნველყოფილი სესხები, მაგრამ ნაკლებად არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, რომელსაც იურისტები წარმოადგენენ.

დეკემბერში კოლინკო სინგაპურში გამართულ ჰაკატონზე შეხვდა დეის. შეხვედრიდან ერთ თვეში კოლინკო უკვე Google-ის ხელსაწყოების გამოყენებით ეძებდა “თვითგანადგურებად” წოდებულ სმარტ-კონტრაქტის ფუნქციას, რომელიც შექმნილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეზღუდვის მიზნით. საკუთარი პროგრამის დეის ინსტრუმენტთან ერთად გამოყენებისას, კოლინკოს სჭირდებოდა სულ რაღაც 23 წამი 1.2 მილიონი სმარტ-ხელშეკრულების გადასასინჯად, რასაც ადრე საათები დასჭირდებოდა. შედეგი: თითქმის 700 კონტრაქტში ღიად იყო დატოვებული თვითგანადგურების ფუნქცია, რაც ნებისმიერ პირს მისცემდა სმარტ-კონტრაქტის მყისიერი განადგურების საშუალებას, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პირი უფლებამოსილი. “წარსულში თქვენ ვერ შეძლებდით ყველა იმ ხელშეკრულების იოლად გადამოწმებას, რომლებიც იყენებენ ამ ფუნქციას, – ამბობს კოლინკო. – ეს ინსტრუმენტი როგორც ყველაზე შემაშინებელი, ისე ყველაზე შთამაგონებელია მათ შორის, რაც კი ოდესმე შემიქმნია”.

ამჟამად დეი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბიტკოინითა და ეთერიუმით. BigQuery-ს დაემატა ვალუტები Litecoin-ი, zcash-ი, dash-ი, bitcoin cash-ი, Ethereum classic-ი და dogecoin-ი. Google-ზე საკუთარ კრიპტომონაცემებს დამოუკიდებელი დეველოპერებიც ტვირთავენ. გასული წლის აგვისტოში ჰოლანდიელმა დეველოპერმა სახელად Wietse Wind-მა, BigQuery-ზე ატვირთა გარიგებების მონაცემთა მთელი 400 გიგაბაიტი კიდევ ერთი პოპულარული კრიპტოვალუტის – Ripple-ის XRP-ის ბლოკჩეინიდან. Wind-ის მონაცემებმა, რომელთაც ის ყოველ 15 წუთში ერთხელ აახლებს, დანიელი დიზაინერი თომას სილკიაერი შთააგონა, კრიპტოდინებების სითბური რუკა შეექმნა. შედეგად მიღებული ფერადოვანი სფერო ასახავს ერთი შეხედვით მილიონზე მეტ კრიპტოსაფულეს, მათ შორის დიდ ბირჟებს, როგორიც არის Binance-ი და ლონდონის კრიპტოდებეტ-ბარათების სტარტაპი Wirex-ი, რომელიც კისრამდე არის ჩაფლული XRP ტრანზაქციებში.

“Google-ი მძინარე გოლიათს წააგავდა ბლოკჩეინში”, – ამბობს BlockApps-ის დირექტორი კირენ ჯეიმს-ლუბინი, რომელიც პარტნიორობს Google-თან ბლოკჩეინის აპლიკაციებით ვაჭრობის სფეროში. დეის სამუშაოს გარდა, Google-მა წარადგინა ბლოკჩეინთან დაკავშირებული უამრავი საპატენტო განაცხადი, მათ შორის 2018 წელს – პატენტი ურთიერთმოქმედი ბლოკჩეინების “ცხაურის” გამოყენებაზე, რაც გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს _ ძალზე მნიშვნელოვანი რამ მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტის ურიცხვი მილიონები უკვე მოპარულია ჰაკერების მიერ. კომპანიამ ასევე დაავალა თავის დეველოპერებს აპლიკაციების შექმნა ეთერიუმის ბლოკჩეინისათვის. Google-ის ვენჩურულმა ქვედანაყოფმა GV-მ კრიპტოსტარტაპებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მთელი რიგი განახორციელა.

როგორც ჩანს, გოლიათი იღვიძებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *