ფოტო: webandcrafts.com
სოციალური მედიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სხვადასხვა აპლიკაციები მომხმარებელთა ლოიალობას ზრდიან და მათი რაოდენობაც დღითიდღე იმატებს. ადამიანების უმეტესობა სოციალურ მედიას გასართობად ან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებისათვის იყენებს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სოცმედიის როლი უბრალოდ გართობას გასცდა და გარკვეული ნაწილისთვის შემოსავლის წყაროდაც იქცა.
Salesforce-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 2026 წლისთვის ყველაზე პოპულარული სოცმედიაპლატფორმების რეიტინგს. ამ პლატფორმების პოპულარობის საზომად კი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობაა გამოყენებული.
მისი დაარსებიდან დღემდე Facebook-ი კვლავ ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმაა. Salesforce-ის მონაცემებით, Facebook-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 3.1 მილიარდს შეადგენს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 40%-ზე მეტია.
სწორედ Facebook-ის პოპულარიზაციამ განაპირობა ის, რომ მისი მფლობელი კომპანია Meta მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ფირმაა. საინტერესოა, რომ Facebook-ის შემდეგ ორ ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედიაპლატფორმა Instagram-სა და Whatsapp-საც Meta ფლობს, რაც ინდუსტრიაში კომპანიის დომინაციას უსვამს ხაზს. Instagram-ისა და Whatsapp-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 3-3 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, Meta-მ Instagram-ი 2012 წელს $1 მილიარდად შეიძინა, Whatsapp-ი კი 2014 წელს – $20 მილიარდად. Facebook-ი ძირითადად შედარებით ასაკოვან მოსახლეობაშია პოპულარული, Instagram-ის პოპულარობა კი დიდია მოსახლეობის ახალგაზრდულ სეგმენტში. Whatsapp-ს საკომუნიკაციო ქსელად თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია იყენებს.
3 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმის გარდა Meta ასევე ძალიან პოპულარულ Messenger-სა და X-ის კონკურენტ Threads-ს ფლობს. Messenger-ი 1 მილიარდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლით რეიტინგში მე-7, ხოლო Threads-ი 400 მილიონი მომხმარებლით მე-14 ადგილს იკავებს.
რეიტინგის მეოთხე ადგილი დაბალ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე პოპულარულ სოცმედიაპლატფორმას Youtube-ს აქვს დაკავებული. 2026 წლის მონაცემებით, პლატფორმას ყოველთვიურად 2.5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Youtube-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და ამაში დიდი წვლილი ამ პლატფორმაზე აქტიურ კრეატორებს მიუძღვით. შეგახსენებთ, Youtube-ის მფლობელი კომპანია Google-ია.
პოპულარობის მოკლე დროში ზრდით უკონკურენტო TikTok-ი რეიტინგში 2 მილიარდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის რაოდენობით მე-5 ადგილს იკავებს. TikTok-ის პოპულარობის ზრდა კოვიდპანდემიის დროს გლობალურმა კარანტინმა და იზოლაციამ განაპირობა და ის პანდემიის დასრულების შემდეგაც არ შენელებულა. TikTok-ის მფლობელი ჩინური ByteDance-ია.
რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ასევე ჩინური WeChat-ია, რომელსაც ყოველთვიურად 1.4 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მისი მფლობელი კი Tencent-ია. რეიტინგში 755 მილიონი მომხმარებლით კიდევ ერთი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმა Douyin-ი გვხვდება, რომლის მფლობელიც ასევე ByteDance-ია.
ბოლო წლების განმავლობაში ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებისა და, შესაბამისად, სოციალური მედიის პლატფორმების პოპულარობის ზრდამ, სამყაროს ზოგიერთ ნაწილში მარეგულირებელთა ჩართულობა და საბოლოო ჯამში აკრძალვებიც კი გამოიწვია. აღნიშნულის მიზეზი კონკრეტულად TikTok-ის პოპულარულობის ახალგაზრდებში ზრდაა, რის გამოც პლატფორმას სხვადასხვა სახელმწიფოში გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ სოცმედიაპლატფორმებს, მაგალითად რუსული Telegram-ი რეიტინგის მე-8 პოზიციას იკავებს, ამერიკული Snapchat-ი კი მე-9-ს. ილონ მასკის X-ი 650 მილიონი მომხმარებლით მე-12 პოზიციაზეა. საკმაოდ სპეციფიკური, კორპორაციული სოცმედიაპლატფორმა LinkedIn-ი, 15-ეულში ბოლო პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ 310 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს უკანასკნელი Microsoft-მა 2016 წელს $26 მილიარდად შეიძინა.
| რეიტინგი | პლატფორმა | მფლობელი | ყოველთვიური აქტიური მომხმარებლები |
| 1 | Meta | 3.1 მილიარდი | |
| 2 | Meta | 3 მილიარდი | |
| 3 | Meta | 3 მილიარდი | |
| 4 | YouTube | 2.5 მილიარდი | |
| 5 | TikTok | ByteDance | 2 მილიარდი |
| 6 | Tencent | 1.4 მილიარდი | |
| 7 | Messenger | Meta | 1 მილიარდი |
| 8 | Telegram | Telegram | 1 მილიარდი |
| 9 | Snapchat | Snap Inc. | 900 მილიონი |
| 10 | Reddit Inc. | 850 მილიონი | |
| 11 | Douyin | ByteDance | 755 მილიონი |
| 12 | X (Twitter) | X Corp. | 650 მილიონი |
| 13 | Pinterest Inc. | 578 მილიონი | |
| 14 | Threads | Meta | 400 მილიონი |
| 15 | Microsoft | 310 მილიონი |















