ამ მოვლენას 60-იან წლებს ნუ დაუკავშირებთ, ნურც ერაყის ომის საპროტესტო აქცია გეგონებათ! Occupy Wall Street სხვა აქციებისგან უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდება,რომ მის უკან არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დგას და არც ლიდერი ჰყავს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოძრაობა ტუნისში განხორციელებული მოვლენებიდან იღებს სათავეს, თუმცა ყველაფერი ვანკუვერით დაიწყო.
ერთ-ერთი დაბალტირაჟიანი არტ-ჟურნალის რედაქტორი და Adbusters Media Foundation-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კალე ლასნი დღესდღეობით Occupy Wall Street-ის ლიდერად მოიაზრება. გასული წლის ივლისში, როდესაც ლასნს პირველად შევხვდი, მან თქვა, რომ წარმოდგენა არა აქვს, მომავალში რა სახეს მიიღებს ზემოთ ხსენებული მოძრაობა, რომელიც სწორედ ვანკუვერში, ლასნის ჟურნალის რედაქციის საკონფერენციო დარბაზში დაიგეგმა.
2011 წლის ბოლოს კი კალე ლასნთან ინტერვიუ ჩავწერე.
კ.რ. – ახლახან The Washington Post-მა Occupy Wall Street-ის ლიდერი გიწოდათ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
კ.ლ. – ამ მოძრაობას ლიდერი არ ჰყავს, თუმცა იდეა ეკუთვნის ჩვენს სარედაქციო ჯგუფს, ფოტორეპორტიორებს, ჟურნალისტებს, ფრილანსერებს. ზაფხულში, როცა ჟურნალის მომავალზე ვმსჯელობდით, ტუნისში დაწყებული მოვლენები ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა ჩვენთვის. ვიფიქრეთ, რომ ამერიკის დროც დადგა – შესაფერისი დრო მსგავსი პროტესტისთვის. ივნისის ბოლოს ყველაფერი მოფიქრებული გვქონდა, ხოლო ივლისის შუა რიცხვებში მოქმედება დავიწყეთ.
ლასნი ესტონეთში დაიბადა. 7 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ავსტრალიაში გადასახლდა, 1972 წლიდან დღემდე კი კანადაში ცხოვრობს. თუმცა 69 წლის კალე ლასნი მსოფლიო მოქალაქეა, ვისთვისაც, როგორც ჩანს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობის აყოლიება კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ყოველდღე იღებს შეტყობინებებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ლონდონისა და შანჰაის ჩათვლით. ბუნებით მებრძოლი პიროვნებაა, ბედს არასოდეს ეგუება. მის ოთახში კედელზე უზარმაზარი მსოფლიო რუკაა გაკრული, სადაც ფერადი ჭიკარტებით აღნიშნავს ხოლმე, Occupy Wall Street-ის მომდევნო აქცია რომელ ქალაქში იგეგმება.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს მოძრაობა ვანკუვერში ჩამოყალიბდა. მის სიახლოვეს, ქალაქ სიეტლში, 1999 წელს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიგლობალისტების გამოსვლები იმართებოდა. მაშინ მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოების საქმიანობაზე მსხვილი კორპორაციების გავლენას აპროტესტებდა. მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ხალხის მასად იქცა. Occupy Wall Street-ის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
კ.რ. – არც მიკვირს, რომ მიზანს მიაღწიეთ. თქვენ ხომ ერთ დროს ჰიპი იყავით.
კ.ლ. – ერთხელ ჯიმი ჰენდრიქსის კონცერტს დავესწარი, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე. არასოდეს დამავიწყდება ის სიცოცხლით აღსავსე ხალხი. Occupy Wall Street-ის აქციების მონაწილენი სწორედ იმ მაყურებლებს მაგონებენ.
კ.რ. – შთამბეჭდავია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ლიდერს ჰგონია, მის მიერ დაგეგმილი აქციები მსოფლიოს შეცვლას შეძლებს.
კ.ლ. – ასე რაციონალურად ნუ შეაფასებთ ამ მოვლენას. ჩვენს მოძრაობას დიდი ისტორია აქვს, გარდა ამისა, ეს არის ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა თაობის მიერ იმართება. ამ თაობას კარგად ესმის, რომ მომავლის შეცვლა მათ ხელშია. ჩვენ მომსწრენი გავხდით უზარმაზარი პოლიტიკური ცვლილებების მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აგრეთვე ამერიკის ეკონომიკური კრიზისის და ძალიან ვწუხვართ, რომ დღევანდელი აშშ, ვაშინგტონის დახმარების გარეშე, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეშია. ზოგადად ძნელია გათვალო, რა გელოდება მომავალში, თუმცა ვიეტნამის ომის დასასრულიც ხომ სწორედ ახალგაზრდა თაობამ განაპირობა. როცა ხედავ, რომ შენი შვილების მომავალი საფრთხეშია, უნდა იბრძოლო, რომ რაღაც შეცვალო. Occupy Wall Street-ის უმთავრესი მიზანი მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაა. მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მიზანს მივაღწევთ.
კ.რ. – ვაშინგტონიდან თუ გაქვთ რაიმე სახის მხარდაჭერა?
კ.ლ. – არავითარი, თუმცა არც გვაქვს სურვილი, რომ ვინმემ დასახმარებლად ხელი გამოგვიწოდოს. არასოდეს გვიფიქრია, რომ ალ გორი ჩვენი მისამართით ქებას არ დაიშურებდა. ჩვენ არც დემოკრატებთან ვაპირებთ მეგობრული კავშირების დამყარებას, რაც Tea Party-იმ განახორციელა რესპუბლიკელებთან. თუ ერთხელ მაინც დაუშვებ ამას, დაღუპული ხარ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას უფლებას აძლევ, გმართონ. Tea Party-იმ პროტესტით მიზანს ვერ მიაღწია. ახლა ჩვენი დრო დადგა.
კ.რ. – მოდი, ვისაუბროთ მოვლენაზე „გაყავი და იბატონე”. დასავლეთში უამრავი მაგალითია იმისა, რომ სახალხო მოძრაობა აზრთა სხვადასხვაობის გამო ხშრიად განხეთქილებამდე მიდის. თუმცა ხდება, რომ რამდენიმე მოძრაობა ერთი იდეის გარშემო ერთიანდება. დასაშვებია თუ არა, რომ Tea Party და Occupy Wall Street ოდესმე გაერთიანდეს?
კ.ლ. – დაივიწყეთ „გაყავი და იბატონე”. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ. Tea Party-ის მიზნის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ მისი წევრები ქვეყნის სისტემაში არსებულ დეფექტებს ნათლად ხედავენ, თუმცა მათი სამიზნე მთავრობაა, ხოლო Occupy Wall Street-ის სამიზნე ის მსხვილი კომპანიებია, რომლებმაც ძალაუფლებით ხელისუფლებას გაუსწრო. თუკი ამ პარტიის წარმომადგენლებს ჩვენთან შემოერთების სურვილი აქვთ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ. მათ კარგად ესმით, რომ ჩვენ ამ მსხვილი კომპანიების ძალაუფლების შეზღუდვას ვისახავთ მიზნად. თუკი პოლიტიკაში ფულისადმი სიყვარული არ შემცირდა, დემოკრატიას დიდი საფრთხე ელოდება.
კ.რ. – ეს ყველაფერი სად უნდა განხორციელდეს?
კ.ლ. – არ ვიცი, მაგრამ ხომ ხედავთ, ბოლო პერიოდში რა ხდება ევროპაში?! ერთ შაბათს იმდენი ხალხი გამოვიდა, ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებოდით. შემდგომ, პარიზში დიდ აქციას ვგეგმავდით, თუმცა მოსახლეობას მაინც პოლიტიკური ლიდერის იმედი აქვს. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს Wall Street-ია, მეორე მხარეს ლონდონის საფონდო ბირჟა. თუმცა სტიმულის მიუხედავად, მათ არ სჯერათ, რომ რაიმეს შეცვლა შესაძლებელია. ეს არასწორი მიდგომაა, ჩემი აზრით, და პრობლემას ვერ გადაჭრის.
კ.რ. – მათგან რას მოითხოვთ?
კ.ლ. – 1%-იან გადასახადებს ყველანაირ ფინანსურ ოპერაციაზე, აგრეთვე გვსურს, რომ შევაჩეროთ ე.წ. სწრაფი ფული, გვინდა, რომ წინ აღვუდგეთ დერივატების ბაზარს, საკრედიტო რისკის ცვალებადობას და იმ ეგზოტიკურ ფინანსურ პროდუქტს, 2008 წელს ბოლო რომ მოგვიღო.
კ.რ. – ეს ეროვნული პრობლემა აღარ არის, მან გლობალური მნიშვნელობა შეიძინა.
კ.ლ. – ჩვენს ვებსაიტს ათასობით უცხოელი ნახულობს და ეხმაურება. რა თქმა უნდა, ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია.
კ.რ. – ინტერვიუმდე გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შედის Adbusters Media Foundation-ის წევრთა სიაში. ჯორჯ სოროსიც ხომ თქვენი სარედაქციო ჯგუფის წევრია? მისგან ფინანსური დახმარება არ მიგიღიათ?
კ.ლ. – არა, ჯორჯ სოროსი არ შედის ადბასტერის სარედაქციო ჯგუფში. არც არავითარი თანხა არ გადმოურიცხავს ჩვენთვის, თუმცა ასე რომ მოქცეულიყო, დიდი სიამოვნებით მივიღებდი. სხვათა შორის, მისი რამდენიმე წიგნი წავიკითხე და მომეწონა.
კ.რ. – როდის აპირებთ Occupy K Street-ის წამოწყებას?
კ.ლ. – ზუსტად ვერ გეტყვით, ჯერ უნდა დაიგეგმოს ყველაფერი.
მიუხედავად ასაკისა, კალე ლასნი გაცილებით ახალგაზრდად და ენერგიულად გამოიყურება. – ის ძალიან მაგონებს Occupy Wall Street-ის ახალგაზრდა აქტივისტებს.