Virgin Galactic-მა კოსმოსში ფრენის საფასურის $450.000-მდე გაზრდის შემდეგ 100 ბილეთი გაყიდა

Virgin Galactic-მა კოსმოსში ფრენის საფასურის $450.000-მდე გაზრდის შემდეგ 100 ბილეთი გაყიდა

ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-მა მიმდინარე წლის აგვისტოში კოსმოსში ფრენის საფასური 450 ათას აშშ დოლარამდე გაზარდა, რის შემდეგაც მან 100 ბილეთის გაყიდვა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მანამდე SpaceShipTwo-ის ტიპის სუბორბიტულ ხომალდზე ერთი ადგილის ფასი 250 ათასი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.

საერთო ჯამში Virgin Galactic-ის ფრენებზე ამ დროისთვის 700-მდე ადგილია დაჯავშნილი. მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს ეკუთვნის. კომერციული ფრენების დაწყებამდე, რაც 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, Virgin Galactic-ი კოსმოსში სამოგზაურო 1,000 ბილეთის გაყიდვას იმედოვნებს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ სადებიუტო სრულეკიპაჟიანი საცდელი ფრენა, რომელშიც თავად ბრიტანელი მილიარდერი მონაწილეობდა, მიმდინარე წლის 11 ივლისს შეასრულა. მისია VSS Unity-ის სახელწოდებით ცნობილი კოსმოსური თვითმფრინავის მეშვეობით განხორციელდა, რომელიც ხმელეთიდან აპარატ VMS Eve-ის დახმარებით აფრინდა. ხომალდმა მგზავრები 86 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანა და რამდენიმე წუთში დედამიწაზე უსაფრთხოდ დააბრუნა.

რამდენიმე დღის შემდეგ სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისია Virgin Galactic-ის მთავარმა კონკურენტმა, Blue Origin-მა განახორციელა. მასში მონაწილეობას კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, საკუთარ ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად იღებდა. მათ გარდა New Shepard-ის ბორტზე 19 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი, ოლივერ დამენი და 82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი იმყოფებოდნენ. მისიის დროს Blue Origin-ის სამგზავრო კაფსულამ ჩვენი პლანეტისა და კოსმოსის გამყოფი, ხმელეთიდან 100 კილომეტრით დაშორებული ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა და გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის კომპანიამ თავის პირველ სუბორბიტულ ეკიპაჟიან მისიაში მონაწილეობის მსურველთათვის ერთი ბილეთი აუქციონზე გაიტანა. ანონიმმა მყიდველმა მასში 28 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა მოუცლელობის მიზეზით New Shepard-ის ხომალდით კოსმოსში გაფრენა ვერ შეძლო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *