General Electric-ი სამ საჯარო კომპანიად გაყოფას აპირებს

General Electric-ი სამ საჯარო კომპანიად გაყოფას აპირებს

ამერიკული გიგანტი, General Electric-ი სამ საჯარო კომპანიად გაყოფას აპირებს, რათა ავიაციის, ჯანდაცვისა და ენერგეტიკულ სფეროებს ცალ-ცალკე უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-თან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლერი ქალპმა განაცხადა. კომპანიის სექტორული დაყოფით, General Electric-ის სამეთვალყურეო საბჭო ცალკეულ ინდუსტრიებში არსებული კომპანიების განვითარებას და მათთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვას უკეთ შეძლებს.

ცნობისთვის, ერთ დროს, General Electric-ი ამერიკული წარმოების ერთგვარ სიმბოლოდ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში კომპანიას არცთუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს, რაზეც ინვესტორებისადმი გაცემული კვარტალური დივიდენდის მოცულობა მეტყველებს, რომელიც კომპანიის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ერთ ცენტს შეადგენს. ცოტა ხნის წინ General Electric-მა ლოკომოტივებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების ბიზნესები გაასხვისა და ნავთობმოპოვების ინდუსტრიიდანაც გავიდა.

სამ კომპანიად დაყოფას General Electric-ი 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს, როცა მას GE Healthcare გამოეყოფა – კომპანია, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფებსა და სხვა სამედიცინო დანადგარების წარმოებას განაგრძობს. ცნობისთვის, 2020 წელს კომპანიის ამ დანაყოფის შემოსავალმა $17 მილიარდი შეადგინა. 2024 წლის დასაწყისში General Electric-ს ენერგეტიკული კომპანია გამოეყოფა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურებისთვის ტურბინებს დაამზადებს. ენერგეტიკული კომპანიის ნაწილად გადაიქცევა GE-ს ციფრული დანაყოფიც.

მესამე კომპანია, რომელიც General Electric-ს გამოეყოფა, რეაქტიული ძრავების წარმოებასა და მათ შემდგომ მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. ცნობისთვის, General Electric-ი თვითმფრინავების ამერიკული მწარმოებლის, Boeing-ის მთავარი მომწოდებელია. 2020 წელს, კომპანიის ამ დანაყოფის შემოსავალმა $22 მილიარდი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *