მედიკამენტების გარკვეულ დეფიციტურ ჯგუფზე ფასნამატი შესაძლოა 300%  იყოს - „იმპექსის“ გენერალური დირექტორი

მედიკამენტების გარკვეულ დეფიციტურ ჯგუფზე ფასნამატი შესაძლოა 300%  იყოს - „იმპექსის“ გენერალური დირექტორი

მედიკამენტების მაღალი ფასი საზოგადოების მხრიდან ხშირად საკმაოდ დიდი კრიტიკის საგანია. პანდემიის ფონზე გაზრდილი უმუშევრობისა და სიღარიბის დონის ფონზე, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს.

პოლიტიკოსთა ნაწილი ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ფასნამატის გამო აკრიტიკებს და შედარებას მეზობელი თურქეთის ფასებთან აკეთებს, სადაც მედიკამენტების ფასები რამდენჯერმე ჩამორჩება საქართველოში არსებულ ფასებს.

აგვისტოს დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე 300%–400%–იან ფასნამატს აწესებენ, რაც ისედაც გაჭირვებული ქვეყნისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. მან ამავდროულად სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის აუცილებლობასა და კომპრომისის მიღწევაზე ისაუბრა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს ჯერ კიდევ იკვლევს, შესაბამისად, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები მედიკამენტების ცალკეული ჯგუფების ფასნამატის შესახებ. თუმცა ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ფასნამატის სიდიდე საშუალოდ  26%–34%–ია.

„ფორბსთან“ საუბრისას, სააფთიაქო ქსელ ,,იმპექსის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ აღნიშნა, რომ ,,საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მძაფრი კონკურენციის პირობებში შეიძლება გამოიყოს დეფიციტური პროდუქცია, რომელზეც შესაძლოა ფასნამატი სწორედ 300% იყოს. ასეთი შეიძლება იყოს პირობითად 100 დასახელების პროდუქტი. თუმცა დანარჩენ 6,000 მედიკამენტზე ფასნამატი შეიძლება ძალიან დაბალი 1%-იც კი იყოს, თუ კონკურენცია მაღალია. საერთო ჯამში, საშუალო შეწონილი მარჟა მაღალი არ გამოდის. საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წლიური მოგება არც ისე მაღალი და საინტერესოა, დაახლოებით 5-7%-ია”.

2019 წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით, ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა 1%–დან 10%–ის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.