Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა

Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა

Visa-მ კავკასიაში რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დანიშნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ პოზიციაზე დიანა კიღურაძე საქართველოსა და სომხეთში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდაზე იქნება ფოკუსირებული.

„დიანამ საქმისადმი ერთგულება და ენთუზიაზმი გამოიჩინა კავკასიის რეგიონში პროფესიონალების გუნდთან ერთად და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგონში Visa-ს გაფართოების პროცესის დაჩქარებაში“, – განაცხადა  Visa-ს უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა უკრაინაში, საქართველოში, დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE), ვერა პლატონოვამ.

დიანა კიღურაძემ Visa-ში მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ის საქართველოსა და სომხეთში ბიზნესგანვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დიანას წვლილი კავკასიაში Visa-ს სტრატეგიის განხორციელებაში დიდია. მას 15-წლიანი გამოცდილება აქვს რიტეილ-ბანკინგის, გაყიდვების, ბიზნესგანვითარებისა და ციფრული არხების მიმართულებით. Visa-ში მუშაობის დაწყებამდე, ის თიბისი ბანკში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა დისტანციური სერვისების გაყიდვების მიმართულებით, ის ასევე მუშაობდა VTB Bank Georgia-შიც.

„მოხარული ვარ რომ Visa-ში ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან, მომხმარებლებთან და რეგულატორებთან გასულ წლებში მჭიდროდ მომიწია მუშაობა, ვამაყობ იმით, რომ Visa-ს კავკასიაში ციფრული გადახდების კუთხით წამყვანი ადგილი აქვს, ახალ პოზიციაზე მუშაობისას, მე ვგეგმავ ამ დანატოვარის კიდევ უფრო განვითარებას ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტების წარდგენით“, – განაცხადა დიანა კიღურაძემ.

ახალ პოზიციაზე დიანა კიღურაძე ჩაანაცვლებს კრისტინა დოროსს, რომელმაც ცოტა ხნის წინ Visa-ში მუშაობის ხუთი წლისთავი აღნიშნა. კრისტინა დააწინაურეს და იგი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის რეგიონის მენეჯერად და ვიცეპრეზიდენტად გააგრძელებს საქმიანობას.

ცნობისთვის, Visa მსოფლიოში ციფრული გადახდების მიმართულებით წამყვანი კომპანიაა. გლობალური ქსელი VisaNet მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხო და სანდო გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.