ვისკის მეამბოხეები

ვისკის მეამბოხეები

ალტერნატიული ვისკიებითა და სხვა საგანგებოდ გამოხდილი ალკოჰოლით შეირაღებული, ნეშვილის Corsair Distillery-ს ინდივიდუალური დისტილაციის ხელოვნება ახალ საფეხურზე აჰყავს, რითაც დრამატულად უცვლის მას სახეს.

ამერიკაში ინდივიდუალური წესით გამოხდილ სასმელებს უხვად აწარმოებენ და ყოველ მათგანს თითქმის ერთნაირი გემო აქვს. ბარის თაროები მშრალი, თუმცა შედარებით უარომატო ჯინებითაა სავსე, მათ გვერდით კი გამდნარი ლავასავით სასიამოვნო, ფეთქებადი ვისკიები და ერთმანეთის მსგავსი კარამელისტონებიანი ბურბონებია ჩამწკრივებული. ამის ფონზე, დერეკ ბელისა და ენდრიუ ვებერის გაცნობა ნამდვილი შვებაა. ისინი Corsair Distillery-ს თანადამფუძნებლები არიან, ნეშვილის (ტენესი) გარეუბანში, ქოხისმაგვარ შენობაში სხედან და წინ საკმარისად დიდი რაოდენობის ბოთლები უწყვიათ, რომ გულიანი ქეიფი გამართონ.

ვებერმა და ბელმა – ორივეს წვერი აქვს მოშვებული და თამამად აცვია (ვებერს – ყვავილებიანი პერანგი და გახუნებული ჯინსი, ბელს კი ლურჯი, ზოლებიანი კოსტიუმი, რომლის ჯიბიდანაც ცხვირსახოცია ამოჩრილი) – Corsair-ის სასმელების მთავარ განმსაზღვრელ ნიშნად ორიგინალურობა აქციეს. სწორედ ამან მისცა ბიძგი, თავიანთი პირველი ვისკი, Triple Smoke-ი შეექმნათ (შოტლანდიური ტორფის, ამერიკული ალუბლისა და გერმანული წიფლისგან დამზადებული), რომელიც დღემდე მათი ბესტსელერია. დუეტი ახლა ასპარეზზე ახალი ნაზავის გამოყვანას ცდილობს, რისთვისაც, როგორც ბელმა რამდენიმე წუთით ადრე განმარტა, ორიგინალობას იმავე დოზებით მიმართავს: “ჩვენი დევიზი ასეთია: რაც უკვე გაკეთებულია, იმის გაკეთება ჩვენ არ გვინდა”.

ტიტის ფორმის ჭიქებში ექვს 100-პროცენტიან ერთალაოიან ვისკის ასხამენ და ყოველი ჭიქის გასინჯვის შემდეგ, სასმელს კომენტარებს უკეთებენ და ახარისხებენ. პირველი გახლავთ შეუბოლავი ერთალაოიანი ვისკი (“Grape-Nuts-ის ხრამუნები”, – ამბობს ბელი), მას ხუთი ალაო შებოლილი სასმელი მოსდევს – ჰიკორით, (“ბარბექიუსავითაა”, – აღნიშნავს ვებერი), ნეკერჩხლით, ამერიკული თხილით (“ყვავილოვანია, მსუბუქი და ბოლოსკენ თხილის გემო დაჰკრავს”, – აგრძელებს ის), ვაშლით, დაბოლოს, შავი კაკლით დამზადებული – ეს ცხარე ყლუპია. “ნამდვილად არ ისურვებდით, ეს ბოთლში ერთადერთი ინგრედიენტი რომ იყოს, – გვიხსნის ვებერი, – მაგრამ მულტიშებოლილი ვისკის შესაქმნელად ძალიან კარგი რაღაცაა, იმიტომ რომ ნოყიერ ნიადაგს უზრუნველყოფს”.

ეს არის ვისკი, რომელსაც ინდუსტრიის ბევრი ტრადიციონალისტი პირდაპირ ნიჟარაში გადაუშვებდა, თუმცა 41 წლის ბელი და ამავე ასაკის ვებერი საკუთარი პროდუქტით აღფრთოვანებულები არიან. Corsair-ის ამუშავებიდან შვიდი წლის თავზე, ორი მეამბოხე კვლავაც გამოწვევას ესვრის ყველა იმ ადათ-წესს, რაც სპირტიან სასმელებშია დამკვიდრებული – კვინოას ვისკისა და კასრში დაძველებული ჯინის შექმნით დაწყებული, უფროსი გამომხდელის რანგში ქალის დაქირავებით დამთავრებული. დღეს Corsair-ის ალკოჰოლური სასმელები 39 შტატსა და შვიდ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ბოთლი, საშუალოდ, $50 ღირს და, რაც მთავარია, ბრენდს ერთგული მიმდევრები ჰყავს: რამდენიმე წელია, წელიწადში დაახლოებით 14,000 ყუთი იყიდება. გარდა ამისა, მათ ჯილდოებიც დააგროვეს, მათ შორისაა ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მყოფი Wizard of Whisky- ის ღონისძიებაზე მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლები, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი 2014 წელს, ამ კონკურსზე მიღებული American Craft Distiller of the Year-ის ჯილდოა.

Corsair-მა არსებობა ისეთ ადგილას დაიწყო, სადაც არაერთი სამეწარმეო რეცეპტი იბადება ხოლმე. გარაჟში. ამ შემთხვევაში, გარაჟი ნეშვილში, ბელის გარეუბნის სახლს ეკუთვნოდა და ვიდრე სხვა სასმელების გამოხდას დაიწყებდნენ, მანამდე ის და ვებერი იქ ლუდს ხარშავდნენ. რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტისა და ინვესტორებთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, მათ უეცრად კრედიტები აიღეს და იქვე, კენტუკის შტატში მდებარე ქალაქ ბოულინგ- გრინში, პატარა სახდელი ქარხანა გახსნეს, იმიტომ რომ ნეშვილში კომერციული მიზნებისთვის ასეთი ქარხნის გახსნა არალეგალური იყო. მალე მათ წითელი აბსენტი (რომელიც წითელი ჰაბისკუსის დამატების შედეგად, ლალისფერია და ყვავილოვანი გემო აქვს) გამოუშვეს. აბსენტი მომხმარებელმა კარგად მიიღო; გამოუშვეს ასევე ჯინი, რომელიც ისეთი კლასიკური მცენარეებისგან არის დამზადებული, როგორიცაა ღვია და ქინძი, ოღონდ ნაცვლად იმისა, ეს მცენარეები პირდაპირ დაეყენებინათ, გამოსახდელი ქვაბის თავზე კალათით ჩამოკიდეს.

მაშინ, როცა ბევრი შინამრეწველური ბრენდი საკუთარი ნაწარმის გაჟღენთას თანამედროვე ეპოქის სულისკვეთებით ცდილობს და ხშირად ამ ნაწარმს თითქოსდა ძველ საოჯახო რეცეპტებთან აკავშირებს, Corsair-ის წამყვანი ნიში უშიშარი ახალგაზრდული სულია. თავიანთი იარლიყისთვის მათ შავ კოსტიუმებში ჩაცმული სამი ტიპის სურათი შეარჩიეს (ვებერი და ბელი თქვენს ინტერპრეტაციას ანდობენ, ფოტო Rat Pack-ს მოგაგონებთ, “ძმებ ბლუზებს” თუ “ცოფიან ძაღლებს”). 2010 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, როგორც იქნა, ნეშვილშიც გახსნეს თავიანთი მეორე სახდელი ქარხანა, რომელიც დღეს Corsaire- ის ვისკის წარმოების ცენტრს წარმოადგენს. 28 წლის ანდრეა ქლოდფეტლერიც სწრაფად დააწინაურეს – სადეგუსტაციო დარბაზის ბარმენის თანამდებობიდან უფროსი გამომხდელის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ამ ზაფხულს Corsaire-ი მეხუთე ქარხანას გახსნის, რითაც მათი სახდელი საშუალებების ტევადობა 5,000 გალონს გადააჭარბებს (2008-ში ეს რიცხვი 50-ს არ აღემატებოდა). გარდა ამისა, ვენახების გამოყენებასა და ბრენდისა და ღვინის წარმოებასაც გეგმავენ.

ლამის თინეიჯერული მოუთმენლობით , Corsaire-ს არც ის უნდოდა, რომ ვისკის დაძველებას დალოდებოდა (არადა, ვისკის სტატუსი, და გემოც, ხანდახან სწორედ დროსთან ერთად უმჯობესდება), და არც ის, რომ რომელიმე ცალკეულ პროდუქტზე ფოკუსირებულიყო. Corsaire-ის ვისკი ყოველთვის ერთი წლის ან ნაკლებისაა, ბოთლზე კი ასაკის შესახებ არაფერი წერია (მუდამ თავდაჯერებული ბელი აცხადებს: “თუ დაძველებული ვისკი გინდათ, შემიძლია, გითხრათ, რომელია ჩემი საყვარელი”). მოუთმენლობა Corsaire-ს საშუალებას აძლევს, სწრაფად ბევრი ვისკი გამოუშვას; Triple Smoke-თან ერთად, მან ისეთი უჩვეულო რეცეპტების დებიუტები შემოგვთავაზა, როგორიცაა Oatrage-ი (რომელსაც ხრამუნების – Honey Nut Cheerios-ის – გემო აქვს), Hopmonster-ი (რომელიც ბელგიურ Tripel-ებსა და ამერიკულ IPA- ებს, მოგაგონებთ) და Quinoa Whiskey (თხილისა და ბოლოში წიწაკისებრი გემოთი). ეს ვისკიები თავგადასავლების მოყვარულთათვისაა და არა ალკოჰოლის მომხმარებლებისთვის.

მაგრამ Corsaire-ის ოჯახის ბოლოდროინდელ, ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს ბოთლში როდი ნახავთ. ეს 300-აკრიანი ფერმის მიწაა, რომელიც ბელს მემკვიდრეობით ერგო და რომელიც ნეშვილის ცენტრიდან სადღაც 15 წუთის სავალზე, მდინარე ქამბერლენდის დაკლაკნილ, ყანჩებით სავსე ნაპირებზეა განთავსებული. Corsaire-მა იქ დასაალოებელი ადგილი უკვე ააშენა და ხორბლის მოყვანასაც აპირებს. ცხადია, მიწის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია: პირდაპირი გზა ხორბლიდან ბოთლამდე გაცილებით მარტივია და გაზრდილ წნეხს Corsaire-ის მომმარაგებელზე, სავარაუდოდ, შეამცირებს. მაგრამ ძნელია, ამ მიწას უფრო სიმბოლური თვალით არ შეხედო: ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ვებერი და ბელი შემოქმედებითი თვალსაზრისით გამოიყვნენ. “ჩვენ არ გვაქვს საბჭო, – ამაყად ამბობს ბელი, – არ გვყავს გარე ინვესტორები. ძალაუფლებისთვის ბრძოლა აქ საერთოდ არ ხდება. თუ გიჟური ვისკის შექმნა გვსურს, შევქმნით კიდეც”.