პარიზში მიმდინარე ზაფხულის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მეოთხე მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ჭინჭარაულმა, რომელიც 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია) ასპარეზობდა, ვერცხლის მედალი მოიგო.
ჭინჭარაულმა ტურნირზე 248,2 ქულა დააგროვა, რაც მეორე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფინალში გასასვლელად გამართულ შეჯიბრში ვლადიმერმა მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა ფინალურ ეტაპზე შედეგი გააუმჯობესა და საქართველოს პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში სროლაში პირველი მედალი მოუტანა.
როგორც აღვნიშნეთ, პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს უკვე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული. პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიგო, ბირთვის კვრაში ოქროს მედალს გიგა ოჩხიკიძე დაეუფლა, ხმლით ფარიკაობაში კი ბრინჯაოს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. დღეს მათ რიცხვს ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი შეემატა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები 28 აგვისტოს ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. პარასპორტსმენებს შორის სპორტის 22 სახეობაში შეჯიბრი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარიზის პარაოლიმპიადაზე 14 წარმომადგენელი ჰყავს.