მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალის უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის არსებულ დისბალანსს ასახელებს. ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენობის სამუშაო მოითხოვს უმაღლეს განათლებას.
“ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა დაბალ-პროდუქტიულ სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სექტორში მუშაობს, სადაც უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა შედარებით დაბალია”, – წერს მსოფლიო ბანკი და აღნიშნავს, რომ შედეგად, საქართველოში განათლებული მუშახელის რაოდენობა მოთხოვნას აჭარბებს. ამასთან ერთად, ბანკი იმასაც აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირის ცოდნა, შესაძლოა, საკმაოდ შორს იყოს მოთხოვნებთან, რომელიც მაღალი უნარების მქონე სამუშაოს სჭირდება.
მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ანგარიშის (სამუშაო ძალის გამოწვევები საქართველოში) მიხედვით, თუკი ყველა უმუშევარი იქნებოდა დასაქმებული საქართველოში და თუკი ახალი სამუშაო ადგილები მოითხოვენ ამ ეტაპზე არსებულ საგანმანათლებლო უნარებს, უმაღლესი განათლების მქონე პირების 22% ვერ შეძლებდა სამუშაო ადგილის პოვნას. ამავე კვლევით, სამუშაო ადგილების 31%, რომელიც პროფესიულ განათლებას მოითხოვს, ვერ შეივსება.
“დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირების უმეტესობა მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელიც პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. ამასთან, დამსაქმებლებს უძნელდებათ სპეციალური პროფესიული განათლების მქონე პირების პოვნა და დასაქმება. მსგავსია IT ტექნოლოგიები, ტრაქტორის ოპერატორები, სასტუმროს მენეჯმენტის პერსონალი და სხვა. ამასთან, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო განათლების ხარისხით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა, – საკმაოდ დაბალი 3 ქულით 7-დან. წიგნიერების მაღალი დონის და უმაღლეს განათლებაზე მაღალი მოთხოვნის მუხედავად, განათლების ხარისხი რჩება მნიშვნელოვან შემზღუდავ საკითხად საქართველოში”, – წერს მსოფლიო ბანკი.