Xiaomi-მ ივნისში სმარტფონების გაყიდვებით Samsung-სა და Apple-ს გადაასწრო

Xiaomi-მ ივნისში სმარტფონების გაყიდვებით Samsung-სა და Apple-ს გადაასწრო

კვლევითი კომპანია Counterpoint-ის თანახმად, ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ ივნისში უფრო მეტი მობილური გაყიდა ვიდრე მისმა კონკურენტებმა, Samsung-მა და Apple-მა.

Xiaomi-ს გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 26%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ჩინური ბრენდის წილმა მთლიან გაყიდვებში მსოფლიოს მასშტაბით 17.1% შეადგინა. კვლევის თანახმად, იმავე მონაცემებში Samsung-ის წილი 15.7% იყო, ხოლო Apple-ის 14.3%. კვარტლის მონაცემებით კი Xiaomi მეორე ყველაზე დიდი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია გახლავთ Samsung-ის შემდეგ.

Counterpoint-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნული ტრენდი ვიეტნამში კოვიდ-19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდით შეიძლება აიხსნას, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა Samsung-ის სმარტფონების წარმოება. Samsung-მა აღნიშნული მოსაზრება საკუთარ განცხადებაში დაადასტურა. მათი თქმით, წარმოების შემცირება ვიეტნამში შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება, თუმცა წარმოება მიზნობრივ ნიშნულს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, Xiaomi კიდევ ერთი ჩინური კომპანია Huawei-ის გაყიდვების შემცირებით გაჩენილი სივრცის ამოვსებას საკუთარი აგრესიული პოლიტიკით ცდილობს. გარდა ამისა, ის Huawei-ის სამიზნე ბაზრების, ჩინეთის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ათვისებასაც ცდილობს.

კიდევ ერთი კვლევითი კომპანიის თანახმად, Xiaomi ევროპაში გასული სამი თვის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სმარტფონი იყო და მისი წილი სრულ გაყიდვებში 25%-ს უტოლდებოდა. გარდა ამისა, Xiaomi ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ბრენდია ინდოეთშიც, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სმარტფონების ბაზარზე.