მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კითხვა-პასუხის ვებგვერდი, Yahoo Answers-ი 4 მაისს ფუნქციონირებას შეწყვეტს. მომხმარებლები საიტზე შესვლისთანავე Yahoo-ის საწყის გვერდზე ავტომატურად გადავლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვა-პასუხის არქივიც სრულად წაიშლება.
ცნობისთვის, პლატფორმა პირველად 2005 წელს შეიქმნა. თავიდან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, მაგრამ ისეთი კონკურენტების გამოჩენისთანავე, როგორიცაა Reddit-ი, Quora და ა.შ. , Yahoo Answers-ზე აქტიურობამ იკლო, რაც მისი საბოლოოდ გაუქმების მიზეზიც გახდა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლებს მონაცემებისა და ვებგვერდზე ატვირთული საკუთარი მასალის ჩამოტვირთვა 30 ივნისამდე შეეძლებათ.
თავის მხრივ, Yahoo-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია „კონცენტრირება იმ პროდუქტებზე, რომლებიც უკეთ ემსახურება ადამიანებს“.
„Yahoo Answers-ი კომპანიის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენდა, თუმცა მისმა პოპულარობამ წლების განმავლობაში იკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებიც შეიცვალა“, – წერია კომპანიის ვებგვერდზე.
მეტი დეტალის გასარკვევად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს, რომელზეც დაწვრილებითაა ახსნილი, როგორ და რა ვადებში შეძლებთ მასალის ჩამოტვირთვას.