Yandex-მა და Uber-მა 1 მლრდ დოლარის ღირებულების შეთანხმება დადეს

Yandex-მა და Uber-მა 1 მლრდ დოლარის ღირებულების შეთანხმება დადეს

რუსულმა ინტერნეტ გიგანტმა, Yandex-მა Uber-ის წილები იყიდა მათ საერთო ფუდტექ, მიტანის სერვისისა და თვითმართვად ბიზნესებში. ერთ მილიარდდოლარიანი შეთანხმებით რუსულმა კომპანიამ საკუთარი წილი გაზარდა ერთობლივ შემოსავლებში.

მანქანის ერთობლივი საწარმოს რესტრუქტურიზაციის პროცესმა Yandex-ის წილი 71%-მდე გაზარდა, ხოლო Uber-ის წილი კი 33.5%-დან 29%-მდე შეამცირა. გარდა ამისა, რუსული კომპანიის განცხადებით, მათ დაიტოვეს ორ მილიარდდოლარიანი ობლიგაციები, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, წილების სრულად შეძენის უფლება ექნებათ.

2021 წლის შემოსავლების პროგნოზის გაუმჯობესებისა და მეორე კვარტლის დადებითი შედეგების შემდეგ, ივლისში Yandex-მა ელექტრონულ კომერციაში ინვესტიციების რაოდენობა 650 მილიონ აშშ დოლარამდე გაზარდა. გარდა აღნიშნული მიზეზებისა, ამ ნაბიჯის გამომწვევი ფაქტორი პანდემიის დროს ელექტრონული კომერციისადმი გაზრდილი მოთხოვნაც გახდა.

Uber-თან დადებული შეთანხმების შემდეგ, Yandex მიიღებს Uber-ის 33.5% არაპირდაპირ წილებს Yandex.Eats, Yandex.Lavka-სა და Yandex.Delivey ბიზნესებში. ამით კი რუსული კომპანია ყოველი მათგანის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება.

Yandex-ის სპიკერის განცხადებით, რესტრუქტურიზაციის პროცესი დირექტორთა საბჭოს მიერ უკვე დადასტურებულია და ორ ეტაპად წარიმართება. იგი სავარაუდოდ წლის ბოლოსათვის დასრულდება. შეთანხმებისათვის კი სახსრებს რუსული კომპანია საკუთარი ფინანსებიდან გამოყოფს.

მეორე კვარტლის ბოლოსათვის Yandex-ის დეპოზიტზე 2.9 მილიარდი აშშ დოლარი ირიცხებოდა, შესაბამისად, კომპანიას დამატებითი სახსრების მოძიება ინვესტირებისათვის ამ დროისათვის არ ესაჭიროება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *