Toyota-მ ოლიმპიურ სოფელში საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების გადაადგილება აღადგინა

Toyota-მ ოლიმპიურ სოფელში საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების გადაადგილება აღადგინა

Toyota ტოკიოში, ოლიმპიურ სოფელში, საკუთარი ავტონომიური ავტომობილების ოპერირებას ინციდენტის შემდეგ კვლავ განაგრძობს. მომსახურება მას შემდეგ იყო შეწყვეტილი, რაც გასულ კვირას პარაოლიმპიადის მიმდინარეობისას Toyota-ს მანქანა ათლეტს დაეჯახა.

სპორტსმენი მძიმედ არ დაშავებულა, თუმცა, მას ჭრილობების გამო საკუთარი შეჯიბრების გამოტოვება მოუწია. ამიერიდან კი, მანქანებს უფრო მეტი პირი გააკონტროლებს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ათლეტი იაპონიის ძიუდოს გუნდის წარმომადგენელი, არამიცუ კიტაზონო გახლდათ და მას მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითთა სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ინციდენტის გამო სპორტსმენმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.

Toyota-მ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მანქანის სენსორმა ქვეითის გადაადგილება დროულად შენიშნა და ავტომატური მუხრუჭის ამოქმედების ფუნქციაც ჩართო. საავარიო მუხრუჭი გაააქტიურა ავტომობილის დამხმარე ეკიპაჟის წევრმაც, თუმცა მანქანის სრულიად გაჩერება ვერ მოხერხდა და ქვეითს სწორედ ამ მომენტში დაეჯახა.

კომპანიის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები ინციდენტის შემდეგ მანქანის გადაადგილების სიჩქარეს გააკონტროლებენ. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხოების გასაკონტროლებლად მანქანას ნაცვლად ეკიპაჟის ერთი წევრისა, ორი ეყოლება.

გარდა ამისა, უსაფრთხოების ახალი პროტოკოლის მიხედვით, მანქანებს უფრო ხმამაღალი გამაფრთხილებელი ხმები ექნება. ხოლო ქვეითთა გადასასვლელი ადგილები კი 6-დან 20-მდე გაიზრდება.

კომპანიის განცხადებით, ის აქტიურად თანამშრომლობს გამოძიების ადგილობრივ უწყებასთან ინციდენტის მიზეზების დასადგენად. Toyota-მ პირობა დადო, რომ ოლიმპიური სოფლის დახურვამდე კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს უსაფრთხოების ზომებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *