რეგულაციის გავლენის ანალიზი საჭიროა

უკანასკნელ პერიოდში რეგულაციების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქართულ რეალობაში, იქნება ეს საკუთრების უფლების დაცვა, პროდუქციის ხარისხი, დემპინგის საწინააღმდეგო ზომები, ანტიმონოპოლიური თუ შრომის კანონმდებლობა...

შესაძლოა ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ესა თუ ის რეგულაცია უშუალო გავლენას არ ახდენს ჩვენზე, რომ მხოლოდ მიზნობრივი ობიექტის "პრობლემაა", მაგრამ ეს მცდარი აზრია – საზოგადოებისთვის "უფასო" რეგულაცია არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვიხდით მის „ღირებულებას“ და, შესაბამისად, გვაქვს ბუნებრივი სურვილი, მივიღოთ სათანადო ხარისხის პროდუქტი. კარგი რეგულაციის მისაღებად კი აუცილებელია პასუხი გავცეთ კითხვებს – რა ვარეგულიროთ და როგორ ვარეგულიროთ?!

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები) ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმაოდ რთულ და შრომატევად პროცედურას მიმართავენ – ესაა რეგულაციის გავლენის ანალიზი (რგა), რაც გულისხმობს მისი აუცილებლობის, სარგებლისა და ფასის სისტემატიზებულ კვლევას; სახელმწიფო რეგულაციები ერთი მხრივ კარგი ინსტრუმენტია ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველ რეგულაციას გააჩნია ზემოქმედების ფართო სპექტრი. სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო მავნე გავლენების იდენტიფიცირება რგა-ს გარეშე ადვილი არაა.

რეგულაცია უნდა იყოს ოპტიმალური, ანუ მიზნის პროპორციული და დაბალანსებული ეკონომიკური თვალსაზრისით; კარგი რეგულაციის მისაღებად აუცილებელია მისი შეფასება როგორც ეფექტიანობის, ისე მიზანშეწონილობის კუთხით. მხოლოდ ეფექტიანობით ფონს ვერ გავალთ. მაგალითად, მშენებლობის სფეროში ჩვენ შეგვიძლია დავავალდებულოთ ყველა მშენებელი, რომ მათი შენობების სეისმომედეგობა გათვლილი იყოს 10-ბალიან მიწისძვრაზე. ისინი ააშენებენ ასეთ შენობებს, ანუ რეგულაცია იქნება ეფექტიანი, შენობები გაუძლებენ სერიოზულ ბუნებრივ კატასტროფებს. მაგრამ გვჭირდება კი ასეთი ვალდებულება? არის ჩვენი ქვეყანა ისეთ სეისმურ ზონაში, სადაც მსგავსი მასშტაბის მიწისძვრების ალბათობა მეტ-ნაკლებად დიდია? და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება – რა დაუჯდებათ ასეთი შენობა მშენებელსა და მყიდველს? როგორ აისახება იგი პროდუქტის საბოლოო ფასზე? პასუხი მიგვანიშნებს, რომ მსგავსი რეგულაციის შემოღება მიზანშეუწონელია, ეს იგივე იქნებოდა, 5-ლარიანი ბანკნოტის შესანახად 500-ლარიანი სეიფი შეგვეძინა.

რეგულაცია თვითმიზანი არაა – იგი საშუალებაა. მისი ამოქმედების შედეგი ნათელი და მიღწევადი უნდა იყოს. როდესაც გასულ წელს საქართველოს პარლამენტში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი იქნა ინიცირებული, განზრახული იყო გარკვეული შეზღუდვებისა და ბიუროკრატიული ბარიერების დაწესება უცხოელთა საქართველოში დასაქმებაზე. თავისთავად ასეთი შეზღუდვა მიზანი ვერ იქნება. თუ უცხოელის დასაქმება საქართველოში გართულდება, ეს არ ნიშნავს ადგილობრივი შრომის ბაზრის მიმართ დამსაქმებელთა ინტერესის ავტომატურ ზრდას. ძირითად შემთხვევებში დამსაქმებელი უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას მხოლოდ მაშინ წყვეტს, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაციის კადრს ადგილზე ვერ პოულობს (ეს კომპანიისთვის დამატებითი ხარჯია), შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსს კი მსგავსი შეზღუდვებით ვერ აღმოფხვრი. კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლებმა სრულად გაიზიარეს დაინტერესებული მხარეების არგუმენტები და ეს რეგულაცია არ ამოქმედებულა, თუმცა რგა-ს დანერგვის გარეშე გარანტირებული არაა, რომ ისინი ყოველთვის კეთილგონივრულად იმოქმედებენ.

საქართველოს პარლამენტში დღესაც განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ მექანიზმის გაუქმებას ითვალისწინებს და რომლის მიზანიც სხვის საკუთრებაში მცხოვრები პირების პოლიციის დახმარებით გამოსახლებისაგან დაცვას ემსახურება. თავი რომ დავანებოთ წმინდა იურიდიულ ნიუანსებს, ისედაც ცხადია – ახალი რეგულაცია, რომელიც მესაკუთრეს აიძულებს, ყველა შემთხვევაში დავა სასამართლოში წარმართოს (თუნდაც უკანონო მფლობელის წინააღმდეგ!) იმაზე მეტ ადამიანს გაურთულებს ცხოვრებას, ვიდრე ასარგებლებს. რეალურად რამდენიმე ასეული ყოფილი მესაკუთრის ან/და მფლობელის ინტერესი უპირისპირდება ასეულობით ათასი მესაკუთრის ინტერესს – შესაბამისი გარემოებების დადგომისას სწრაფად, ეფექტიანად და იაფად დაიცვან თავიანთი, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული, საკუთრების უფლება. ეს სწორედ ის დისბალანსია, რომელიც რგა-ს სტადიაზე აუცილებლად იქნებოდა იდენტიფიცირებული.

გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაცია, ძირითად შემთხვევებში, ახალ ვალდებულებებს აწესებს საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის (იქნებიან ეს მოქალაქეები თუ ბიზნესსუბიექტები), ბუნებრივად ჩნდება ან იზრდება ამ რეგულაციასთან შესაბამისობის ხარჯი. ეს ხარჯი კი ძირითადად შემთხვევაში აისახება როგორც პროდუქციის თუ მომსახურების მიმწოდებელზე, ასევე მომხმარებელზეც. კიდევ უფრო შორსმიმავალი ეფექტი აქვს ზედმეტად მკაცრ და „ძვირ“ რეგულაციას, რადგან ის პირდაპირპროპორციულად მოქმედებს კონკურენტულ გარემოზე.

მაგრამ მეტნაკლებად უვნებელი რეგულაციის მისაღებად არც მხოლოდ რგა-ს არსებობაა საკმარისი. არსებითია სახელისუფლებო ვერტიკალში სად, როგორ და რა დონეზე იქნება ეს ეტაპი ჩაქსოვილი. როგორც გამოცდილება ცხადყოფს, რაც უფრო მაღალ დონეზეა ის ინსტიტუციურად, მით უფრო ეფექტიანია და თანხვდენაშია სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტებთან.

სათანადოდ დანერგილი რგა-პროცედურები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობასა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, იქნება ეს კონკრეტული სახელმწიფო უწყება თუ ცალკეული ჯგუფები, ვისზეც შესაძლოა ამა თუ იმ რეგულაციამ გავლენა მოახდინოს. რგა-ს წარმატებისათვის, გარდა მაღალ დონეზე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნებისა და კოორდინაციისა, ასევე აუცილებელია ერთიანი სტანდარტებისა და კრიტერიუმების ფორმირება, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი რეგულაცია. აუცილებელია ინფორმაციის წყაროების სისტემატიზაცია და მონიტორინგის სისტემის დანერგვა.

რეგულატორული გადაწყვეტილებების დაქვემდებარება საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკისადმი და კოორდინაცია სახელისუფლებო შტოებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში; სხვაგვარად პროგნოზირებადი და კეთილსაიმედო ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესი უბრალოდ წარუმატებლობისთვისაა განწირული. ჩვენ გაუაზრებელი რეგულაციების შემოღების ფუფუნება არ გვაქვს. საინტერესო ბიზნესკლიმატი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოსთვის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უდიდესი შანსია. 

ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაცია.

წინა სტატია

ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა
16 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი
16 დეკემბერი, 2015
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა