კრეატიული მარკეტინგი: ნაყინების რეჟისურა

ცივი და გემრიელი სიყვარული ბერლინიდან

„მე სიმონ გროსი და „ლუკა პოლარეს" მფლობელი ვარ", - ასე გამეცნო 37 წლის ბერლინელი სიმონი. სიმონის „ლუკა პოლარე" - სანაყინეები, სადაც გარდა ნაყინისა, ყავა, ცხელი შოკოლადი და ნამცხვრებიც იყიდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილებია. ხშირად მსმენია, „ლუკა პოლარეს გვერდზე რომ შესასვლელია, იქ მოდი" ან „ლუკა პოლარესთან ვცხოვრობ", ან „ლუკა პოლარესთან" რომ ყვავილები იყიდება, იქ შევხვდეთ"... ანუ შეიძლება ითქვას, რომ „ლუკა პოლარე" უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ერთგვარ კომპასადაც იქცა. აღარაფერს ვიტყვი ჩვეულებაზე: იმ დღეს მეუბნება მეგობარი: „დილით სამსახურში წასვლამდე „ლუკა პოლარეში" შესვლა და გზად ცხელი ყავის გაყოლება ცხოვრების წესად მექცაო". ვისთვის როგორ, მაგრამ მე „ლუკა პოლარეს" მაღაზიებთან გამოდგმულ ხის სკამზე ჯდომა და „სტრაჩატელას" ჭამა მიყვარს.

ბერლინური საღამოების მონატრებით დაწყებული ბიზნესი

ცხრა წლის წინ, სიმონ გროსი მომავალ მეუღლეს ნანა ექვთიმიშვილს ბერლინში შეხვდა. „მას მერე, რაც ნანა გავიცანი, საქართველოც შემიყვარდა", - მეუბნება ბერლინელი სიმონი გროსი, რომელიც უკვე 5 წელია, თბილისში ცხოვრობს და ნაყინის ბიზნესს მართავს.

ყველაფერი კი ბერლინური საღამოებით, სეირნობით და ნაყინით დაიწყო. „ზაფხულში მე და ნანა ბერლინის ქუჩებში ბევრს ვსეირნობდით, ვჭამდით გემრიელ ნაყინს და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ეს საღამოები განსაკუთრებული იყო...", - იხსენებს სიმონი.

სიმონი და ნანა მალე დაქორწინდნენ. თბილისში ჩამოვიდნენ და ერთ დღესაც, როცა თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ სასეირნოდ, აღმოაჩინეს, რომ ის ნაყინი, რომელიც ბერლინის საღამოებს უგემრიელებდათ, თბილისში ვერ იპოვეს. და იფიქრეს, რატომაც არა, მოდი, გავხსნათ სანაყინე, რომელიც უბრალოდ სანაყინე კი არ იქნება, არამედ ადამიანების ცხოვრების წესად, განსაკუთრებულ გრძნობად და დადებით ემოციად გადაიქცევა.

ბიზნესი კი სიმონმა მცირე ფულით, საკუთარი დანაზოგით დაიწყო. „კომპანია საკმაოდ ადვილად დავარეგისტრირე, - იხსენებს სიმონი, - გამიმართლა და ბიზნესის კეთებისას განსაკუთრებულ სირთულეებს არ წავწყდომივარ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ენა არ ვიცოდი, თუმცა ამაში ჩემი ცოლი მეხმარებოდა. ჰო, კიდევ უნდა ვთქვა, რომ ქართველები და გერმანელები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, თუმცა ამის შესახებ ჩემი მეუღლისგან ვიცოდი და ამისთვისაც მზად ვიყავი. რა თქმა უნდა, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, კიდევ ბევრია საქართველოში გასაკეთებელი, მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან წინსვლას ვხედავ და ოპტიმისტურადაც ვუყურებ ჩემი ბიზნესის განვითარებას... თუმცა, მოდი, ისევ „ლუკა პოლარეს" დასაწყისს დავუბრუნდეთ", - მეუბნება სიმონი და აგრძელებს: „ლესელიძის 34-ში პატარა ფართი ვიქირავეთ. თავიდან ოთხნი ვიყავით: მე და ჩემი მეუღლე, მეუღლის და, და მეუღლის დედა. და რაც მთავარია, ნაყინების რეცეპტების შეგროვება დავიწყეთ"...

სიმონმა ჯერ გერმანული ნაყინის კულტურის კვლევა დაიწყო. მერე იტალიაში გადავიდა და იქაური ნაყინის კულტურის შესწავლას მიჰყო ხელი. მეუბნება, რომ სწორედ ამ გამოკვლევის შედეგად შეიგრძნო განსხვავება, თუ როგორია ნაყინი, რომელსაც ყოველდღიურად, საკუთარი ხელით, ექსკლუზიური რეცეპტით ამზადებ და სადაც ყველა პროდუქტი ცინცხალი და ნატურალურია, ყოველგვარი დამატებითი კონცენტრატებისა და შეფერილობის გარეშე და როგორია ნაყინი, რომელსაც სხვადასხვა კომპანია ამზადებს და რომლის ყიდვაც სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. რეცეპტები „ლუკა პოლარეს" ნაყინებისთვის სიმონმა სულ სათითაოდ, სხვადასხვა გერმანული თუ იტალიური ოჯახისგან შეაგროვა, საკუთარი ხელით ჩაიწერა და ჩამოიტანა, რაც შემდგომ განავითარა და გააუმჯობესა კიდეც.

ომი და ნაყინი

ახლა ჯერი მაღაზიის გახსნაზე მიდგა. „ვინ იფიქრებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, მაშინ როცა, თბილისში ყველაზე გემრიელი სანაყინე უნდა გამეხსნა, საქართველოში ომი დაიწყებოდა", - ჰყვება სიმონი. - ვის სცხელოდა ნაყინისთვის, როცა თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ტყვიების ზუზუნი ისმოდა. ასე რომ საკმაოდ რთული გამოდგა ჩვენი სტარტი. რა თქმა უნდა, მაღაზიის გახსნის ღონისძიება გადავდეთ, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში მაღაზია მაინც გავხსენით. მეგობრებმა მითხრეს, რა დროს ნაყინია, ქვეყანაში საომარი მდგომარეობააო, მე კი ვუთხარი, ცხოვრება გრძელდება, რა ვქნათ, მე ქირის ფულს ვიხდი, დასაქმებული მყავს ადამიანები, მე უნდა დავიწყო ეს საქმე და ასეც მოვიქეცი. ლესელიძის ქუჩაზე პატარა პრეზენტაცია გვქონდა. მახსოვს ადამიანების გაოცებული სახეები, როდესაც შემოდიოდნენ ჩვენს მაღაზიაში და ამდენ ფერად ნაყინს ხედავდნენ. აღფრთოვანებულნი იყვნენ ნაყინის ხარისხითაც. ბევრ მათგან ასეთი ნაყინი არც არასდროს გაესინჯა. როცა მოდიოდნენ მაღაზიაში, ძირითადად ისეთ ნაყინს ეძებდნენ, რაც მათ იცოდნენ და გასინჯული ჰქონდათ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ისინი ნაყინის სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. ძალიან მიყვარს იმ ფოტოების დათვალიერება, რომელიც პრეზენტაციის დღეს გადავიღეთ. ამ ფოტოებზე ადამიანებს მართლაც ძალიან ბედნიერი სახეები აქვთ", - ენთუზიაზმით იხსენებს სიმონი „ლუკა პოლარეს" პირველ დღეს.

„ლუკა პოლარე" - ნაყინი ყველა გემოვნებისთვის

დღესდღეობით ლუკა პოლარეში 26 სახეობის ნაყინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც სიმონი მიხსნის, ზოგიერთი მათგანი სეზონურია: „აი ახლა, მაგალითად, პიტნის ნაყინს ვთავაზობთ მომხმარებელს. მას, რა თქმა უნდა, ნამდვილი პიტნისგან ვამზადებთ. პიტნის შეძენა ზამთარშიც არის შესაძლებელი, მაგრამ მას ისეთი ცოცხალი გემო არა აქვს და, შესაბამისად, ეს ნაყინის ხარისხზეც აისახება. ჩვენთვის კი ნაყინის ხარისხი ყველაფერზე მაღლა დგას", - ამბობს სიმონი.

რომელია შენი საყვარელი ნაყინი? - ვეკითხები სიმონს, ის იცინის, რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ კი მპასუხობს: „იცი, ეს ძალიან რთული სათქმელია. ჩვენ ორი სახეობის ნაყინი გვაქვს: ერთი, რომელიც რძისგან მზადდება და მეორე, რომელსაც ხილით ვაკეთებთ. ხილის ნაყინი ცოცხალი ხილისგან მზადდება, რძისა და ყველანაირი ცხოველური პროდუქტის გარეშე, ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ ხელოვნურ დანამატებს. აი, მაგალითად, ძალიან მაგარი კლასიკური კომბინაციაა ცოცხალი მარწყვისა და შოკოლადის ნაყინი. მართლაც უგემრიელესი და კლასიკური ნაზავია. მაგრამ ასევე გვაქვს სრულიად ახალი გემო, ნაყინი „ტარტუფო", რომელიც მზადდება თხილისგან, ნუგასგან და შოკოლადისგან, ეს კი სრულიად განსხვავებული და ახლებური გემოა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აქ, ჩვენთან, ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის თავის ნაყინს", - მეუბნება სიმონი.

ხუთი წლის წინ სიმონი „ლუკა პოლარესთვის" ნაყინს თავისი ხელით ამზადებდა. „ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან სახალისოც იყო", - მეუბნება ის. დღესდღეობით ნაყინი ონიაშვილის ქუჩაზე ყოველდღიურად მზადდება და ის შემდეგ სამ ფილიალში, ლესელიძის 34-ში, პეკინის 7ა-ში და მრგვალ ბაღთან, ერისთავის 12-ში ნაწილდება. მოთხოვნა ნაყინზე იმდენად დიდია, რომ, როგორც სიმონი ამბობს, მაღაზიების დღეში ორჯერ მომარაგებაც უწევთ. დღესდღეობით ნაყინის მომზადების პროცესს სიმონის მეუღლის, ნანას დედა უძღვება.

სიმონისა და „ლუკა პოლარეს" სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, ახალი ფილიალების გახსნა შედის, თუმცა, როგორც სიმონი ამბობს, კომპანიის ზრდა ჯანსაღი პროცესი უნდა იყოს და არა ხელოვნური: „რა თქმა უნდა, მაგალითად ინვესტორის შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ბევრი ფილიალის გახსნა, კი, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ პროცესში სრულად უნდა იყოს შენარჩუნებული ნაყინის ხარისხი. ნაყინის ბიზნესი არ არის მარტივი ბიზნესი. რადგან ჩვენი ნაყინი ქარხანაში არ მზადდება და ჩვენს ნაყინს ერთი წლის განმავლობაში სპეციალურ მაცივრებში ვერ შეინახავ.

ჩვენი ბიზნესი ყოველდღიური საქმიანობაა, ეს არის ყოველდღიური კონტროლი ამა თუ იმ პროდუქტისა, რომლის ხარისხიც ახალი ფილიალების გახსნის დროს აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იქნას. გვინდა, რომ გვქონდეს მაღაზიები სხვა ქალაქებშიც. მაგრამ ამასთანავე იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ამისათვის საჭირო იქნება ნაყინი სწორედ იმ კონკრეტულ ქალაქებში დამზადდეს, ამისათვის კი კარგი მომზადებაა საჭირო და, რა თქმა უნდა, ფულიც. ვიცით, რომ საქართველოში საკვების ხარისხთან დაკავშირებით არცთუ იშვიათად, პრობლემები იქმნება. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას, აი თავიდან კარგად დაიწყეს და ახლა ხარისხი დააგდესო. ჩვენი მიზანია ხარისხის შენარჩუნება, იმ ხარისხის შენარჩუნება, რომლითაც ხალხი გვიცნობს და რომელიც ჩვენი წარმატების გარანტია", - გვიხსნის სიმონი.

როგორც სიმონი ამბობს, როცა ხუთი წლის წინ მან და მისი მეუღლის ოჯახმა თბილისში ნაყინის ბიზნესი წამოიწყეს, მაშინ ასეთი ტიპის სანაყინე თბილისში არ არსებობდა და ბევრი არ იცნობდა ნამდვილ, ხარისხიან ნაყინს. მისი თქმით ბევრმა ადამიანმა „ლუკა პოლარეს" საშუალებით აღმოაჩინა მაღალი ხარისხის ნაყინი და წლების განმავლობაში მისი ერთგული დარჩა, რაც ხარისხის შენარჩუნების გარეშე შეუძლებელია. რაც შეეხება კონკურენტებს, სიმონი ბაზარზე კონკურენტების გამოჩენას დადებითად მიიჩნევს: „პირადად მე კონკურენციის მომხრე ვარ. რადგან კონკურენტები გაიძულებენ ფხიზლად იყო და ეს ჯანმრთელი პროცესია", - ამბობს სიმონი.

რაც შეეხება „ლუკა პოლარეს" ნაყინის ფასს, სიმონს მიაჩნია, რომ ნაყინს საუკეთესო ფასი ადევს: „ჩვენთან 100 გრამი ნაყინი 2,30 თეთრი ღირს. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოში საუკეთესო ხარისხის ნაყინის საუკეთესო ფასი. მინდა გითხრათ, რომ ამ ხარისხის მიღება საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება. გაცილებით ძვირი, ვიდრე თუნდაც გერმანიაში. რადგან ბევრი პროდუქტის იმპორტი გვიწევს. ეს კი ნიშნავს დამატებით ხარჯს ტრანსპორტისთვის, გადასახადებისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაყინი საქართველოში უფრო ძვირი არ ღირს, ვიდრე გერმანიაში. ამიტომ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად სამართლიანი ფასია", - ასე ფიქრობს სიმონი.

„ლუკა პოლარეს" შემოსავალზე სიმონი ამბობს, რომ მისი ბიზნესი მოგებიანი და წარმატებულია. ამ წარმატებას კი ის იმ ხარისხით და მომსახურების მაღალი დონით ხსნის, რომლის საშუალებითაც „ლუკა პოლარემ" ხუთი წლის განმავლობაში სახელი გაითქვა და ათასობით ერთგული კლიენტი შეიძინა.

26 სახეობის ნაყინის გარდა „ლუკა პოლარეში" ყავა, ცხელი შოკოლადი და ნამცხვრები იყიდება. სიმონი ამბობს, რომ მათ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ყავა აქვთ: „სწორედ ისეთივე პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროდუქტს, როგორც ნაყინს. ბერლინიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის „არაბიკას" მარცვლები, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ მათ შენახვას, ამას ცოდნა სჭირდება. იმისათვის, რომ ყავის მაღალი ხარისხი შეინარჩუნო, მას განსაკუთრებულად უნდა მოეპყრა. ძალიან პოპულარულია ჩვენი ცხელი შოკოლადიც", - მეუბნება სიმონი. ის მართალია, ზამთარში არაერთხელ ვმდგარვარ რიგში „ლუკა პოლარეს" ცხელი შოკოლადისთვის.

რატომ უნდა მოვიდნენ ადამიანები „ლუკა პოლარეში"? - ვეკითხები სიმონს. ის სამ მიზეზს მისახელებს: „ხარისხი, მეგობრული სერვისი და მესამე: „ლუკა პოლარე" მხოლოდ ნაყინი არ არის, ეს არის გრძნობა, ამბავი, ისტორია... ჩვენთან სხვა სურნელი ტრიალებს"...

კინო და ნაყინი - სიმონის გზაჯვარედინი

და მაინც, რა პროფესიისაა ბერლინელი ნაყინის გურმანი სიმონ გროსი? რა ცოდნამ თუ გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ სიმონი დღეს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბრენდის „ლუკა პოლარეს" მფლობელია? „მე არ ვარ განათლებით ბიზნესმენი, - მპასუხობს სიმონი, - და არც არანაირი გამოცდილება არ მქონია მანამდე ბიზნესში, სანამ ნაყინის ბიზნესს დავიწყებდი", - ამატებს ის.

სიმონი სრულიად სხვა პროფესიის წარმომადგენელია. ის კინორეჟისორია. „ეს არის ჩემი პროფესია", - ამბობს სიმონი. პროფესია, რომელიც მისთვის და მისი მეუღლისთვის, რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილისთვის წარმატებული გამოდგა. 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები" საავტორო კინოს ასოციაციის პრიზი მიიღო და კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი საქართველოში ჯერ არ უნახავთ, სიმონი მოუთმენლად ელოდება შემოდგომას, რადგან ფილმი საქართველოს კინოთეატრების დიდ ეკრანებზე სწორედ შემოდგომაზე გამოვა. „ეს არის ფილმი ორ გოგონაზე, ეკაზე და ნათიაზე, რომლებიც 90-იანი წლების თბილისში ცხოვრობენ. ნანა მიყვებოდა, რომ საქართველოში 90-იანმა წლებმა თაობების ბედი შეცვალა", - მეუბნება სიმონი. მისივე თქმით, ფილმზე მუშაობისას მას ძალიან გამოადგა ის ხუთწლიანი გამოცდილება, რომელიც მან საქართველოში „ლუკა პოლარეს" შექმნის დროს მიიღო: „ეს არის ჩემი ცხოვრების ორი მხარე. გზაჯვარედინი. ორი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ მას არასდროს ვუღალატებ.
ჩვენ გვინდა ვაკეთოთ ნაყინი და გადავიღოთ ფილმები და ეს ასეც იქნება", - ამბობს სიმონ გროსი.

საქართველოში სიმონმა სიყვარულთან ერთად თავისი საყვარელი საქმიანობა იპოვა, იქნება ეს ნაყინის წარმოება თუ კინოფილმების შექმნა. „საქართველო ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და მე მას ფართოდ გავუღე კარი", - მეუბნება. კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის თბილისში, არ იცის, უფრო ზუსტად კი ამბობს, რომ ეს „ლუკა პოლარეზეა" დამოკიდებული: „თეთრ პოლარულ დათვზე, სახელად ლუკაზე, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ნაყინის მაღაზიაში დავასახლეთ"...

 

 

წინა სტატია

ბიზნესად გადაქცეული იურიდიული პარტნიორობა
18 ივნისი, 2013

შემდეგი სტატია

წიგნით შთაგონებული ბიზნესი
08 ივლისი, 2013
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა