ქართული ტელემაუწყებლობის დიგიტალიზაციის პროცესი

მომენტამდე, ვიდრე საქართველოში მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა (რომელსაც დღეს ტელევიზორის ან გარე ანტენით ვიღებთ) გაითიშება და ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, სულ ცოტა დრო რჩება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტელემაყურებელს იმის მოსაფიქრებლად, თუ რა გზით მიიღებს გამოსახულებას საკუთარ ტელევიზორში - თანამგზავრული, საკაბელო ან მიწისზედა ქსელის, თუ ინტერნეტტელევიზიის სიგნალით, ორ წელიწადზე ოდნავ ნაკლები დრო რჩება. ამ შემთხვევაში, მიწისზედა და საკაბელო მაუწყებლობასთან შედარებით, თანამგზავრულ მაუწყებლობას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: სატელიტური ოპერატორები უკვე დიდი ხანია გადასული არიან ციფრულ მაუწყებლობაზე და საკუთარ აბონენტებს ციფრულ სიგნალს აწვდიან.

გარდა ამისა, მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობისაგან განსხვავებით, თანამგზავრულ მაუწყებლობას აქვს უპირატესობა, უკეთესი სიგნალი მიაწოდოს ისეთ ადგილებშიც, სადაც მიწისზედა სატელევიზიო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. ეს მახასიათებელი თანამგზავრულ ტელევიზიას მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე დასახლებული მოსახლეობისათვის უალტერნატივოს ხდის. ამასთან, თანამგზავრული ტელევიზია, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს უფასო და FTA (Free-To-Air) ტელეარხების მიწოდებას, აბონენტებს ფასიანი ტელეარხების გაცილებით უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს, ვიდრე მაუწყებლობის სხვა ფორმები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ 2012 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის, „საქართველოს ტელემაუწყებლობის ანალიზის", თანახმად, საქართველოში ოჯახების დაახლოებით 2%-ს არა აქვს ტელევიზორი. ამასთან, ამავე კვლევის თანახმად, სოფელში მცხოვრებ მოსახლეობაში სატელიტური ანტენები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში, სადაც სიგნალის მიღება პრობლემაა. კვლევაში მითითებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წელს ოჯახების დაახლოებით 17%-ს ჰქონდა ტელევიზორი შეერთებული სატელიტურ „თეფშზე", რომელთაგან 7% დედაქალაქში ცხოვრობდა, ხოლო 22% დედაქალაქის გარეთ. გარდა ამისა, აბონენტების დაახლოებით 43% სატელევიზიო სიგნალს საკაბელო ქსელის ან სატელიტის (DTH - Direct to Home) მეშვეობით იღებს და მათგან 59% ცხოვრობს თბილისში, ხოლო 36% - თბილისის გარეთ.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას იმ ოჯახებისათვის, სადაც სატელევიზიო სიგნალის მიღება პრობლემაა, სატელიტური მაუწყებლობა ყველაზე მარტივი და ამავდროულად ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გამოსავალია. ფინანსურად ხელმისაწვდომი იმიტომ, რომ იმ რეგიონებში, სადაც მიწისზედა ქსელით სიგნალის მისაღებად ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე იყენებს სატელიტურ თეფშებს და შეძენილი აქვს სატელიტური მაუწყებლობის მისაღებად საჭირო მოწყობილობები. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მათ თითქმის არაფრის შეძენა და შეცვლა არ მოუწევთ გარდა იმისა, რომ კონკრეტული ან უფრო მეტი ქართული თუ უცხოური არხის მაღალი ხარისხით მისაღებად სატელიტური ოპერატორი აირჩიონ, რომელიც მათ ტელევიზორებს ციფრული სიგნალით უზრუნველყოვს. ამ თვალსაზრისით, სატელიტური მაუწყებლობა ერთგვარ ბალანსის დამცველ ფაქტორადაც კი გვევლინება: რთულად მისადგომ დასახლებულ პუქტებში მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს საშუალებას ჰქონდეს ზუსტად ის ტელეარხები, ზუსტად იმავე რაოდენობით, ზუსტად იმავე ხარისხით და იმ ფასად, რომლებზეც დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას მიუწვდება ხელი.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ქვეყანაში ფასიანი თანამგზავრული მაუწყებლობის პროვაიდერებიც ჩნდებიან. გასულ წელს ფუნქციონირება დაიწყო პირველმა ადგილობრივმა ციფრულმა თანამგზავრულმა ტელევიზიამ „მაგთისატმა", რომელმაც გრძელვადიანი ხელშეკრულება დადო ერთ-ერთ უდიდეს თანამგზავრულ ოპერატორ SES-თან, რომლის მფლობელობაშიც 53 გეოსტაციონარული თანამგზავრია. ფასიანი თანამგზავრული მაუწყებლობის პროვაიდერების გაჩენის ტენდენცია მეტად სავარაუდოს ხდის, რომ საქართველოში თანამგზავრული ტელევიზიის მომხმარებელთა რაოდენობა ჯერ კიდევ ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადასვლამდე დაიწყებს ზრდას.

 

წინა სტატია

საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები
01 ოქტომბერი, 2013

შემდეგი სტატია

ადგილი, სადაც ახალი ბიზნესი დაიბადება
03 ოქტომბერი, 2013
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა