მოგზაურობა საეკლესიო ქონების ლაბირინთში

"ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდნონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“"(ტიმოთე 6:17)

სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული “25 მილიონი”, “შავი ჯიპების” კოლონა და “მიწები” უკვე მრავალი წელია, რაც საჯარო და კერძო დისკუსიებში საკმაოდ ხმაურიანად და ხშირად ისმის. გასულ თვეს ტელევიზორის ეკრანებზე ე.წ. “ციანიდის საქმის” გამოჩენამ სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად აღნიშნული დისკუსია კიდევ ერთხელ და უფრო მწვავედ განაახლა. სისხლისსამართლებრივი საქმის ირგვლივ დაწყებული მარჩიელობა სწრაფად გადაიზარდა ურთიერთდაპირისპირებასა და ბრალდებებში, რაშიც ყველაზე აქტიური მონაწილეობა თავად სასულიერო პირებმა მიიღეს. ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოყვანილი არგუმენტები ხშირად “ფინანსურ-ეკონომიკური” და კორუფციული ფაქტების შემცველი შინაარსის იყო, რამაც ზემოთ ნახსენები დისკუსიის განახლებაში კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა.

და მაინც, რა ქონებას ფლობს დღეს საპატრიარქო? ამ კითხვის პასუხად, Forbes-ის მკითხველებს მშრალ და ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებულ ინფორმაციას გთავაზობთ.

უძრავი ქონება

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრმა ამ თემაზე ბოლო კვლევა გასულ წელს ჩაატარა და მონაცემები 2014-2015 წლის პერიოდს მოიცავდა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდისთვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთრებაში 565 მიწის ნაკვეთი აქვს, რომელთა ფართობიც ჯამში 16,742,987.82 კვ.მ (1674.3 ჰა)-ს შეადგენს. მიწების დარიგების დონორად ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო გვევლინება, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მხოლოდ 2014-2015 წლებში ეკლესიამ ამ გზით 66 მიწის ნაკვეთი მიიღო, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 565 მიწის ნაკვეთიდან თითქმის ნახევრის - 243-ის - ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა არის განლაგებული. ყველაზე დიდი ფართობი საპატრიარქოს ქარელის მუნიციპალიტეტში აქვს რეგისტრირებული - 37 მიწის ნაკვეთი, ყველაზე მცირე კი თერჯოლაში - 1 უძრავი ნივთის სახით.

ციფრებსა და ბიუროკრატიულ ხარვეზებში ბევრი მოგზაურობის ნაცვლად, სურათის დანახვა მარტივი შედარებით შეიძლება. 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება ერთ დროს სატახტო და ახლა თვითმმართველი ქალაქ მცხეთის მთლიან ფართობს.

სხვადასხვა საკითხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გადაცემული უძრავი ქონების შეფასება თითქმის არასდროს არ ხდება, შესაბამისად, მისი საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესთან კავშირში დაანგარიშება ვერ ხერხდება. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიღებულ უძრავ ქონებაზე, მოგების მიღების მიზნით, იჯარის ხელშეკრულება არის დადებული. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მსგავსი “დასაჩუქრებების” მიზნობრიობას.

ფინანსური რესურსები

უძრავი ქონების ზრდადი დინამიკა მედლის მხოლოდ ერთი, ან არც კი, ნახევარი მხარეა. ფინანსების მოძრაობა და მისი გამჭვირვალობა ყველაზე ხშირად და მწვავედ აჩენს კრიტიკულ კითხვებს საზოგადოებაში. როგორც ირკვევა, 2002-2015 წლებში, ანუ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონკორდატის დადების შემდეგ, მხოლოდ პირდაპირმა ფინანსურმა დახმარებამ ჯამში 211 მილიონ ლარს მიაღწია. დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ თანხისა და უძრავ- მოძრავი საჩუქრების რაოდენობის ზრდა ხშირად და საეჭვოდ ემთხვევა არჩევნების წინა პერიოდს. აღნიშნულ თანხაში არ შედის თვითმმართველობებიდან, სარეზერვო ფონდებიდან და კერძო სექტორიდან მიღებული თანხები. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი შარშანდელ მონაცემზე ორი მილიონი ლარით მეტი იქნება და ჯამში 23 მლნ ლარს შეადგენს. აქამდე არსებული მრავალწლიანი პრაქტიკის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს არ იქნება დაფინანსების ერთადერთი გზა და ცენტრალურ ბიუჯეტს სხვადასხვა სახაზინო ორგანოც აუბამს მხარს.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2015 წელს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი ტრანშის 62% ხელფასებს (15,7 მლნ ლარი), 11% უძრავ- მოძრავი ქონების შეკეთებასა და შეძენას, 27% კი სხვა საკითხების მოგვარებას მოხმარდა. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელი ფიქსირდება 2014 წელსაც.

სახელმწიფოსგან მიღებული შემწეობის გარდა, საპატრიარქო კერძო სექტორშიც აქტიურადაა ჩაბმული. ამ მხრივ მას კანონმდებლობაც უწყობს ხელს, ვინაიდან ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან არ იბეგრება და თითქმის სრულადაა თავისუფალი. 2016 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაში 27 ბიზნესკომპანია ირიცხება. მათ შორისაა მინერალური წყლის კომპანია, ტელევიზია, საავადმყოფოები, რაგბის კლუბი “ბაგრატი” და სხვა პროფილის მქონე გაერთიანებები. აღნიშნული ფაქტის გარდა, ასევე საგულისხმოა, რომ ხშირად სხვადასხვა აქტივი კონკრეტულ სასულიერო პირების სახელზე არის რეგისტრირებული, რის გამოც მისი იდენტიფიცირება რთულია. მაგალითისთვის, ე.წ. “ციანიდის საქმისთვის” დაკავებული გიორგი მამალაძე 50%-იანი წილის პატრონია ნავთობპროდუქტების შემომტან და ავტოგასამართი სადგურების მფლობელ კომპანია შპს “დიმოილში”. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა ერთადერთ გამონაკლისს არ წარმოადგენს და ის პრაქტიკაში ხშირად იჩენს თავს.

ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემას, მიზნობრიობის გაურკვევლობის გარდა, მონიტორინგის არარსებობაც წარმოადგენს. საზოგადოების ნაწილისა და ახლა უკვე არაერთი საეკლესიო პირის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ დრომდე არ შეუმოწმებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, შესაბამისად, ობიექტური ინფორმაციის გაგება თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ შეუძლებელია.

შეჯამება

ჩამონათვალში არ მოხვდა მოძრავი ნივთები, ვინაიდან მათზე სისტემატიზებული ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ სახელმწიფო პერიოდულად სხვადასხვა ტიპის საჩუქრების საპტრიარქოსთვის გადაცემას კვლავ აგრძელებს. მაგალითისთვის, 2014 წელს მთავრობისგან უსასყიდლოდ მიიღეს 109 ათასი ლარის სამშენებლო და 71 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა ჯიშის ხის მასალა. ავტომანქანების გარდა, ამ პერიოდში ასევე გადაეცათ 32 ერთეული სასოფლო- სამეურნეო ტიპის ტექნიკა (14 ტრაქტორი, 1 სათიბელა, 8 გუთანი, 5 კულტივატორი და 3 სიმინდის სათესი). ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ საჩუქრების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ზემომოყვანილი მაგალითებით არ სრულდება. მოძრავი ნივთები მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსს წარმოადგენს, რომლის ღირებულება და რაოდენობრივი დაანგარიშება ამ დრომდე არ მომხდარა.

დადასტურებული და ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ- ერთი ყველაზე სტაბილური და ძლიერი ორგანიზაციაა მატერიალური ქონების თვალსაზრისით. საილუსტრაციოდ კვლავ შეგახსენებთ, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალაქ მცხეთას 6-ჯერ, ხოლო ვატიკანის სახელმწიფოს 36-ჯერ აღემატება. როგორც დაგპირდით, ჩვენ მშრალი ფაქტები მოგაწოდეთ, შეფასებები კი თქვენზე იყოს... 

წინა სტატია

მარტში კომერციული ბანკების მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა
21 აპრილი, 2017

შემდეგი სტატია

The Importance of Evidence in Decision Making
24 აპრილი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა