ხარისხის ამბასადორი

ხარისხის ამბასადორი

ინტერვიუ თორნიკე ქებურიასთან – 30 წლის ანტრეპრენიორი მარტო და მამასთან ერთად ორ დამოუკიდებელ ბიზნესკომპანიას მართავს. ჯამში 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით 20 მილიონ ლარზე მეტი შეაქვს.

თორნიკე ქებურია. 30 წლის. დაბადებული მოსკოვში. ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს, პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს, განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ანტრეპრენიორობის მიმართულებით. თინეიჯერული წლების უკან მოტოვების შემდეგ, რვა წელი პარიზში ცხოვრობდა, დღეს ცხოვრობს თბილისში, სადაც ორ დამოუკიდებელ ბიზნესშია: მამასთან ერთად მართავს თითქმის 20-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიას და ცალკე ფლობს მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის ცნობილ ბრენდს, რომელიც სამი თვის წინ გახსნა. 

Stefano Ricci – მსოფლიოში ცნობილი ბრენდი დღეს უკვე საქართველოშია, რადგან დაახლოებით სამი თვის წინ იტალიელებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულე. მოგვიყევი ცოტა რამ ამ პროცესის შესახებ – რამდენად ადვილია უცხოელების დარწმუნება იმაში, რომ მათი ბრენდი საქართველოშიც უნდა იყიდებოდეს?

მიზნის მისაღწევად და ბუტიკის მშენებლობის დასაწყებად თითქმის ორი წელი დამჭირდა. ამ ბრენდს ბავშვობიდან კარგად ვიცნობ, რადგან მამაჩემისა და მისი მეგობრების საყვარელი ბრენდი იყო ყოველთვის. ის ძალიან პოპულარულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. პარიზში თითქმის რვა წელი გავატარე და ამ ბრენდის ფილიალის მენეჯმენტთან ვმეგობრობდი. მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ ეს ბრენდი ჩემს ქვეყანაშიც შემომეყვანა. საფრანგეთის ფილიალმა ფლორენციაში, ცენტრალურ ოფისთან უპრობლემოდ დამაკავშირა. მათი დარწმუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სანამ საქართველოში პირადად არ ჩამოვიდნენ. წარმომადგენლობა თავად დარწმუნდა, რომ კარგი სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები გვაქვს და ხალხიც საკუთარი სტილის საპოვნელად ფულს არ იშურებს. ბაზრის კვლევა უკვე ჩატარებული გვქონდა და ვიცოდით, რომ ქალებისთვის გაცილებით დიდი არჩევანი იყო ბაზარზე, ვიდრე მამაკაცებისთვის. ბაზრის ეს ნიში პრაქტიკულად აუთვისებელი რჩებოდა. ამდენად შესაძლებლობა სურვილს დაემთხვა და დღეს თბილისში, მდიდარ მამაკაცებს აქვთ შანსი, იტალიურ ფასად იტალიური ხარისხიც მიიღონ.

და მაინც, რამდენად არის მზად საქართველო ამ ბრენდისთვის? ერთ სულზე შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია – რამდენად ეხმარება თქვენი ბიზნესის განვითარებას ის მსყიდველუნარიანობა, რაც დღეს ამ ტიპის ბრენდისთვის არსებობს ამ ბაზარზე?

დამაფიქრებელი კითხვაა, თუმცა, ვფიქრობ, მასზე პასუხი მაინც დადებითია. ბაზარს რომ შეხედოთ, ძვირად ღირებული პროდუქტები ბევრი მიმართულებით და ბევრ სხვადასხვა სეგმენტში იყიდება – მათ შორის, ტანსაცმელი, აქსესუარები, მანქანები, სუნამოები, უძრავი ქონება და სხვა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ წარმატებულია იმისთვის, რომ თავს ხარისხიანი პროდუქციით დაკმაყოფილების უფლება მისცეს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი წარმატებული მამაკაცია, რომელთათვისაც იტალიური ხარისხი მნიშვნელოვანია და Stefano Ricci – ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩემს ბიზნესს დიდი რეკლამირება არ დასჭირვებია: პირველივე თვეში მაღაზიამ დანახარჯი სრულად ამოიღო, მეორე თვე ჩვენთვის ორმაგად უფრო წარმატებული აღმოჩნდა. თვითონ პროდუქტი იმდენად კარგი და უნიკალურია, რომ შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანაშიც მასზე მაღალი მოთხოვნა არ იყოს.

რა არის საჭირო ბიზნესში წარმატების მისაღწევად?

ვფიქრობ, თავდაჯერებულობა, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი – უნარი, შეგეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანზე ფოკუსირება. რაც უფრო ფართო ხედვა გაქვს, მით უფრო ადვილია უნიკალურ იდეამდე მისვლა. ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია ზრდა და განვითარება, საკუთარ თავში ინვესტირება. პრობლემაა თუ გამოწვევა – ყოველთვის ვცდილობ, რეალობა მივიღო ისეთად, როგორიც ის არის; მთელი ჩემი ენერგია მისი გადაჭრისკენ მივმართო და არა იმაზე ფიქრისკენ, რატომ არის “ცხოვრება ასეთი რთული”.

ანტრეპრენიორი ხარ?

კი, ასეთად ვხედავ საკუთარ თავს. ბოლო-ბოლო ამ ხელოვნებას ვეუფლები თითქმის ხუთი წელია. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ისეთი თვისებები მაქვს, როგორიც მხოლოდ ანტრეპრენიორს შეიძლება ჰქონდეს. მიყვარს საქმე, მოქმედება. შეიძლება, უცებ მოვიფიქრო იდეა, კონცეფცია ან ხედვა და ეს ყველაფერი დავუკავშირო უფრო ფართო სურათს, რის მიღწევაც, სწორი მენეჯმენტის პირობებში, აუცილებლად რეალისტური იქნება.

მარცხი ავტომატურად მააქტიურებს და წარმატების მიღწევისკენ მიბიძგებს. მიყვარს მიზნის მიღწევა – ისეთი მიზნების, რომლებიც დავგეგმე და სწორად ვმართე.

როდესაც ხედვა მიჩნდება, პირდაპირ გადავდივარ მოქმედებაზე, არ შემიძლია, ვიცადო და ვიღაცისგან აღიარება მივიღო. მირჩევნია, გავრისკო და დავმარცხდე, ვიდრე იმაზე დამწყდეს მერე გული, რომ არ შევეცადე. პროგრესი რისკის გარეშე არ არსებობს, რისკმა შეიძლება პრობლემები მოიტანოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მანვე შეიძლება მოიტანოს უდიდესი წარმატება და გარღვევა.

ვფიქრობ, უშიშარი და ოპტიმისტი ვარ. თუ ვიღაც რისკს თავს არიდებს, მე მირჩევნია, რისკში პოტენციალი დავინახო. როცა ხედვა მაქვს, მჯერა, რომ ინვესტიცია, დრო და ენერგია აუცილებლად მოგებად იქცევა.

როცა იდეა მაქვს, ერთ ადგილზე გაჩერება მიჭირს. ნაბიჯების გადადგმა უნდა დავიწყო იმისთვის, რომ იდეა გაცოცხლდეს.

ყველა დამეთახმება, რომ ბიზნესში, განსაკუთრებით, თუ ის სტარტაპია, პრობლემები გარდაუვალია. გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ეს პრობლემები თუ გამოწვევები ძალას მმატებენ, უფრო მეტი ვიმუშაო და პრობლემები გადავჭრა.

ხშირად, განსხვავებული ხედვის გამო, აუტსაიდერიც კი ხდები – ეს განცდა ჩემთვისაც ნაცნობია: ადამიანები ზოგჯერ შენს ხედვას მხოლოდ იმიტომ არ იზიარებენ, რომ მათი ხედვისგან განსხვავდება.

ანტრეპრენიორებისთვის მარცხი უცხო არ არის, რადგან ისინი სულ ახალ-ახალ იდეებს ცდიან. მარცხი დასაშვებია. პირადად ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, დავინახო შეცდომა, გავაანალიზო ის და შევეცადო, სხვანაირად მივუდგე.

რჩევის მოსმენა ღირებულია. გუნდი შენზე ჭკვიანი უნდა იყოს იმისთვის, რომ გუნდურ მუშაობას ფასი ჰქონდეს. ნამდვილ ანტრეპრენიორს უნდა შეეძლოს, სხვა ადამიანების მოსაზრებებს პატივი სცეს.

ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ მნიშვნელოვანია ბევრი შრომა და ბევრი გართობა. გჭირდება ჰობი, სპორტი ან მუსიკა. ტვინს უნდა მისცე იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაო მოდულიდან დასვენებაზეც გადაერთოს. სწორედ მაშინ მოდის ინსპირაცია და შეგიძლია ის ამოიცნო.

სპორტი რადგან ახსენე, რამდენადაც ვიცი, მოტოციკლეტია შენი გატაცება. როგორ გეხმარება შენი ჰობი ბიზნესის წარმოებაში?

მოტორბოლა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. ასე ვისვენებ და თავს ვირთობ. თვეში ერთხელ ან ორჯერ განტვირთვა მჭირდება ხოლმე – ვთიშავ ტელეფონს და გზას ვადგები: ხან ჰაივეი მიტაცებს, ხან – ოფროუდი. ჩემი ტვინი ახალ ენერგიას იღებს.

საკმაოდ რისკიანი სპორტია და, ვფიქრობ, სწორედ აქ არის კავშირი ჩემს ჰობისა და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას შორის. ჩემთვის რისკი გამოწვევაა, რისკი ზრდის შესაძლებლობაა. კარგად თუ მოემზადები, რისკს აწევ და წარმატებასაც მიაღწევ.

კარგად თუ მოემზადებიო, ხაზი გაუსვი და საინტერესოა, როგორ აბალანსებ ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ რისკებს?

რისკი ანტრეპრენიორობის განუყრელი ნაწილია. ჩემთვის რისკი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობაა. სასწორზე ვდებ იდეებს და შემდეგ ვწონი, ერთმანეთს ვადარებ. ღირს ამ რისკზე წასვლა? რას მივიღებ მარცხის შემთხვევაში? რას მივიღებ წარმატების შემთხვევაში? როგორც წესი, იდეა ან ხედვა თუ მომწონს, მიზნის მიღწევაზე ვკონცენტრირდები და მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობ, რატომ შეიძლება, არ ღირდეს ამ მიზნის მიღწევა.

რა რისკებს ხედავ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით – ადვილია აქ ბიზნესში ყოფნა?

თუ პროდუქტი ან ხედვა ძლიერი და საკმარისად კარგია და თუ დაიჯერებ, რომ ყველაფერი გამოვა, რისკების მინიმუმამდე დაყვანა პრობლემა აღარ არის და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წარმატებაც გარანტირებულია. მაგრამ, მაინც, თუ ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო არ არის განებივრებული ახალი შეთავაზებებით. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას და ხალხს ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო სჭირდება და თითოეული ამ მოთხოვნილების მიმართულებით ძალიან მაღალი კონკურენციაა. მეორე მხრივ, მიზნების მიღწევა გაცილებით ადვილია და რეგულაციებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით – გაცილებით ნაკლები.

ახალი პროდუქტი თავის მყიდველს ბაზარზე ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვის. თუმცა ამისთვის საჭიროა ინვესტიცია და ის დრო, რომელიც ქართველებს სჭირდებათ, რომ ახალი შეთავაზებები შეისწავლონ და მიეჩვიონ მათ. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, ტურისტული ტრაფიკი ძალიან მაღალია. თუმცა მაინც გჭირდება კარგი მარკეტინგი და სწორი სარეკლამო სტრატეგია იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქტმა თავის დამკვიდრება შეძლოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან არასტაბილურია, რაც ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს.

საქართველოს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ჯერ მაინც განვითარებადი ქვეყანაა, სადაც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ, საინტერესო შესაძლებლობებს მიაგნონ.

დღეს შენთვის იკვეთება ასეთი შესაძლებლობები? შეიძლება, რომ სულ მალე შენგან Stefano Ricciს მსგავსი ახალი ბრენდები ვიხილოთ ბაზარზე?

დიახ, ამჟამად საათების მწარმოებელ საერთაშორისო ბრენდებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ეტაპზე კონფიდენციალურობის შენარჩუნებას ვამჯობინებ.

ყოველთვის ბიზნესმენობა და კერძო სექტორის მოთამაშეობა გინდოდა?

ვფიქრობ, ასეა. არ მახსოვს, სხვა რამის კეთება მდომებოდა ოდესმე და იმად ყოფნა, რაც დღეს არ ვარ. ბავშვობაში ის სპორტი გამომდიოდა კარგად, რომელიც მსიამოვნებდა; იმ საგნებს უკეთ ვართმევდი თავს, რომლებიც მაინტერესებდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი საქმე მექნებოდა, სადაც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მივიღებდი. ჩემი მთავარი მოტივატორი ყოველთვის მამაჩემი იყო – ელგუჯა ქებურია ან ბუბა, როგორც მას მეგობრები და ოჯახი იცნობს. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მართავდა ის ბიზნესს მოსკოვში და ვაანალიზებდი, რომ ნამდვილ ბოსს ბოსი არ ჰყავს. ის ჩემთვის “ბოსია” – კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა; საითკენ მიდის და რისთვის. ყოველთვის მინდოდა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, დღესაც მინდა, რომ ამ კუთხით მამას ვგავდე.

Self-made ხარ?

კლასიკური გაგებით, სელფ-მეიდი ისეთი ადამიანია, რომელმაც წარმატებას საკუთარი ძალისხმევით მიაღწია. ასეთი ადამიანი ხშირ შემთხვევაში ღარიბია, რომელმაც ბიზნესი დაიწყო და მილიონები იშოვა. მე მდიდარ ოჯახში დავიბადე, კარგი განათლება მივიღე და მასწავლეს, რომ შრომისმოყვარეობა წარმატებული ცხოვრების გასაღებია. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მასზეა დიდწილად დამოკიდებული, ჩამოყალიბდები თუ არა საბოლოო ჯამში დამოუკიდებელ, წარმატებულ ადამიანად. ჩემს შემთხვევაში, ჩემს წარმატებაში ოჯახმა უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, რომ არა ჩემი შრომა და ჩემი მონდომება, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. ამდენად, ნაწილობრივ – დიახ, თავს სელფ-მეიდად ვთვლი. მაგალითად, დონალდ ტრამპიც მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, იმაზე მეტი წარმატებისთვის მიეღწია, ვიდრე ეს მისმა ოჯახმა შეძლო.

საკუთარ თავს წარმატებულ ბიზნესმენს უწოდებ?

ბევრი ფაქტორი არსებობს, რასაც წარმატებამდე მიჰყავხარ – განათლება, ცოდნა, გამბედაობა, თავდაჯერებულობა; უნარი, ამოიცნო შესაძლებლობები და მოთხოვნილებები, ბაზრის ანალიზი, ძალა – ბოლომდე გაუმკლავდე კონკურენციას; ხარისხი და მისი შენარჩუნების უნარი. მოკლედ, ბევრი რამ არის.

აქამდე ყველა ჩემი პროექტი წარმატებულია. სადმე მარცხი თუ გვქონია, მიპოვია საკუთარ თავში იმის ძალა და უნარი, გამეანალიზებინა იგი და გამეუმჯობესებინა მოცემულობა. ამდენად, დიახ, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვარ, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი პროექტია, რითაც საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ წარმატებული ადამიანი ვარ.

მანამდე არსებულ ბიზნესებს დავუბრუნდეთ. Forbes-ს რიცხვები უყვარს – როგორია ძირითადი რიცხვები შენი ბიზნესების შემთხვევაში?

Stefano Ricci-ს ბუტიკის შემთხვევაში, ინვესტიცია 3 მილიონ ლარს უდრის. ჯერ კონკრეტულ რიცხვებსა და ბიუჯეტისთვის გადახდილ თანხებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს ბრენდი ჯერ ძალიან ახალია ბაზარზე. დრო გვიჩვენებს, ფინანსურად რამდენად მომგებიანი ბიზნესი წამოვიწყე.

რაც შეეხება ჰოლდინგ “ამბასადორს”, რომელიც უკვე 20 წელია, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი, ის სრულიად დამოუკიდებელია Stefano Ricci-ს ბრენდისგან, ჰყავს თავისი თანამშრომლები – 500-მდე ადამიანი. “ამბასადორის” ჰოლდინგს ქვეყანაში ჯამში გაწეული აქვს 350 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია. გადასახადების სახით ჰოლდინგს ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად 20-25 მილიონი ლარი შეაქვს.

დასაქმებულები ახსენე და საინტერესოა, რამდენად ხარ პირადად ჩართული ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ზოგადად, რამდენად ადვილია ქართულ შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოძიება?

ყოველდღიურ მენეჯმენტში ნამდვილად ჩართული ვარ. სხვანაირად ამ ბიზნესში არ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობ, ბიზნესის წარმოების სხვა ასპექტები ჩემს პირად ჩართულობას მაინც ითხოვს – იქნება ეს მომხმარებელთა მომსახურების სერვისი თუ კადრების მენეჯმენტი.

კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით სამწუხარო რეალობა გვაქვს: ძალიან ცოტაა კვალიფიციური და მათგან კიდევ უფრო ცოტაა თავისი საქმის ექსპერტი. გჭირდება დაქირავებულის ტრენინგებში ინვესტირება, მისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა – მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ის არის, რომ ამ ინვესტირების შემდეგ მათ კონკურენტები გტაცებენ.

მაღალია კონკურენცია იმ სეგმენტებში, სადაც ბიზნესს აწარმოებ?

მამაჩემის მიერ დაფუძნებული კლუბი “ამბასადორი” დღეს უკვე ძალიან ფართოდ არის ცნობილი. ეს ძველი თბილისის შუაგულში არსებული მაღალი კლასის სასტუმროა. მისი მთავარი ხელწერა მაღალი ხარისხის სერვისი და იტალიური სტილის დიზაინია. ბარები, რესტორნები, კაზინო და SPA-ზონა – ამ სასტუმროში ყველაფერია. “ამბასადორის” გოლფის კურორტი – კიდევ ერთი, თითქმის 200-ნომრიანი სასტუმროა საკუთარი გოლფის მოედნით, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს. შეგიძლიათ, საცურაო აუზებში ინებივროთ, თავი გაირთოთ მიზანში სროლით ან ცხენზე ჯირითით. ამ სასტუმროების მთავარი უპირატესობა მათი ადგილმდებარეობაა, ადვილად მისადგომი ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებლებისთვის. ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენი ბიზნესების ხარისხის, განვითარებისა და ზრდის მიმართულებებით. რამდენიმე კვირის წინ ჩვენს სასტუმროში Stefano Ricci-ს ახალი ბუტიკიც გავხსენი. აქაც იტალიური ხარისხია.

კონკურენცია, რა თქმა უნდა, ბაზრის ყველა სეგმენტშია, მაგრამ ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენცია გაიძულებს, გაიზარდო და განვითარდე.

რამდენად შედის ზრდა და განვითარება უახლოეს სამომავლო გეგმებში და რა მიმართულებებით?

პირველ რიგში, ჩვენ ყველანი საოჯახო ბიზნესის გაფართოებაზე ვმუშაობთ. ეს კლუბი “ამბასადორია”, რომლის ახალი მიზანია, ყველა პოპულარულ ტურისტულ ზონაში იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, ჩვენს მიმდინარე პროექტებში შედის “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობა, “ამბასადორი” გოდერძის უღელტეხილზე – ორივე ეს კომპლექსი აჭარის რეგიონში იქნება. ძალიან დიდი დრო, ენერგია და ინვესტიცია სჭირდება ბიზნესში წარმატების მიღწევას – ამ ეტაპზე ჩვენ ამ პროექტების განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულები.

საკმაოდ ახალგაზრდა ხარ – რა მოაქვს შენს ასაკს ბიზნესის წარმოებისთვის?

როცა ახალგაზრდა ხარ, იმაზე ნაკლები ვალდებულებები გაქვს, ვიდრე შენზე უფროსებს. ახალგაზრდობა ძალიან მიმზიდველი ფაქტორია ძველი თაობისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებ, რომ შენი საქმით ნამდვილად დაინტერესებული ხარ და შრომა გიყვარს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ძველ თაობაზე მეტსაც მიაღწიო. ახალგაზრდა უკეთ ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, მისთვის უფრო ადვილია რისკიანი ნაბიჯების გადადგმა. თუ ახალგაზრდა უშვებს შეცდომას, მისთვის გაცილებით მარტივია ამის აღიარება და საკუთარ შეცდომაზე სწავლა. ახალგაზრდა უფრო ღიაა სიახლისთვის, ხედვა ყოველთვის ინდუსტრიის სტანდარტს არ ესადაგება, რადგან წლობით ერთსა და იმავე თარგზე მოჭრილი საქმიანობის გამოცდილება არა აქვს. ახალგაზრდა უფრო ენერგიულია. სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება და მათგან სწავლა ახალგაზრდა ასაკში უფრო ადვილია. ბიზნესის ახალგაზრდობაში დაწყება საკუთარი თავის უფრო სწრაფად პოვნაში გეხმარება და თუ რამე არ გამოგდის ან არ მოგწონს, სხვა საქმის მოძებნაც უფრო მარტივია.

ბოლო კითხვა: ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი?

არა, რადგან ყველაფერი მატერიალისტური არ არის. შეიძლება იყიდო მანქანები, ცათამბჯენები ერთი ღამის სიყვარული, მაგრამ ვერ იყიდი ოჯახს, ნამდვილ მეგობრებს, ჯანმრთელობას. ვერ იყიდი ურთიერთობებს, ვერ იყიდი შეხედულებას საკუთარ თავზე და ვერ იყიდი წარსულს. ფულით ყველაფრის ყიდვა შესაძლებელი არ არის. თუმცა ფული კარგია იმისთვის, რომ ცხოვრება გაიფერადო, ნახო მსოფლიო, შვილებს კარგი განათლება მისცე, ქველმოქმედებაში ჩაერთო და აქტიურად შეეცადო, გააუმჯობესო შენი გარემო და ქვეყანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *