10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-ში

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-ში

Wall Street Journal-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სია გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე CEO-ებს აერთიანებს. გამოცემის რეიტინგი მონაცემთა ანალიტიკური ფირმის, C-Suite Comp-ის ინფორმაციას ეყრდნობა.

C-Suite Comp-ი მონაცემებს აშშ-ში 4000-მდე საჯაროდ დალისტულ კომპანიაში აგროვებს. რეიტინგში გათვალისწინებულია აღმასრულებელ დირექტორთა ხელფასები, ბონუსები, საფონდო ოფციები და კომპანიიდან მიღებული სხვა შემოსავლები.

S&P 500-ში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელების საშუალო ანაზღაურება გასულ წელს 14.5 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა, 2021 წლის 14.7 მილიონი აშშ დოლარიდან. შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2022 წელს საშუალო ამერიკელი მუშაკი დაახლოებით $56,000-ს გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება 2022 წლის მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სიას, რეიტინგში Blackstone-ის CEO, სტივენ შვარცმანი ლიდერობს. შარცმანის ანაზღაურების მთლიანმა პაკეტმა გასულ წელს $253 მილიონი შეადგინა. მას ჩამონათვალში Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაიმ მოსდევს გამომუშავებული $216 მილიონით. სიაში მესამე პოზიციაზე კი Hertz-ის CEO სტივენ შერია, რომელმაც კომპანიისგან საერთო ჯამში $182 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგის ათეულში ბოლო ადგილზე Apple-ის CEO ტიმ კუკია, რომელმაც 99 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. მას სიაში იურიდიული ტექნოლოგიური ფირმა CS Disco-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 39 წლის კივი კამარა უსწრებს, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს. კამარამ $500 მილიონზე ნაკლებად შეფასებული კომპანიისგან 2022 წელს საერთო ჯამში 110 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. შედარებისთვის, რამდენიმე დღის წინ, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2022 წლის მონაცემებით, აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების ათეული ასე გამოიყურება:

  1. სტივენ შვარცმანი, Blackstone
    მთლიანი ანაზღაურება: $253 მილიონი
  2. სუნდარ პიჩაი, Alphabet
    მთლიანი ანაზღაურება: $226 მილიონი
  3. სტივენ შერი, Hertz
    მთლიანი ანაზღაურება: $182 მილიონი
  4. ბარი მაკკარტი, Peloton
    მთლიანი ანაზღაურება: $168 მილიონი
  5. მაიკლ რაპინო, Live Nation
    მთლიანი ანაზღაურება: $139 მილიონი
  6. საფრა კაცი, Oracle
    მთლიანი ანაზღაურება: $138 მილიონი
  7. დაგლას ინგრამი, Sarepta Therapeutics
    მთლიანი ანაზღაურება: $125 მილიონი
  8. ბილ რედი, Pinterest
    მთლიანი ანაზღაურება: $123 მილიონი
  9. კივი კამარა, CS Disco
    მთლიანი ანაზღაურება: $110 მილიონი
  10. ტიმ კუკი, Apple
    მთლიანი ანაზღაურება: $99 მილიონი

Wall Street Journal-ის ცნობით, ბილ რედის შემთხვევაში, რომელიც Pinterest-ს სათავეში 2022 წლის ივნისში ჩაუდგა, ანაზღაურებიდან დაახლოებით 101 მილიონი აშშ დოლარი საფონდო ოფციებზე მოდის.

აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგში ერთადერთი ქალი Oracle-ის CEO, საფრა კაცია. ის კომპანიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.