ქალაქები ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით - Oliver Wyman Forum

ქალაქები ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით - Oliver Wyman Forum

როგორც წესი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე საუბრისას, ადამიანებს, პირველ რიგში ევროპული და აზიური სახელმწიფოები ახსენდებათ, რაც, როგორც ჩანს, არც ისე უსაფუძვლოა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაზე მიუთითებს კალიფორნიის უნივერსიტეტთან დაკავშირებული ანალიტიკური ცენტრის, Oliver Wyman Forum-ის უახლესი კვლევა, რომელშიც, პირველი ადგილი ჰონგ-კონგმა დაიკავა. აზიური ქალაქ-სახელმწიფოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის წარმატება, დიდწილად, იაფი მგზავრობით, დაგვიანებებისა და ტექნიკურ ხარვეზების დაბალი მაჩვენებლით და, რაც მთავარია, ფინანსური მდგრადობით აიხსნება.

Oliver Wyman-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იმდენად გამართულია, რომ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ინდივიდუალურად მიმოსვლა ნაკლებად საინტერესო ხდება. „ქალაქში ბევრი დიდი მწვანე და უმანქანო ზონაა და თან, კერძო ავტომობილების მართვა უბრალოდ ძვირი ხდება – ყველაფერი ეს, კარგია“, – წერს Oliver Wyman-ის პარტნიორი, ანდრეას ნიენჰაუსი.

საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების ხუთეულში, ჰონგ-კონგის შემდეგ, ციურიხი, სტოკჰოლმი, სინგაპური და ჰელსინკი მოხვდნენ. აღნიშნული ქვეყნების უმეტესობამ, ბოლო წლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში დიდი ინვესტიცია დააბანდა, რომლის ნაწილი ტექნოლოგიურ განვითარებას დაეთმო – სინგაპურში, მაგალითად, თვითმართვადი ავტობუსების დამატებას განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით, რეიტინგს სკანდინავიური ქალაქები – ოსლო, ჰელსინკი და სტოკჰოლმი ლიდერობენ. ოსლოს ხელისუფლებამ, მაგალითად, დიდი ინვესტიცია დააბანდა ელექტრომანქანების დასამუხტი მოწყობილობების ქსელის მოწყობაში, რაც ნორვეგიის დედაქალაქში არსებულ ბევრ უმანქანო ზონასთან ერთად, ქალაქს ეკოლოგიურად მდგრადს ხდის. ცხადია, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პარკებში არსებული სადგურები და პოლიტიკა, რომლის თანახმად მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედების ატანა შეუძლიათ.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მქონე ქალაქების რეიტინგში არც თუ ისე სახარბიელო ადგილები დაიკავეს ამერიკულმა ქალაქებმა – რეიტინგში ყველაზე მაღალი, მეცამეტე ადგილი, ნიუ-იორკმა დაიკავა. საერთო ჯამში, რეიტინგის პირველ ოცდაათეულში სულ ოთხი ამერიკული ქალაქი მოხვდა – ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო და ვაშინგტონი. აღნიშნულ ტრენდს Oliver Wyman-ი კულტურულ მიზეზებს მიაწერს, რადგან ამერიკელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინდივიდუალურ მობილობას და ზოგადად ავტომობილებს.

ცხადია, ეს ტრენდი სტატისტიკაზეც აისახება: პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, ნიუ-იორკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ით აღდგა, არადა, პარალელურად ამისა, Bloomberg-მა ავტომობილების ტარებისთვის ნიუ-იორკი ყველაზე ცუდ ქალაქად დაასახელა. ამ პრობლემის მოგვარება ქალაქის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს – გამოსავალი კი, რომელზეც ისინი მსჯელობენ, მანჰეტენში, მე-60 ქუჩის სამხრეთით ავტომობილით შესვლისთვის $23-იანი გადასახადის დაწესებაა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სამოცი ქალაქიდან, რომელიც Oliver Wyman-მა და კალიფორნიის უნივერსიტეტმა შეისწავლა, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში მდებარე ქალაქების საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ყველაზე გაუმართავია – რეიტინგის ბოლოს ჯედას, ნაირობის, რიადს, იოჰანესბურგს, მანილას და კეიპ-თაუნს ვხვდებით.

ყველაზე გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მქონე ქალაქების რეიტინგი: 

#1: ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი

#2: ციურიხი, შვეიცარია

#3: სტოკჰოლმი, შვედეთი

#4: სინგაპური, სინგაპური

#5: ჰელსინკი, ფინეთი

#6: ოსლო, ნორვეგია

#7: ტოკიო, იაპონია

#8: პარიზი, საფრანგეთი

#9: ბერლინი, გერმანია

#10: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

#11: ამსტერდამი, ნიდერლანდები

#12: სეული, სამხრეთ კორეა

#13: ნიუ-იორკი, აშშ

#14: სიდნეი, ავსტრალია

#15: მოსკოვი, რუსეთი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *