ტერაბანკი ორგანიზაციის შიგნით გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე მუშაობას აგრძელებს

ტერაბანკი ორგანიზაციის შიგნით გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე მუშაობას აგრძელებს

ტერაბანკი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანია, ბანკის შიგნით ამ პრინციპების განხორციელებისა და შესაბამისი ორგანიზაციული სისტემის დანერგვისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის მხარდაჭერით, ბანკი ამჟამად ადამიანური რესურსების მართვის გენდერულად მგრძნობიარე, თანასწორი პოლიტიკისა და პროცედურების შექმნაზე მუშაობს. განახლებული ორგანიზაციული სისტემა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაინერგება, ხელს შეუწყობს თანამშრომელთა შერჩევისა თუ შენარჩუნების პროცესებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ამოქმედებასა და სამუშაო ადგილზე მენტორობის პროგრამების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველი სამუშაო შეხვედრა ტერაბანკის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან უკვე ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ახალ ორგანიზაციულ სისტემაზე იმსჯელეს. მათ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებული ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოში გენდერთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოებიც განიხილეს.

საგულისხმოა, რომ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ ტრენინგს ტერაბანკის ყველა თანამშრომელი გაივლის. ამ მიზნით, კადრს, რომელიც მიღებულ ცოდნას კოლეგებს გაუზიარებს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გადაამზადებს. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ეფექტიანი მოდელის დანერგვისთვის, ტერაბანკი სპეციალურ სახელმძღვანელოსაც გამოიყენებს, რომლის შექმნაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს.

„ტერაბანკმა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი 2019 წელს მოაწერა და ამ პერიოდიდან ქალების ხელშეწყობისთვის არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის მეწარმე ქალების საქმიანობის ცნობადობის გაზრდის, განვითარებისა და მხარდაჭერის მიმართულებებით. ის ნაბიჯები, რომლებსაც ახლა ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში ორგანიზაციის შიგნით ვდგამთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ტერაბანკის სამუშაო გარემოს ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების გაზრდაში“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *