აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვაქცინაციის განახლებული გეგმის მიხედვით, მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეში პრეპარატის 200 მილიონი დოზა უნდა გაიცეს – ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ თავდაპირველი მიზანი, რაც პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოზის ადმინისტრირებას მოიაზრებდა, უკვე შესრულებულია.
„ვიცი, გაორმაგებული ამოცანა ამბიციურია, მაგრამ მჯერა, რომ შევასრულებთ“, – თქვა ბაიდენმა.
ახალი მიზნიდან გამომდინარე, შტატებმა მომდევნო 1 თვეში იმუნიზაციაში დამატებით 35 მილიონი ადამიანი უნდა ჩართოს (ჯამში 70 მილიონი დოზა). ცნობისთვის, ქვეყანას ვაქცინით, ძირითადად, Pfizer/BioNTech-ი და Moderna ამარაგებს – აშშ-მ მათგან ზრდასრული მოსახლეობის ასაცრელად მაისამდე სამყოფი რაოდენობა უკვე მიიღო, ივნისისთვის კი დასახელებული ფარმაცევტული კომპანიები დამატებით 100 მილიონი დოზის ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ.
ბოლო ცნობების მიხედვით, შეერთებული შტატების მოსახლეობის 14% უკვე სრულადაა აცრილი. არსებული ეპიდვითარება და განახლებული გეგმა კი, საბოლოოდ, ბაიდენის კიდევ ერთ მიზანს ემსახურება, რაც პრეზიდენტობის მე-100 დღისთვის სკოლების უმრავლესობის გახსნას მოიაზრებს.