თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 24 ათას ლარამდე ღირებულების წიგნები კანონმდებლობის დარღვევით შეიძინა.
კერძოდ, როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს, 2014 წელს, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova Science Publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ-ის ბიბლიოთეკაში განთავსება.
წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებდა, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნებოდა უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ.
ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ:
– შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა). ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.
– შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს (თსუ-ს რექტორს) და მოცემული შესყიდვის ინიციატორს. ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორს) შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ურთიერთობები (როგორც ურთიერთდამოკიდებული პირები). შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში.
– თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.