გასულ წელს საქართველოში 186.3 მლნ დოლარის ღირებულების სიგარეტის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუკი 2018 წელს ქვეყანამ სიგარეტის იმპორტზე 186.3 მლნ დოლარი დახარჯა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 101.9 მლნ დოლარი იყო, 2016 წელს კიდევ უფრო ნაკლები – 101.6 მლნ დოლარი, ხოლო 2015 წელს კი 103.1 მლნ დოლარი.
გაზრდილია სიგარებისა და სიგარელების იმპორტიც. 2018 წელს საქართველოში 676 ათასი დოლარის ღირებულების სიგარები შემოვიდა, 2017–ში კი 650 ათასის.
ღირებულებასთან ერთად იზრდება შემოტანილი სიგარეტის რაოდენობაც. გასულ წელს საქართველოში 16,8 მლნ ღერი სიგარეტი შემოვიდა, რაც 2017 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება. კერძოდ, 2017–ში საქართველოში 8.7 მლნ ღერი სიგარეტი შემოვიდა, 2016–ში 8.4 მლნ ღერი, ხოლო 2015–ში კი 7.9 მლნ ღერი.
გარდა იმპორტისა, იზრდება სიგარეტის ექსპორტი/რეექსპორტიც. კერძოდ, საქართველომ 2018 წელს ექსპორტზე 148,8 მლნ დოლარის ღირებულების სიგარეტი გაიტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3,5-ჯერ აღემატება.
სიგარეტი საქართველოდან ძირითადად აზერბაიჯანში გადის.
საქართველოდან სიგარეტისა და სიგარელების ექსპორტმა/რეექსპორტმა განსაკუთრებული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ამ წელს ქვეყნიდან 7.1 მლნ დოლარის ღირებულების თამბაქო გავიდა, მომდევნო წელს 10.3 მლნ დოლარის ღირებულების, 2017 წელს 42.3 მლნ დოლარის, ხოლო 2018–ში კი 148.8 მლნ დოლარის.