აფრიკაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში მდიდარი ადამიანებისთვის პანდემიის წელი წარმატებული აღმოჩნდა. ახლა კონტინენტის 18 მილიარდერის საშუალო ქონება $4.1 მილიარდია, რაც 12%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიელი ალიკო დანგოტეს ქონება გასულ წელს $2 მილიარდით გაიზარდა და $12.1 მილიარდი შეადგინა. ეს კი მისი კომპანიის Dangote Cement-ის აქციების 30%-იანმა ზრდამ განაპირობა. მეორე უმდიდრესი ადამიანი აფრიკაში ეგვიპტელი ნასეფ სავირისია, რომელიც 6%-იან წილს ფლობს სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდ Adidas-ში.
გასული წლის ყველაზე მოგებულ აფრიკელი მილიარდერი კი კიდევ ერთი ნიგერიელი ცემენტის მაგნატი აბდულსამად რაბიუა. მისი კომპანია BUA Cement PLC-ის აქციები, რომელიც ნიგერიის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის იანვარში დაილისტა, გაორმაგდა. ამან კი რაბიუს ქონების 77%-იანი ზრდა გამოიწვია, ახლა ის $5.5 მილიარდს ფლობს.
თუმცა, მაშინ როდესაც აფრიკელი მილიარდერების უმრავლესობა გასულ წელს კიდევ უფრო გამდიდრდა, არიან ისეთებიც, რომელთა ქონება შემცირდა. მაგალითად, ორი მილიარდერი ქალი, მილიარდერების სიას საერთოდ გამოეთიშა, ვინაიდან მათი ქონება უკვე $1 მილიარდზე ნაკლებია. საუბარია ნიგერიელ ფოლორუნშო ალაკიაზე, რომელიც ნავთობმომპოვებელ კომპანიას ფლობს და ასევე იზაბელ დოს სანტოსზე, რომელიც 2013 წლიდან აფრიკის უმდიდრესი ქალი იყო, თუმცა, გასულ წელს მას ანგოლას გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც მისი აქტივები გაყინეს.
18 აფრიკელი მილიარდერი კონტინენტის შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდანაა, მათ შორის სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე ლიდერობს, რომელთაც 5-5 მილიარდერი ჰყავთ. მას მოჰყვება ნიგერია სამი მილიარდერით და მაროკო ორი მილიარდერით. მათი საერთო ქონება $73.8 მილიარდია, რაც მცირედით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე ($73.4 მლრდ). თუმცა, გასულ წელს აფრიკელი მილიარდერების რიცხვი 20 იყო.
Forbes-ი გთავაზობთ აფრიკელი მილიარდერების სრულ სიას:
- ალიკო დანგოტე – $12.1 მილიარდი – ცემენტის და შაქრის ინდუსტრია (ნიგერია)
- ნასეფ სავირისი – $8.5 მილიარდი – სამშენებლო ბიზნესი და ინვესტიციები (ეგვიპტე)
- ნიკი ოპენჰაიმერი – $8 მილიარდი – ბრილიანტები (სამხრეთ აფრიკა)
- იოჰან რუპერტი – $7.2 მილიარდი – ძვირადღირებული პროდუქციის ბიზნესი (სამხრეთ აფრიკა)
- მაიკ ადენუგა – $6.3 მილიარდი – ტელეკომუნიკაციები და ნავთობი (ნიგერია)
- აბდულსამად რაბიუ – $5.5 მილიარდი – ცემენტის და შაქრის ბიზნესი (ნიგერია)
- ისად რებრაბი – $4.8 მილიარდი – კვების ინდუსტრია (ალჟირი)
- ნაგიბ სავირისი – $3.2 მილიარდი – ტელეკომუნიკაციები (ეგვიპტე)
- პატრიც მოცეპე – $3 მილიარდი – სამთო მოპოვებითი ბიზნესი (სამხრეთ აფრიკა)
- კოოს ბეკერი – $2.8 მილიარდი – მედია, ინვესტიციები (სამხრეთ აფრიკა)
- მუჰამედ მანსური – $2.5 მილიარდი – სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)
- აზიზ ახანუში – $2 მილიარდი – საწვავი და სხვა ბიზნესები (მაროკო)
- მუჰამედ დევჯი – $1.6 მილიარდი – სხვადასხვა ბიზნესი (ტანზანია)
- იუსებ მანსური – $1.5 მილიარდი – სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)
- ოსმან ბენჯელუნი – $1.3 მილიარდი – საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრია (მაროკო)
- მიშელ ლე რუ – $1.2 მილიარდი – საბანკო სფერო (სამხრეთ აფრიკა)
- სტრაივ მასიივა – $1.2 მილიარდი – ტელეკომუნიკაციები (ზიმბაბვე)
- იასინ მანსური – $1.1 მილიარდი – სხვადასხვა ბიზნესი (ეგვიპტე)