2022 წლის პირველ კვარტალში უორენ ბაფეტმა $51 მილიარდის აქციები შეიძინა

2022 წლის პირველ კვარტალში უორენ ბაფეტმა $51 მილიარდის აქციები შეიძინა

მაშინ, როცა კაპიტალის გლობალური ბაზარი ტურბულენტურ ფაზაში შევიდა, 91 წლის მილიარდერი ინვერტორი, უორენ ბაფეტი აქციების შეძენას განაგრძობს – 2022 წლის პირველ კვარტალში, ბაფეტის Berkshire Hathaway-მ $51 მილიარდის აქციები იყიდა, რაც კომპანიის მიერ SEC-სადმი წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება.

წინა კვარტალში, ბაფეტის Berkshire Hathaway-მ ინვესტიცია მისთვის რვა ახალ კომპანიაში დააბანდა, ხოლო კიდევ რამდენიმეში საკუთარი პოზიციები გაამყარა – ტრანზაქციების უმეტესობა კომპანიამ მარტის დასაწყისში განახორციელა.

Berkshire-ის ახლად დამატებულ პოზიციებს შორის აღმოჩნდა ამერიკული Citigroup-ის 55 მილიონი აქცია (~$2.6 მილიარდი) და მედიაგიგანტ Paramount Global-ის 69 მილიონი აქცია (~$1.9 მილიარდი) – დღეს, ბაფეტის კომპანია Paramount-ის 10%-ზე მეტს ფლობს. ამასთანავე, ბაფეტმა საბანკო-ჰოლდინგური კომპანიის, Ally Financial-ის $390-მილიონიანი წილი შეიძინა.

ზემოთ ხსენებული გარიგებების გასაჯაროების შემდეგ, Paramount-ის აქციების ფასმა 14%-ით, Citi-ს – 7%-ით, ხოლო Ally-ის აქციების ფასმა თითქმის 5%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში Berkshire Hathaway-მ ორი ენერგოკომპანიის, Chevron-ისა და Occidental Petroleum-ის, ტექნოლოგიური გიგანტის, HP-სა და ვიდეოთამაშების დეველოპერის, Activision Blizzard-ის აქციებიც შეიძინა – თუმცა, ყველა ეს ტრანზაქცია ამ დრომდეც იყო გასაჯაროებული. უორენ ბაფეტის საინვესტიციო კონგლომერატი Chevron-ის 159 მილიონ აქციას (~$27 მილიარდი), Occidental-ის 143 მილიონ აქციას (~$10 მილიარდი), HP-ის 121 მილიონ აქციას (~$4 მილიარდი) და Activision-ის 64 მილიონს აქციას (~$5 მილიარდი) ფლობს.

შესყიდვების პარალელურად, Berkshire Hathaway-მ რამდენიმე კომპანიაში საკუთარი პოზიციები გაასხვისა: ბაფეტი ამერიკული Wells Fargo-დან სრულად გავიდა, ხოლო Verizon-ის $8 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. საინტერესოა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, Wells Fargo უორენ ბაფეტის მთავარ პოზიციად მიიჩნეოდა – ამ ამერიკული ბანკის აქციებს Berkshire Hathaway-ი 1989 წლიდან ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია – მის ქონებას Forbes-ი $113.6 მილიარდად აფასებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *