2023 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალმა ₾1.1 მლრდ შეადგინა - Galt & Taggart

2023 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალმა ₾1.1 მლრდ შეადგინა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, 2021-23 წლებში საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლები 18.7%-ით გაიზარდა. მისივე ანალიზით, ეს განპირობებული იყო სახელმწიფო ხარჯების გაზრდით, უცხოელი სტუდენტების შემოდინებით, სწავლის საფასურის მატებითა და კერძო სკოლებში ჩარიცხვების მზარდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კერძო სექტორის შემოსავალი წლიურ ჭრილში 25.5%-ით გაიზარდა და 958.2 მილიონ ლარს მიაღწია.

რაც შეეხება ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორების შემოსავლებს – 2023 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 15.5%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ეს ძირითადად გამოწვეული იყო სახელმწიფო ხარჯების გაზრდით, ამავდროულად კი კერძო სექტორის შემოსავალმაც ზრდა დააფიქსირა. როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი, როგორც ჩარიცხვების, ასევე სწავლის საფასურის მატებამ.

ამავე პერიოდში უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 19.6%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის განცხადებით, შემოსავლების ზრდა გამოწვეული იყო სწავლის გადასახადის გაზრდითა და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებით, ძირითადად ინდოეთის ხარჯზე. G&T-ში ვარაუდობენ, რომ 2028 წელს საქართველო პოტენციურად 48,000 უცხოელ სტუდენტს უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის წვლილს შეიტანს.