ვიდეოგრაფობა AI-ეპოქაში

ვიდეოგრაფობა AI-ეპოქაში
ვიდეოკონტენტი ბრენდების კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მაღალია მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც კომერციულ მიზნებს ინდივიდუალურ ვიზუალურ ხელწერასთან აერთიანებენ. ასეთ ხელოვანებს შორისაა თამარ ტაბატაძე (იგივე Tamoon), რომელიც წლებია, საიმიჯო და სარეკლამო ვიდეოებზე, ასევე დოკუმენტურ და მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს. თამარი პროფესიულ გზაზე, ინდუსტრიის ცვლილებებზე, სოციალური მედიის გავლენასა და AI-ეპოქაში ვიდეოგრაფის როლის ტრანსფორმაციაზე გვესაუბრა.

 

თამარ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ვიდეოგრაფიაში?

სანამ ჩემს ძირითად ინტერესში გავერკვეოდი, ადრეული ასაკიდანვე მქონდა რამდენიმე პროფესიის მიმართ გამძაფრებული ინტერესი. ძალიან მაინტერესებდა ქირურგია, ამის შემდეგ იყო ფილოსოფია, რომელთანაც კავშირი ჯერაც არ გამიწყვეტია. რეალურად, შთაგონება არ მოსულა სადღაც სიჩუმეში, ის პროცესში დაიბადა. როდესაც ჩემს პირველ საკურსო დოკუმენტურ ფილმს ვიღებდი და რომლის მონტაჟზეც პირველად გავათენე, მაშინ მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. გრძელი გადაღებები, ფიზიკური შრომა, ღამით დაბრუნება და შემდეგ მონტაჟი – ამ ყველაფერში არის სიყვარული. როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, შრომა აღარ არის ტვირთი, ის ხდება არსებობის ნაწილი.

რა გავლენა იქონია სოციალურმა მედიამ თქვენს სამუშაო პროცესზე?

სამუშაო პროცესი და თავად ცხოვრების ტემპი კიდევ უფრო აჩქარებულია. ჩემი ხაზი საიმიჯო ვიდეოები, მუსიკალური რგოლები, მხატვრული ჩანახატები, რეკლამები და დოკუმენტური ფილმებია. რაც უფრო მაღალია ტემპი, მით მეტად პროდუქტიული და ბედნიერი ვარ, რადგან გაჩერების საშუალება არ მეძლევა და უფრო ვძლიერდები. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურმა მედიამ პროცესი დადებითად შეცვალა.

არის მცირე რისკებიც, რაც გამოიხატება შედეგზე ორიენტირებული აზროვნებით. ვიდეოს ეფექტურობას ნახვებითა და გაზიარებებით აფასებენ, ამიტომ ინდივიდუალური ხედვა მნიშვნელოვანია და ის არ უნდა დაკარგო. შესაბამისად, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება კომერციულ ეფექტურობასა და ავტორისეულ იდენტობას შორის. არ უნდა დაკარგო საკუთარი ხმა ქაოსში.

როგორ შეცვალა ვიდეოგრაფების ცხოვრება მოკლე ფორმატის ვიდეოკონტენტმა?

ვიდეოგრაფების ცხოვრება არ შეცვალა, მუშაობის სტილში შეიტანა ცვლილებები. მნიშვნელოვნად დაჩქარდა ვიდეოპროდუქციის ციკლი და განახლდა მუშაობის სპეციფიკა. ჩემს შემთხვევაში ეს თავისთავად მოხდა, ადაპტაციების გარეშე. გასულ წლებში პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარებით მიმდინარეობდა ხოლმე, დღეს კი, არის შემთხვევები, როცა მირეკავენ, მეუბნებიან თემას, ლოკაციას და იმას, თუ რა სტილისა და მიმართულების უნდა იყოს ვიდეო ადგილზე ვწყვეტ. ამის მაღალ ხარისხში შესრულება, რა თქმა უნდა, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გარეშე რთულია. ყველა ოპერატორს ვერ მოსთხოვ ამას.

ჩემ შემთხვევაში ის, რომ დოკუმენტური კინოს რეჟისორი ვარ და ასევე თავად ვამონტაჟებ გადაღებულს, მეხმარება უმოკლეს დროში გადავწყვიტო გადაღებისა და მონტაჟის სტილი.

დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ვიდეომ შეაჩეროს „სქროლვა“. ეს კარგი იდეის, კადრის ესთეტიკისა და ორიგინალური ხედვის საშუალებით ხდება, რაშიც ხშირად გვეხმარება დინამიკური მონტაჟი. ადრე ერთი კარგი რეკლამა საკმარისი იყო, ახლა კომპანიას სჭირდება ბევრი მოკლე, საიმიჯო ვიდეო. ასე იზრდება ღირებულება და სანდოობა მომხმარებელში. უკეთ ახერხებენ გაცნობას, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება. ამიტომაც არის ჰაერივით საჭირო ისეთი ვიდეოგრაფი, რომელიც თანამედროვეობას ფეხდაფეხ მიჰყვება და ჰარმონიულად იყენებს ტექნოლოგიურ სიახლეებს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს.

როგორ ხედავთ ვიდეოგრაფიის ინდუსტრიის განვითარებას უახლოეს წლებში, განსაკუთრებით AI-ის ფონზე?

დღეს საუკეთესო დროა ჩემს პროფესიაში. თუ ვერ ადაპტირდი, მაშინ გაქრები. კომერციაში ვიდეოგრაფი ის ადამიანია, რომელიც ბრენდის აბსტრაქტულ აზრს აღქმად რეალობად გარდაქმნის. AI კი ხელსაწყოა ისეთი, როგორიც მხატვრისთვის ფუნჯი. ფუნჯი შეიძლება იდეალურია, მაგრამ თუ ხელმა არ იცის, რას ხატავს, ტილო ცარიელია. რაც უფრო გაიზრდება ხელოვნურობა, მით უფრო გაიზრდება დაუგეგმავი მომენტების, ცოცხალი კადრისა და რეალური ადამიანის ღირებულება.

რამდენად შეიცვალა მოთხოვნები ბოლო წლებში და რა ტიპის კონტენტზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა?

დღეს ვიდეო უნდა იყოს მკაფიო და პირველივე წამებში ახდენდეს ეფექტს. უმნიშვნელოვანესია, სწრაფად აღწევდეს ადამიანის ყურადღების ბირთვამდე. დღეს ხშირად აღარ ვყვები ისტორიას ვრცლად. მოკლე ემოციების შეერთებით შესაძლებელი ხდება ნერვულ სისტემაზე თამაში, რაც სასიამოვნო პროცესია და ახერხებს კიდეც უფრო მეტხანს შეგაყოვნოს. თუ შეძელი ნაკლებ დროში მეტი სარგებელი მოიტანო, ე.ი. გამოგივიდა. ვინც ამას ვერ ამჩნევს, ის უბრალოდ იღებს ვიდეოებს, ვინც ამჩნევს – ის ქმნის გავლენას ბაზარზე.