მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება კლებას განაგრძობს. ამის მიზეზი კი SpaceX-ის აქციების მკვეთრი გაუფასურებაა. კომპანიის აქციების ფასის ბოლოდროინდელი ვარდნა Starship-ის მორიგი სატესტო გაშვების გადადებამ გამოიწვია.
წარუმატებელი მცდელობის ფონზე, 17 ივლისს, აქციების ღირებულება დაახლოებით 4.4%-ით დაეცა, რის შედეგადაც მასკის ქონება ერთ დღეში 45.3 მილიარდი დოლარით შემცირდა და 792.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სავაჭრო დღის განმავლობაში SpaceX-ის აქციები უკვე 14.5%-ით არის გაუფასურებული.
ქონების მკვეთრად შემცირების მიუხედავად, ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მას Forbes-ის რეიტინგში Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი (282 მილიარდი დოლარი) და სერგეი ბრინი (260.1 მილიარდი დოლარი), მოსდევენ.
SpaceX-ის აქციებზე ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მასკმა განაცხადა, რომ Starship-ის მე-13 სატესტო გაშვება ძრავების ნაწილის ამუშავებისას შექმნილი პრობლემის გამო გაუქმდა. მისი თქმით, რაკეტის ხელახლა გაშვებას, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში ეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე UBS-ის ანალიტიკოსი გევინ პარსონსი მიიჩნევდა, რომ Starship-ის გაშვება კომპანიის აქციებისთვის მნიშვნელოვანი კატალიზატორი იქნებოდა. მისი შეფასებით, მისიას ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრირება უნდა მოეხდინა, მათ შორის, Super Heavy-ის ამაჩქარებლის ძრავების განმეორებითი ჩართვისა და Starlink-ის განახლებული სისტემის გამოცდის მიმართულებით.
მასკის ქონებამ SpaceX-ის რეკორდული IPO-ს შემდეგ, 16 ივნისს, პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 1.45 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ მისი სიმდიდრე თითქმის 700 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
ინვესტორების ყურადღება ახლა უკვე Tesla-სკენ არის მიმართული, რომელიც ფინანსურ შედეგებს 22 ივლისს გამოაქვეყნებს.
















