2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

Forbes-მა 2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგის ლიდერი, უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში გამომუშავებული $136 მილიონით (გადასახადებამდე), საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელი სპორტსმენის ხელფასი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და $75 მილიონს მიაღწია.

საერთო ჯამში, ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა 2018 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და $1.1 მილიარდს მიაღწია. შედეგად, რეიტინგის ათეულის კოლექტიური შემოსავალი, შარშანდელი $990 მილიონიდან, 12%-ით გაიზარდა, 2018 წლის მონაცემებთან ($1.06 მილიარდი) შედარებით კი 5%-ით მეტი აღმოჩნდა. სპორტსმენების შემოსავალში ახალი რეკორდი უმეტესწილად ფეხბურთსა და გოლფში ახლო აღმოსავლეთიდან თანხის ნაკადების გაზრდის დამსახურებაა.

გასული წლის რეიტინგის ლიდერი და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში, $130 მილიონით, მეორე ადგილს დასჯერდა. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელ ტრანსფერზე, რომლის ფარგლებშიც არგენტინელი შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში საუდის არაბეთში გადავიდეს. მესის საუდის არაბეთთან მრავალმილიონიანი შეთანხმებაც აკავშირებს და ქვეყანასთან ტურიზმის ელჩის რანგში თანამშრომლობს. Forbes-ის რეიტინგის პირველ სამეულს ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, 24 წლის კილიან მბაპე ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში, $100-მილიონიანი ნიშნულის გადალახვა ჯამში რვა სპორტსმენმა შეძლო. აქამდე წლიური შემოსავლით, $100-მილიონიანი ზღვარი მხოლოდ სამ სპორტსმენს, კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და ლებრონ ჯეიმსს ჰქონდათ გადალახული. თუმცა წლევანდელი რეკორდული მონაცემებით, მათ რიგებს კიდევ ხუთი სპორტსმენი შეემატა.

Forbes-ის 2023 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ: Al Nasar-ის ფეხბურთელი – $136 მილიონი

ხელფასი: $46 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი

კრიშტიანუ რონალდუსა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გზები გასული წლის ნოემბერში გაიყო და მას შემდეგ პორტუგალიელი საუდის არაბეთის სპორტსმენების რიგს შეუერთდა. „ალ-ნასრში“ ფეხბურთელის ხელფასი თითქმის გაორმაგდა და $75 მილიონს მიაღწია. რონალდუს შემოსავლის დიდ ნაწილს ფეხბურთელის სოციალურ ქსელში პოპულარობა განაპირობებს: Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რონალდუს 850 მილიონი გამომწერი ჰყავს, პორტუგალიელის სპონსორთა რიგებს კი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-იც შეემატა.

  1. ლიონელ მესი: PSG-ის ფეხბურთელი – $130 მილიონი

ხელფასი: $65 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $65 მილიონი

ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ ტრანსფერზე, რომლის ფარგლებშიც ლიონელ მესი შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში საუდის არაბეთში გადავიდეს. ამავდროულად კი ხმები დადის არგენტინელის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზეც. მოედანზე გამომუშავებული თანხის გარდა, ფეხბურთელის შემოსავლის დიდი ნაწილი ისეთ ბრენდებთან მის პარტნიორობაზე მოდის, როგორიცაა Adidas-ი, Budweiser-ი და PepsiCo.

  1. კილიან მბაპე: PSG-ის ფეხბურთელი – $120 მილიონი

ხელფასი: $100 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $20 მილიონი

ფრანგი ფეხბურთელის შემოსავლის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო მოედანზე გამომუშავებულ თანხას უკავშირდება. წელს ფეხბურთელს ტოპ-ათეულში დებიუტი აქვს, მაშინ როდესაც შარშან მხოლოდ 35-ე ადგილს დასჯერდა, ამავდროულად კი რეიტინგში ერთადერთია, რომლის ასაკიც 30 წელს არ აღემატება. მბაპეს, სხვა ფეხბურთელებისგან რეიტინგში ყველაზე მაღალი სათამაშო ანაზღაურებაც გამოარჩევს, რომელიც $100 მილიონს აღწევს.

  1. ლებრონ ჯეიმსი: Los Angeles Lakers-ის კალათბურთელი – $119.5 მილიონი

ხელფასი: $44.5 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $75 მილიონი

ლებრონ ჯეიმსი, გასული წლის ივნისში, პირველი აქტიური სპორტსმენი გახდა, რომელმაც Forbes-ის მილიარდერთა სიაში თავი დაიმკვიდრა. თუმცა კალათბურთელის მილიარდერის სტატუსი სპორტულ კარიერაზე მეტად, მისი სამეწარმეო საქმიანობის დამსახურებაა. მილიარდერის ბიზნესსაქმიანობებს შორისაა მის მიერ დაარსებული სპორტული კვების ფირმა Ladder-ი და SpringHill Company, რომელიც სატელევიზიო და სხვა გასართობ კონტენტს აწარმოებს.

  1. კანელო ალვარესი: მოკრივე – $110 მილიონი

ხელფასი: $100 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $10 მილიონი

რინგზე ყოველი გასვლისას ალვარესი ათეულობით მილიონ დოლარს აგროვებს. ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში კი $110 მილიონის გამომუშავება შეძლო, რაც უმეტესწილად დმიტრი ბივოლისა და გენადი გოლოვკინის წინააღმდეგ ბრძოლის დამსახურებაა. ცნობისთვის, Forbes-ის რეიტინგი პირველ მაისამდე მიღებულ შემოსავალს აღრიცხავს, რაც ნიშნავს, რომ ჯონ რაიდერთან გამართული ბრძოლიდან გამომუშავებული თანხა, მიმდინარე წლის მონაცემზე არ აისახა.

  1. დასტინ ჯონსონი: გოლფი – $107 მილიონი

ხელფასი: $102 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი

  1. ფილ მიკელსონი: გოლფი – $106 მილიონი

ხელფასი: $104 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $2 მილიონი

  1. სტეფენ კარი: Golden State Warriors-ის კალათბურთელი – $100.4 მილიონი

ხელფასი: $48.4 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $52 მილიონი

  1. როჯერ ფედერერი: ჩოგბურთელი – $95.1 მილიონი

ხელფასი: $0.1 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $95 მილიონი

  1. კევინ დურანტი: Phoenix Suns-ის კალათბურთელი – $89.1 მილიონი

ხელფასი: $44.1 მილიონი

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $45 მილიონი