ილონ მასკი და სემ ოლტმენი მათ შესახებ გადაღებულ ფილმებს აკრიტიკებენ

ილონ მასკი და სემ ოლტმენი მათ შესახებ გადაღებულ ფილმებს აკრიტიკებენ

შემოდგომაზე ეკრანებზე ილონ მასკის, მარკ ცუკერბერგისა და სემ ოლტმენის შესახებ გადაღებული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები გამოვა. კრიტიკოსების დადებითი შეფასებების მიუხედავად, თავად მილიარდერების რეაქცია განსხვავებულია — ილონ მასკი მასზე გადაღებულ ფილმს „შავ პიარს“ უწოდებს და რეჟისორს აკრიტიკებს, ხოლო ოლტმენი აცხადებს, რომ მისი პერსონაჟის ეკრანული სახე რეალობას არ შეესაბამება.

რეჟისორ ალექს გიბნის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „მასკი“, კინოთეატრებში ამ შაბათ-კვირას გამოჩნდება. თითქმის 4-საათიანი ნამუშევარი Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.

ამავე პერიოდში მაყურებელი ასევე იხილავს „სოციალურ ანგარიშსწორებას“, რომელიც 2010 წლის ფილმის, „სოციალური ქსელის“, გაგრძელებაა. ახალ ნამუშევარში მარკ ცუკერბერგის როლს ჯერემი სტრონგი ასრულებს. სიუჟეტი Meta-ს გარშემო ვითარდება მას შემდეგ, რაც მამხილებელმა კომპანიის შიდა ინფორმაცია გაასაჯაროვა და გამოავლინა, რომ Meta-სთვის მისი პლატფორმების შესაძლო უარყოფითი გავლენების შესახებ ცნობილი იყო.

მომდევნო კვირას კინოთეატრებში კომიკოს ნათან ფილდერის დოკუმენტური ფილმი „ყველაფრის დანახვა შეგიძლია“ გამოვა. ფილმი Theranos-ის დამფუძნებელს, ელიზაბეთ ჰოლმსს ეძღვნება. ჰოლმსი ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი იყო, თუმცა ახლა, თაღლითობის ბრალდებით, 11-წლიან პატიმრობას იხდის.

კიდევ ერთი ფილმი, „ხელოვნური“, OpenAI-ის მმართველობაში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ეს ის პერიოდია, როდესაც ოლტმენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან რამდენიმე დღით გადააყენეს. ფილმში ოლტმენის გარდა, ტექნოლოგიური ინდუსტრიის სხვა ცნობილი ფიგურებიც არიან წარმოდგენილი, მათ შორისაა მასკი.

როგორ აფასებენ ფილმებს კრიტიკოსები?

დოკუმენტურმა ფილმებმა „მასკი“ და „ყველაფრის დანახვა შეგიძლია“ Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსების 100%-იანი შეფასება მიიღეს, თითოეულ მათგანს კი 20-ზე მეტი მიმოხილვა აქვს. The Hollywood Reporter-მა „მასკი“ შემოქმედებითი თვალსაზრისით გამორჩეულ ნამუშევრად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფილმში მასკის ქცევამ შესაძლოა მაყურებელში შფოთვა და დისკომფორტი გამოიწვიოს.

ხოლო ოლტმენისა და OpenAI-ის შესახებ გადაღებულმა ფილმმა „ხელოვნურმა“, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკის კინოფესტივალზე შედგა, Rotten Tomatoes-ზე პირველი 16 მიმოხილვის საფუძველზე 95%-იანი შეფასება მიიღო.

მილიარდერების გამოხმაურება

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით ფილმის რეჟისორი ალექს გიბნი არაერთხელ გააკრიტიკა. მან რეჟისორი სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია და ფილმის ქასთიც დაუწუნა. როგორც ცნობილია, დოკუმენტურ ფილმში ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, მილიარდერის ყოფილი პარტნიორი ეშლი სენტ-კლერი და ყოფილი მეუღლე ჯასტინ მასკი მონაწილეობენ.

„გიბნიმ ყველა ის ადამიანი შეკრიბა, რომელთაც ჩემთან პირადი ანგარიშები აქვთ ან საერთოდ არ მიცნობენ და მაინც აქვთ პირადი ანგარიშები“, — დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში და ფილმს მის წინააღმდეგ „შავი პიარიც“ უწოდა. მასკმა სამართლებრივი ზომების მიღებაც არ გამორიცხა, რის შემდეგაც გიბნიმ მილიარდერთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ოლტმენს კი მიაჩნია, რომ ფილმის შემქმნელების მთავარი მიზანი მოვლენების ზუსტად ასახვა არ ყოფილა. ფილმზე მან გამოცემა Vanity Fair-თან ინტერვიუში ისაუბრა: „არ ვფიქრობ, რომ მათ სიზუსტის ასახვა სურდათ. ისინი კარგი ფილმის გადაღებას ცდილობენ და შესაძლოა, მართლაც გამოუვიდეთ კარგი ნამუშევარი, თუმცა არა მოვლენების ზუსტი ასახვის თვალსაზრისით“.

მან ფილმის ტრეილერში გამოტანილი ერთ-ერთი სცენაც გააკრიტიკა, რომელშიც ჩანს, რომ ოლტმენის სახლში იარაღით სავსე ბუნკერია მოწყობილი. ბიზნესმენის თქმით, ეს ფაქტობრივი უზუსტობის მაგალითია. თუმცა ოლტმენმა დადებითად შეაფასა მისი როლის შემსრულებლის, ენდრიუ გარფილდის ოსტატობა.

„სოციალურ ანგარიშსწორებაზე“ მარკ ცუკერბერგს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ფილმში მისი როლის შემსრულებელმა, ჯერემი სტრონგმა, GQ-ს განუცხადა, რომ პროექტში მონაწილეობაზე დათანხმების შემდეგ ცუკერბერგს ელექტრონული წერილი გაუგზავნა და პასუხიც მიიღო. სტრონგს გზავნილის შინაარსი არ გაუმხელია.

თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ცუკერბერგი 2014 წლის ფილმს, „სოციალურ ქსელს“, აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ფილმში ბევრი რამ გამოგონილი იყო, ზოგიერთი დეტალი კი მისთვის შეურაცხმყოფელიც აღმოჩნდა.