რუსეთში მობილიზაციის შიშით გამოწვეული მიგრაცია საქართველოსა და სომხეთში ქირის ფასებს ზრდის | Euronews

რუსეთში მობილიზაციის შიშით გამოწვეული მიგრაცია საქართველოსა და სომხეთში ქირის ფასებს ზრდის | Euronews

ფოტო: wikipedia.org

 

2026 წლის ზაფხულში საქართველოსა და სომხეთში საცხოვრებელი სახლების ქირის ფასი წლიურად 20%-30%-ით გაიზარდა. Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისში სტანდარტული საცხოვრებლის ყოველთვიური ქირა დაახლოებით 450 ევროდან იწყება, ხოლო ერევანში ოროთახიანი ბინის ქირაობა 800-900 ევრო ჯდება.

როგორც Euronews-ი წერს, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის მოლოდინში არიან, საცხოვრებლებს მეზობელ ქვეყნებში ეძებენ. შედეგად, 2026 წლის ზაფხულში საქართველოსა და სომხეთში ბინების ქირა წლიურად 20–30%-ით გაიზარდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებს შორის საქართველოა, სადაც მათ ვიზის გარეშე 360 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. შედარებისთვის, რუსეთის მოქალაქეებს სომხეთში უვიზოდ შესვლა და წელიწადში 180 დღემდე დარჩენა შეუძლიათ.

„თბილისში სტანდარტული საცხოვრებლის ყოველთვიური ქირა დაახლოებით 450 ევროდან იწყება, შედარებით დიდი ფართობისა და მაღალი კლასის ბინებისთვის კი 2,700 ევროსაც აჭარბებს“, — წერს Euronews-ი. გამოცემას ასევე მოჰყავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელთა თანახმადაც, საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი დაახლოებით 2,165 ლარია, რაც 750 ევროს ეკვივალენტურია.

თუმცა, როგორც Euronews-ი წერს, ზაფხულის პიკის შემდეგ საქართველოში ქირის ფასები შემცირდა და მეტწილად დასტაბილურდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა 2022–2023 წლებში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით საცხოვრებლის ქირა ზოგიერთ შემთხვევაში 70%-მდე გაიზარდა.

2023 წელს საქართველოში უძრავ ქონებაზე უცხოელი მყიდველების მონაწილეობით განხორციელებული გარიგებების 55%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. თუმცა ამის შემდეგ წილი დაახლოებით მესამედით შემცირდა.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2026 წელს თბილისში ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლების პირველადი შემსყიდველების 76%–ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ,. ისრაელის მოქალაქეების წილი 11% იყო, რუსეთის მოქალაქეების კი — 3%.