გასული წლის ბოლო სამ თვეში ჩინური კომპანია BYD-ი ელექტრომობილების უმსხვილესი გამყიდველი გახდა, გადაასწრო უმთავრეს კონკურენტ Tesla-ს და 526,000 აკუმულატორზე მომუშავე მანქანა გაყიდა.
შედარებისთვის, მეოთხე კვარტალში Tesla-მ 484,500 ელექტრომობილი გაყიდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს ილონ მასკის კომპანია მაინც ლიდერობდა და, საერთო ჯამში, გაყიდვებმა რეკორდულ 1.8 მილიონ ერთეულს მიაღწია.
წლის ბოლოს მაჩვენებლები იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ, რადგან გაყიდვები 20%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გასული წლის იანვარში მასკმა თქვა, რომ 2023 წელს Tesla-ს ორი მილიონი ერთეულის მიწოდების პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ იმედები არ გამართლდა. მყიდველების მოზიდვის მიზნით ფირმას არაერთხელ მოუწია ფასების შემცირება.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 750 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც, მართალია, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი 2023 წლის იანვრის 350 მილიარდ დოლართან შედარებით, მაგრამ მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებულ რეკორდულ 1.2 ტრილიონ დოლართან შედარებით.
BYD-ის ეს მიღწევა ხაზს უსვამს ელექტრომობილების ბაზრის კონკურენტუნარიანობას და Tesla-ს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რადგან კომპანიისთვის ლიდერობის შენარჩუნება უფრო მეტად გართულდება.
მთლიანობაში, შენჭენში დაფუძნებულმა BYD-მა 3 მილიონზე მეტი აკუმულატორზე მომუშავე მანქანა და ჰიბრიდი გაყიდა. აქედან აკუმულატორზე მომუშავე თითქმის 1.6 მილიონი ერთეული იყო.
ცნობისთვის, ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანგ ჩუანფუმ საკუთარ ბიძაშვილთან ერთად BYD-ი 1995 წელს შენჭენში დააარსა.
კომპანიამ სახელი გაითქვა მრავალჯერადი დატენის ბატარეებით, რომლებიც სმარტფონებში, ლეპტოპებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებში გამოიყენება და კონკურენციას უწევდა იაპონიიდან იმპორტირებულ უფრო ძვირად ღირებულ პროდუქციას.
BYD-მა საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვა 2002 წელს დაიწყო და დივერსიფიკაცია სახელმწიფო ავტომობილების მწარმოებლის, Qinchuan Automobile Company-ის შეძენით შეძლო.
2008 წლიდან BYD-ის აქციონერი ვეტერანი ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ია, თუმცა გასულ წელს ბაფეტმა წილი ზედიზედ 11-ჯერ შეამცირა, 10%-ზე ქვემოთ ჩამოწია და თქვა: “ბევრ რამეში ილონ მასკთან კონკურენცია არ მსურს”.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ BYD-ის ზრდა ეფუძნება მის თავდაპირველ ბიზნესს – ბატარეებს, რომლებიც ელექტრომობილების ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილებს შორისაა და მათი შიდა წარმოება კომპანიას თანხების დაზოგვაში ეხმარება. მისი ბევრი კონკურენტი კი ბატარეების სხვა მწარმოებელზეა დამოკიდებული.
BYD-ის ბატარეების ბიზნესი მის მოქნილობასაც უწყობს ხელს – 2023 წლის ბოლოს კომპანიამ ფასები შეამცირა და მხოლოდ დეკემბერში გაყიდვები 70%-ით გაზარდა. ამჟამად ჩინური ფირმის საბაზრო კაპიტალიზაცია 560 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თანახმად, ელექტრომობილების გაყიდვები მსოფლიოში ექსპონენციურად იზრდება. მთლიან გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 2020-2022 წლებში გასამმაგდა და, შესაბამისად, 4%-დან 14%-მდე გაიზარდა.
2023 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში 2.3 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. IEA-ის გაყიდვების პროგნოზი 2023 წლისთვის 14 მილიონი ერთეულია, რაც წლიურად 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების 60% მოდის, ხოლო სიდიდით მეორე ბაზარი ევროპაა, სადაც 2022-ში გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, ე.ი. ყოველ მეხუთეში ერთი ელექტრომანქანა იყო. სიდიდით მესამე ბაზარზე, აშშ-ში კი გაყიდვები 2022-ში 55%-ით გაიზარდა.
კონკურენციის მაღალი დონე ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასაც უწყობს ხელს, მათ შორის, ჩინეთიდან. ეს კი მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვან არჩევანს, ხელსაყრელ ფასებს, ევროპაში ჩინური მანქანების გაყიდვის ზრდასა და ევროპელი მწარმოებლებისთვის ახალი გამოწვევების გაჩენას შეიძლება გულისხმობდეს.
ელექტრომობილების გაყიდვები 2016-2023 წლებში