2023 წლის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუები Netflix-ზე

2023 წლის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუები Netflix-ზე

კომპანიის ისტორიაში პირველად, Netflix-მა „ჩართულობის ანგარიში“ გამოაქვეყნა, რომელიც პლატფორმის 18,000-მდე ფილმსა და ტელეშოუს აერთიანებს. ამერიკული სტრიმინგ-სერვისი სამომავლოდ ანგარიშს უკვე წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნებს, რაც მის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. Netflix-ი მაყურებელთა მონაცემებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა.

თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. თავდაპირველად Netflix-მა მონაცემები პლატფორმის ყველაზე პოპულარული შოუებისთვის ინდივიდუალურად გამოაქვეყნა, შემდეგ კი ტოპ-10-იც გაასაჯაროვა. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერებისა და მსახიობების ნაწილისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რაზეც Netflix-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობამ კომპანიის პარტნიორებთან უნდობლობა წარმოქმნა.

Netflix-ზე ყველაზე ნახვადი შოუებიდან ერთის გარდა ყველა სტრიმინგ-სერვისის ორიგინალი კონტენტია. ერთადერთი ლიცენზირებული შოუ, რომელიც ათეულში მოხვდა, „სამხრეთის დედოფლის“ მესამე სეზონია. საერთო ჯამში ლიცენზირებულ კონტენტს ნახვების მონაცემებში 45% უკავია, ორიგინალს შესაბამისად – 55%. ანგარიში პლატფორმის 240 მილიონი გამომწერის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, შოუების მიერ დაგროვილი ნახვის საათების მიხედვით.

Netflix-ის ანგარიშით, პლატფორმაზე 4,000-ზე მეტი შოუა, რომელთა ნახვის დროც 100,000 საათი ან მასზე ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ 4,000-ზე მეტ შოუს სტრიმინგ-სერვისზე გლობალურად 100 ათასზე ნაკლები ადამიანი უყურებს – Netflix-ის მომხმარებელთა 0.04%-ზე ნაკლები. Netflix-ის განმარტებით, ამ შოუთა დიდი ნაწილი პლატფორმაზე მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

Netflix-ზე 2023 წლის ყველაზე პოპულარული შოუების ათული:

  1. ღამის აგენტი (სეზონი 1) – 812.1 მილიონი საათი
  2. ჯინი და ჯორჯია (სეზონი 2) – 665.1 მილიონი საათი
  3. ტრიუმფი (სეზონი 1) – 622.8 მილიონი საათი
  4. უენსდეი (სეზონი 1) – 507.7 მილიონი საათი
  5. დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი – 503 მილიონი საათი
  6. შენ (სეზონი 4) – 440.6 მილიონი საათი
  7. სამხრეთის დედოფალი (სეზონი 3) – 429.6 მილიონი საათი
  8. აუთერ-ბანქსი (სეზონი 3) – 402.5 მილიონი საათი
  9. ჯინი და ჯორჯია (სეზონი 1) – 302.1 მილიონი საათი
  10. ფუბარი (სეზონი 1) – 266.2 მილიონი საათი