მილიარდერ ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომი – The Tortured Poets Department-ი – ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ყველაზე პოპულარული ალბომი გახდა, როგორც გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობით, ასევე მიღებული შემოსავლით.
ამერიკელი პოპმომღერლის ალბომი, აპრილში გამოსვლის დღიდან, Billboard 200-ის ყოველკვირეულ ჩარტში ზედიზედ 12 კვირის განმავლობაში ხვდებოდა, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის პირველ ნახევარში სვიფტის ალბომ Tortured Poets-ის „მთლიანმა მოხმარებამ“ – რაც თავის თავში მოიცავს ტრადიციული ალბომის, სიმღერების გაყიდვებსა და სტრიმინგის მონაცემებს – 4.66 მილიონს მიაღწია.
შედეგად, სვიფტის ალბომმა თითქმის სამი მილიონი ერთეულით გაუსწრო რეიტინგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის ბიონსესა და SZA-ს, რომელთა შემთხვევაშიც ეს მონაცემი მხოლოდ 1-მილიონიან მაჩვენებელს აღემატება.
თუმცა, მიუხედავად ალბომის წარმატებისა, Luminate-ის უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გლობალური – და მათ შორის აშშ-ის – ჩარტების სათავეში სვიფტის არცერთი სიმღერა არ მოხვედრილა. ეს ტიტული ბენსონ ბუნის Beautiful Things-ს ხვდა წილად, რომელმაც გლობალურად 1.434 მილიარდი, ხოლო მხოლოდ აშშ-ში 448.7 მილიონი აუდიოსტრიმი დააგროვა.
Beautiful Things-ს ტედი სვიმის სიმღერა Lose Control-ი მოჰყვება, გლობალურად, 1.117 მილიარდი სტრიმით, და მხოლოდ შემდეგ მოდის სვიფტის Cruel Summer – 1.012 მილიარდი სტრიმით.
საინტერესოა, რომ Luminate-ის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აუდიოსტრიმინგზე მოთხოვნა 15%-ითაა გაზრდილი. ამერიკაში კი იმავე მაჩვენებლის 8%-იანი ზრდა აღინიშნება. Luminate-ის შუა წლის ანგარიშით, აშშ-ის ჩარტებში ყველაზე პოპულარული ჟანრი ჰიპ-ჰოპი და R&B-ია (24.6%), შემდეგ მოდის როკი, ყველაზე დაბალი – 0.9%-იანი წილი კი ჯაზს უკავია.
გაყიდვების ეკვივალენტით, 2024 წლის ტოპ-10 ალბომი (ალბომისა და სიმღერების გაყიდვები, სტრიმინგი):
- ტეილორ სვიფტი, „The Tortured Poets Department“ (4.660 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- მორგან უოლენი, „One Thing at a Time“ (1.776 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- ნოა კაჰანი, „Stick Season“ (1.224 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- ბიონსე, „Cowboy Carter“ (1.105 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- SZA, „SOS“ (1.064 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- Future & Metro Boomin, „We Don’t Trust You“ (1.046 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- მორგან უოლენი, „Dangerous: The Double Album“ (1.010 მილიონი ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- ზაკ ბრაიანი, „Zach Bryan“ (984,000 ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- ტეილორ სვიფტი, „1989 (Taylor’s Version)“ (953,000 ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)
- ტეილორ სვიფტი, „Lover“ (948,000 ალბომის ერთეულის ეკვივალენტი)