30 წელი – გზა დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ

30 წელი – გზა დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ

1989 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღრიცხვის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს მოსახლეობა 5.4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. თავისი ეკონომიკური განვითარებით, ცხოვრების დონითა და განვითარების პოტენციალით საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო. მართალია, საქართველოს ეკონომიკა თავისებურად იყო განვითარებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ამავე დროს დემოგრაფიული თვალსაზრისითაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცდაათი წლის შემდეგ მივიღეთ შემდეგი მოცემულობა: მოსახლეობა 5.4 მილიონიდან 3.7 მილიონამდე შემცირდა, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში მოსახლეობა შემცირდა 32 პროცენტით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე შეადგენს 4,600 დოლარს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზე ვართ ანუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა, საქართველოსთან შედარებით, ამ პერიოდში გაცილებით სწრაფად გაიზარდა.

ქვეყნიდან მოსახლეობის მაღალ გადინებას და შემცირებას თავისი ახსნა აქვს. ამ საკითხის საფუძვლიანი ანალიზი ნათლად დაგვანახვებს იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობას გარდაუვალი საფრთხე ემუქრება.

წინამდებარე სტატიის მიზანია, გავაანალიზოთ ეს პრობლემები და განვიხილოთ მათი გადაჭრის გზები იმისათვის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და განვითარდეს როგორც თავისუფალი ქვეყანა.

სამართლიანობისა და კეთილდღეობის პრობლემა

დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანას ჰყავდა ხელისუფლების ოთხი თაობა: ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობები. ყველა ეს მთავრობა აღნიშნავს, რომ მათი მოღვაწეობის განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა სხვადასხვა მიმართულებით.

გამსახურდიას მთავრობის მთავარი დამსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევა იყო.

შევარდნაძის მთავრობამ სამოქალაქო ომის გზით დაამხო ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. ამ მთავრობას საკუთარ უმთავრეს დამსახურებად მიაჩნია მათ მიერვე გაჩაღებული სამოქალაქო ომის დასრულება და ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ნავთობსადენის პროექტის განხორციელება.

სააკაშვილის მთავრობის დროს მოხდა სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნა, სახელმწიფოს ჩამოყალიბება, კორუფციის მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა.

ივანიშვილის მთავრობა თავის მთავარ მიღწევად სამართლიანობის აღდგენას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას მიიჩნევს.

ასეთი არის ამ მთავრობების მოღვაწეობის თვითშეფასება. ხოლო მათი ოცდაათწლიანი მოღვაწეობის რეალური შედეგი დემოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით არის შემდეგი: მოსახლეობა მცირდება და ეკონომიკა არ ვითარდება.

რატომ მიდის ხალხი საქართველოდან და რატომ მცირდება ქვეყნის მოსახლეობა? ამ პრობლემას იწვევს ორი ფუნდამენტური ფაქტორი: პირველი – საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს სამართლიანობა; და მეორე – ქვეყანაში ვერ შეიქმნა ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც ადამიანები საკუთარი ცოდნითა და შრომით შეძლებენ თვითრეალიზაციას.

მოსახლეობაში სამართლიანობის რწმენის დაკარგვა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებს უკავშირდება. ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება დამხობილ იქნა ძალადობრივად, სხვა ქვეყნის ჩარევით. სამართლიანი სახელმწიფოს შენებისა და მოსახლეობაში სამართლიანობის განცდისათვის ჩვენი უახლოესი ისტორიის ეს მონაკვეთი საბედისწერო აღმოჩნდა.

სწორედ ამ ინციდენტმა შექმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია, იძალადო კანონზე, მოიპოვო ძალაუფლება ან ხელისუფლება, დაუმსახურებლად და უკანონოდ ხელში ჩაიგდო და დაისაკუთრო უზარმაზარი ქონება, და განკარგო უამრავი ადამიანის ბედი.

მეორე საბედისწერო შეცდომა, რომელიც საქართველომ ისტორიის ამ მონაკვეთში დაუშვა, არის ის, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შემოქმედებს და ამ პერიოდში სახელმწიფო ქონების მიმტაცებლებს არათუ პასუხი არ უგიათ კანონის წინაშე, არამედ ამ მოვლენებს დღემდე შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც არ მისცემია.

ეს მოვლენა, თითქოს მივიწყებული, გახდა სათავე ყველა იმ უსამართლობისა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში წესად იქცა შემდეგი ოცდაათი წლის განმავლობაში. ყველა ის უსამართლობა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა – მოქალაქეები, ორგანიზაციები, კომპანიები – შეეჩეხა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, იშვა სწორედ იმ პოლიტიკური უსამართლობისაგან, რომლის შედეგადაც ძალადობრივად იქნა დამხობილი და განდევნილი ხალხის ნების გამომხატველი და არჩეული ხელისუფლება.

სამართლიანი გარემო ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური მოლოდინია. გარემო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის ელემენტარულ სტანდარტებს, ადამიანისათვის მისაღები არ არის და ის ყოველთვის ეცდება, გაეცალოს მას. უსამართლობის ოცდაათი წელი და სამართლიანობისადმი რწმენის დაკარგვა არის პირველი და უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებმა დატოვეს და ტოვებენ ქვეყანას.

საქართველოდან მოსახლეობის მაღალი ემიგრაციის განმაპირობებელი მეორე ძირითადი ფაქტორი არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ – შევარდნაძის მთავრობიდან დღემდე – ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობისათვის ვერ შექმნა სოციალური ცხოვრების, განათლების მიღების, ბიზნესის კეთებისა და პროფესიული საქმიანობის კომფორტული პირობები.

ჩვენი ყველა მთავრობა, მეტი თუ ნაკლები დოზით, ცდილობს გაღარიბებული ხალხის მოსყიდვას ან ხალხის უფრო მეტად გაღარიბებას, რომ შემდეგში მათი მოსყიდვა გამარტივდეს. გაღარიბებული ხალხის მოსყიდვა გახდა მთავრობების მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ერთ- ერთი მძლავრი ინსტრუმენტი.

არც ერთი ჩვენი მთავრობის მიზანს არ წარმოადგენდა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება და გამდიდრება. ამ მთავრობებმა არათუ ვერ შექმნეს, არამედ არ შექმნეს მოსახლეობისათვის სოციალური ცხოვრების, განათლების მიღების, ბიზნესის კეთებისა და პროფესიული საქმიანობის კომფორტული პირობები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, რომ მთავრობებს არ სურთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, არის საყოველთაო სუბსიდიები – მათი რაოდენობა და მოცულობები. სახელმწიფო საბიუჯეტო სუბსიდია თავისი არსით ეწინააღმდეგება განვითარებას, წინსვლას, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტისა და მომსახურების შექმნას.

სუბსიდია ნიშნავს, რომ მის გარეშე პროდუქტის ფასი მის ხარისხს არ შეესაბამება და ის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია. შესაბამისად, სუბსიდია პროდუქციის მწარმოებლისათვის სპობს ამ პროდუქციის გაუმჯობესების მოტივაციას, ხელს უშლის პროდუქციის კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბების პროცესს და ახალისებს არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის განგრძობით წარმოებას. ამავე დროს, კონკრეტული პროდუქტის სუბსიდირება ხელს უშლის იმავე სექტორში სხვა პროდუქციის წარმოებისათვის ინვესტიციის განხორციელებას.

ხელისუფლების შენარჩუნება მთავრობებისათვის, ცხადია, გაცილებით მარტივია ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდიების გამოყოფით, წინასაარჩევნოდ მცირე სურსათის დარიგებით, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებით, ნათესავი თუ ოჯახის წევრი პატიმრების განთავისუფლებით. სწორედ ამიტომ, ასეთი მოსახლეობის მოსყიდვა არის ხელისუფლების შენარჩუნების ეფექტიანი, მარტივი და იაფი ინსტრუმენტი, ხოლო ეკონომიკური სიდუხჭირე – ძალაუფლების შენარჩუნების გარანტი.

ეკონომიკურად ძლიერი და განათლებული მოსახლეობის მოსყიდვა შეუძლებელია. ამიტომ მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე და მთავრობების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება მოსახლეობის მოსყიდვის გზით – შეუთავსებელია. ხოლო ღარიბი მოსახლეობა აბსოლუტურ თანხვდენაშია მოსყიდვის გზით ძალაუფლების შენარჩუნებასთან.

შედეგად მივიღეთ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გარემო, სადაც განვითარების პერსპექტივის დანახვა ძალიან რთულია. ამ პრობლემასთან ერთად გავითვალისწინოთ სამართლიანობის დეფიციტი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მიგვეღო მაღალი ემიგრაცია და გაღარიბებული ქვეყანა.

ასევე აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილიც. საქართველოდან სხვა ქვეყნებში ძირითადად გაედინება მოსახლეობის შედარებით ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური ნაწილი. ის, ვინც ახერხებს, უცხოეთში მიიღოს განათლება და შექმნას განვითარების პერსპექტივები, საქართველოში არ ბრუნდება და ცხოვრებასა და მოღვაწეობას საზღვარგარეთ აგრძელებს.

ამავე დროს, ქვეყანაში მატულობს საპენსიო ასაკისა და ამ ასაკთან მიახლოებული მოსახლეობის ნაწილი – ანუ ის მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურები არიან. არსებული ეკონომიკური განვითარების ტემპებით და პროდუქტიული მოსახლეობის მზარდი ემიგრაციის პირობებში ეკონომიკურად არააქტიური და საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობისათვის სათანადო მატერიალური უზრუნველყოფა კიდევ უფრო პრობლემატური იქნება.

ეკონომიკა და დამოუკიდებლობა

“ფორბსის“ ნოემბრის გამოცემაში გამოქვეყნდა ჩვენი სტატია სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებით. დეტალურად განვიხილეთ ვალებთან დაკავშირებული პრობლემა და ის საფრთხეები, რომლებსაც ეს ვალები ქვეყნისათვის ქმნიან. სტატიის საპასუხოდ გაისმა კითხვები: თუ დავუშვებთ, რომ ქვეყანას დასჭირდა ვალების რესტრუქტურიზაცია ან დავდექით დეფოლტის წინაშე, კონკრეტულად რა იქნება პრობლემა?

უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვალებს არავინ გვაპატიებს. სესხების რესტრუქტურიზაციისა და დეფოლტის სანაცვლოდ კრედიტორები, ერთი მხრივ, მოითხოვენ საბიუჯეტო შემოსავლების ანუ გადასახადების გაზრდას (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადები, აქციზის გადასახადები) და ახალი გადასახადების შემოღებას.

მეორე მხრივ, კრედიტორები ასევე მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, პირველ რიგში ბიუჯეტის სოციალური ხარჯებისა და პენსიების შემცირებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპების შეჩერებას და ა.შ.

აქ ახალი არაფერია. მაგალითისათვის შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე წლის წინ რა პრობლემების წინაშე დადგა საბერძნეთი სწორედ საგარეო ვალების გამო და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

საბერძნეთისაგან განსხვავებით, დეფოლტი და ვალების რესტრუქტურიზაცია კიდევ უფრო მძიმე დარტყმა იქნება სუსტი ვალუტის მქონე, ევროგაერთიანების არაწევრი და ღარიბი საქართველოს ეკონომიკისათვის: სამომხმარებლო ფასების მაღალი ინფლაცია, ლარის ძლიერი გაუფასურება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების შემცირება, სოციალური პროგრამების შემცირება, კაპიტალის ქვეყნიდან გადინება, არსებული ბიზნესების შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის ზრდა – ყველა ეს ფაქტორი გარდაუვალია ქვეყნის დეფოლტის შემთხვევაში. ცხადია, პირველ ყოვლისა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა აღმოჩნდება.

ჭარბი ფინანსური ვალდებულებები ჩვენისთანა ქვეყნისათვის არის დამოუკიდებლობისა და განვითარების ერთ- ერთი მთავარი საფრთხე. ამიტომ საქართველო უნდა იყოს უკიდურესად კონსერვატიული სახელმწიფო ვალების – განსაკუთრებით მყარ ვალუტაში დენომინირებული ვალების მიმართ. საჭიროა შემუშავდეს და შეთანხმდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ ახალი ვალების აღების შესაძლებლობას მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შემთხვევაში.

ჩვენს წინა სტატიებში დეტალურად განვიხილეთ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი რეფორმები ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, კერძოდ: სავალუტო რეჟიმი („ფორბსი“, ივნისი 2019), განათლება („ფორბსი“, ივლისი 2019), საბიუჯეტო პოლიტიკა („ფორბსი“, აგვისტო- სექტემბერი 2019), სოფლის მეურნეობა („ფორბსი“, ოქტომბერი 2019), ენერგოპოლიტიკა („ფორბსი“, ნოემბერი 2019), ჯანდაცვა („ფორბსი“, დეკემბერი 2019), საინვესტიციო კლიმატი („ფორბსი“, იანვარი 2020), ინფრასტრუქტურა („ფორბსი“, თებერვალი 2020), სახელმწიფო საწარმოები („ფორბსი“, მარტი 2020), უსაფრთხო საინვესტიციო გარემო („ფორბსი“, აპრილი 2020), რა დაუჯდა საქართველოს კორონავირუსის ორი თვით შეჩერება („ფორბსი“, ივლისი 2020), სწრაფი ეკონომიკური ზრდა და გარემოზე ზემოქმედება („ფორბსი“, აგვისტო- სექტემბერი 2020), სახელმწიფო დეფოლტის წინაშე („ფორბსი“, ნოემბერი 2020), ნაღდი ფული: ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია და კრიმინალი („ფორბსი“, დეკემბერი 2020).

ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი, რუსული ენა და უმცირესობების ინტეგრაცია

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებიდან გამომდინარე – რუსეთთან ურთიერთობაა. პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო პირველი ნაბიჯი არის პრობლემის განსაზღვრა – დიაგნოზის დასმა. შემდეგ უნდა დაიწყოს გადაჭრის გზების ძიება.

ამისათვის პასუხი გავცეთ კითხვას: რატომ მოახდინა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია? რუსეთის ინტერესებს, ცხადია, არ წარმოადგენდა ამ რეგიონებიდან განსაკუთრებული ეკონომიკური დოვლათის მიღება; თუ გავითვალისწინებთ მის ტერიტორიულ მასშტაბებს, რუსეთისათვის ახალი ტერიტორიები ინტერესის საგანს ასევე არ წარმოადგენს. რუსეთმა ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მიზნით. ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემის არსი და რუსეთის მთავარი მიზანი.

ამ მოცემულობაში, საქართველოსთვის საუკეთესო სტრატეგიაა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიმართ პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის პარალელურად, კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

ქვეყნის ინტელექტუალური, ფინანსური და პოლიტიკური რესურსი მიმართული უნდა იყოს ქვეყნის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების გაძლიერებაზე. ჩვენი უპირველესი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს არსებულ დე ფაქტო საზღვრებში ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

უმთავრესი მიზანია, რომ ქვეყანა მიმზიდველი და კომფორტული გავხადოთ ჩვენივე მოქალაქეებისათვის – ემიგრაციაში მყოფი და პოტენციური ემიგრანტებისათვის – და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.

სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი და რეალური საფრთხეა. რუსეთის წილი საგრძნობლად იზრდება ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით, ესენია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი, უცხოელი ტურისტები, ენერგომატარებლების იმპორტი, ხორბლისა და სხვა ძირითადი სასოფლო- სამეურნეო ნედლეულის იმპორტი და ა.შ.

საქართველომ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მიზნით. ამის მაგალითებია 2005-2006 წლებში ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთში, იმავე წლების ზამთარში ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტა და 2019 წლის ივნისში ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მოსახლეობის მიერ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლის შეჩერება.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისათვის საქართველომ უნდა დააწესოს მრავალი წარმატებული ქვეყნის მიერ კარგად აპრობირებული ექსპორტისა და იმპორტის კვოტები კონკრეტული პროდუქტებისა და სასაქონლო ჯგუფებისათვის. ეს ქართულ ბიზნესებს და ქვეყნის ეკონომიკას რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. ამავე დროს ბიზნესებს გაეზრდებათ მოტივაცია, გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციით შეამცირონ ის ფინანსური რისკები, რომლებიც რუსეთის ბაზართან თანამშრომლობას ყოველთვის თან ახლავს. საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების მაქსიმალური შემცირების პარალელურად ჩვენი პოლიტიკა და მიდგომა რუსულ ენასთან მიმართებით პრაგმატული უნდა იყოს. კერძოდ, რუსული ენა უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით გასათვალისწინებელია შემდეგი რეალობა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში რუსული ენა უფრო მეტად დომინირებს და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

რადგან ჩვენ გვინდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტეგრაცია, უნდა შევქმნათ ამ ინტეგრაციისათვის აუცილებელი ენობრივი საფუძველი. რუსული ენა ამ მიმართულებით საუკეთესო გამოსავალია. ამ ენას ვფლობთ როგორც საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა.

მაგალითისათვის და სასწავლებლად გამოგვადგება ინდოეთი. ამ ქვეყანაში ასეულობით დიალექტია. რეგიონების უმრავლესობისათვის სხვა რეგიონების დიალექტები გაუგებარია. ინდოეთმა ქვეყნის რეგიონების ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოში გაერთიანებას საფუძვლად დაუდო მისი კოლონიზატორი ბრიტანეთის იმპერიის ენა – ინგლისური ენა.

სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ რუსული ენა. ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებით საფუძველი ჩავუყაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ინტეგრაციის პროცესს, ხოლო რუსული ენის საშუალებით ინტეგრაციის პროცესი რეალური გავხადოთ.

როგორც ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნეთ, საქართველოსათვის რუსული ენა ასევე მნიშვნელოვანია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის, სადაც რუსული ენა ადგილობრივი ენების პარალელურად ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი.

რუსული ენის საკითხი ძალიან სენსიტიურია, ერთი შეხედვით – წინააღმდეგობრივიც. თუმცა ამ მიმართულებით გვმართებს პრაგმატული მიდგომა იმისათვის, რომ მიღწულ იქნეს მთავარი მიზანი: ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებისა და მოსახლეობის ინტეგრაცია საქართველოში.

ამიტომ, ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რუსეთთან გვმართებს დიდი სიფრთხილე და ამისათვის საჭიროა კონკრეტული კვოტების შემოღება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში. ამავე დროს გვჭირდება რუსული ენა ჩვენივე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისათვის.

საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა მარტო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის იმ რეგიონებში არსებული სიტუაცია, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული: კერძოდ აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო და შიდა ქართლის რაიონები.

არ იქნება მართალი თქმა იმისა, რომ ეს ეთნიკური უმცირესობები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებული ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ინტეგრაციისათვის აუცილებელი და ძირითადი კომპონენტი – სახელმწიფო ენის ცოდნა – ამ რეგიონებში ისევ პრობლემატურია. სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო პირობები, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის სწავლის ინტერესი, მოტივაცია და შესაძლებლობა ექნებოდათ.

ეკონომიკური ვარდნის პერიოდში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ასეთ რეგიონებში ეკონომიკური სიდუხჭირე და ინტეგრაციის არარსებობა სეპარატიზმის ახალ საფრთხეებს ქმნის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პარალელურად, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსათვის ერთ- ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ ეს რეგიონები – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები უნდა იყოს.

პოლიტიკური მოწყობა

ჩვენი ერთ- ერთი ძირითადი პრობლემა არის ქვეყნის არსებული პოლიტიკური მოწყობა. დღეს საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს გადასვლა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე შეცდომა იყო: საქართველო ერთ- ერთი უღარიბესი ქვეყანაა; სიღარიბე ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა მოწყვლადია მოსყიდვის მიმართ, მათ შორის საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილი ქვეყნებიდან მოსყიდვის მიმართ. საპარლამენტო რესპუბლიკაში მოსასყიდი მიზნობრივი ჯგუფები გაცილებით მეტია და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება პოლიტიკური ქაოსის საფრთხეები.

დღევანდელ მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანას არა აქვს დროის ის ფუფუნება, რომელიც საჭიროა საპარლამენტო მოწყობისა თუ კოალიციური მთავრობების პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისათვის. დაუსრულებელი კამათის, დისკუსიისა და დისპუტის დრო ქვეყანას ნამდვილად არა აქვს.

საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოსათვის მისაღები იქნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გადაწყვეტილი იქნება მთელი რიგი სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები. ამიტომ, თუ ჩვენ სწრაფი ეკონომიკური განვითარება გვსურს, უნდა გვესმოდეს, რომ ამისათვის საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. უნდა დავუბრუნდეთ საპრეზიდენტო მოწყობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების ეფექტიანი ვერტიკალით.

ქვეყნის საპრეზიდენტო მოწყობა ძლიერი ვერტიკალით არ ეწინააღმდეგება ისეთი დემოკრატიული ინსტიტუციების არსებობას, როგორიც არის დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები და არაპოლიტიზებული ძალოვანი უწყებები.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ამ ეტაპზე სჭირდება საპრეზიდენტო მმართველობა, ვიდრე არ გადაიჭრება უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური ძირითადი პრობლემები.

საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება

ჩვენ გვაქვს ამბიციები, რომ ეკონომიკური და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატოში. ამ მიზნებისაკენ სწრაფვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ორი მნიშვნელოვანი გარემოება.

პირველი: ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო არის ძალიან დაბალ დონეზე. ჩვენ ჯერ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც პოტენციურად რაიმე სარგებელს მოუტანს ამ გაერთიანებებში შემავალ ქვეყნებს. სავარაუდოა, რომ მათი გადმოსახედიდან ჩვენ უფრო პრობლემების შემქმნელები ვართ, ვიდრე სარგებლის მომტანნი. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირი და ნატო ჩვენს წევრობას დიდი ენთუზიაზმით არ ცდილობენ ან, უარეს შემთხევაში, საერთოდ არა აქვთ ინტერესი.

მეორე: განსაკუთრებით სამხედრო უსაფრთხოებისა და ნატოს წევრობასთან მიმართებით გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი. ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი ასევე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. მათ აქვთ მჭიდრო, მასშტაბური და ურთიერთსარგებელზე აწყობილი ინდივიდუალური ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.

არსებული ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებისათვის საქართველო ჯერ ძალიან შორს არის იმისაგან, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის გახდეს რუსეთის საპირწონე. რთულად წარმოსადგენია, რომ საქართველოს გამო რომელიმე ამ ქვეყანამ რუსეთთან გაიფუჭოს ურთიერთობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დათანხმდეს. შესაბამისად, რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებზე აქვს ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტები.

ამავე დროს, აშშ-სათვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ევროპის ქვეყნებისათვის. რუსეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტები აშშ- სთან მიმართებით ნაკლებ როლს თამაშობს საქართველოს საწინააღმდეგოდ.

ასევე გასათვალისწინებელია ოქტომბერ-ნოემბერში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული ომის დასასრული და შედეგები. მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის ორი სუპერსახელმწიფოს – რუსეთისა და თურქეთის – სტრატეგიული ინტერესებისა და გავლენების გრძელვადიანი შეთანხმება და გადანაწილება კავკასიაში.

ამ პირობებში, საქართველოს გაუჩნდა უფრო გამოკვეთილი შესაძლებლობა, შეერთებული შტატებისათვის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გახდეს მთავარი მოკავშირე და საყრდენი რეგიონში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით აშშ- სთან სტრატეგიული და გაღრმავებული პარტნიორობა საუკეთესო გამოსავალია. დღეს კი ამ სტრატეგიის განსახორციელებლად შეიქმნა ახალი შესაძლებლობები, რომელთაც თანამიმდევრული და პრაგმატული რეალიზაცია სჭირდება.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს აშშ- სთან პირდაპირი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის გამოცდილება არსებობს მრავალ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების ჩათვლით.

მაგალითისათვის, 1951 წელს აშშ- სა და ფილიპინებს შორის გაფორმდა ბილატერალური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მესამე მხარის მიერ ხელშეკრულების ერთ- ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს თავდასხმას ხელშეკრულების მეორე მხარეზე და ორივე მხარე ვალდებულია, შეიარაღებულ თავდასხმას უპასუხოს როგორც საერთო საფრთხეს. ანალოგიური ხელშეკრულებები არსებობს შემდეგ სახელმწიფოებს შორის: 1951 წელი – აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია; 1960 წელი – აშშ და იაპონია; 1953 წელი – აშშ და სამხრეთი კორეა და მრავალი სხვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ნატოში გაერთიანებისაკენ სწრაფვა არარეალისტური პერსპექტივაა. საქართველოსათვის საუკეთესო გამოსავალია აშშ- სთან სტრატეგიული თანამშრომლობა პირდაპირი და ბილატერალური თავდაცვითი ფორმატის ფარგლებში. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

ასევე სარეზერვო გეგმად შესაძლებელია განხილულ იქნას პირდაპირი თანამშრომლობა თურქეთთან, რაც, გარდა უსაფრთხოების გარანტიებისა, მოგვცემს დამატებით ინსტრუმენტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის გზაზე.

დასკვნისათვის

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ამ საკითხს მიეძღვნა ჩვენს საავტორო სვეტში გასული თოთხმეტი სტატია. წინამდებარე სტატიით გადავწყვიტეთ, მკითხველისათვის მიგვეწოდებინა ანალიზი და დიდი სურათი იმისა, თუ სად ვართ დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის თავზე, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ, და პოლიტიკური თვალსაზრისით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან და დავადგეთ სწრაფი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზას.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *