ენერგეტიკული ოკუპაცია – კრიზისი, რომელიც მწვავდება

ენერგეტიკული ოკუპაცია – კრიზისი, რომელიც მწვავდება

გაყინულ კონფლიქტს, უმძიმეს ადამიანურ ტრადეგიასთან ერთად, საქართველოსთვის ყოველწიურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგიც მოაქვს. ენერგეტიკა კი არის სფერო, რომელშიც დანაკარგები ყოველწლიურად იზრდება, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო ზრდასთან არის დაკავშირებული. დღეს ამ ზრდას ვირტუალური ფულის მაინინგი განაპირობებს.

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა ყველგან, გარდა აფხაზეთისა. გასული წლის განმავლობაში რეგიონში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აქამდე არნახული ტემპით – 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატსაათი შეადგინა. შედეგად, აფხაზეთმა, რომლის მოსახლეობაც სხვადასხვა შეფასებით 350 ათას მოსახლეს არ აჭარბებს, მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რამდენიც თბილისის 1.1 მილიონმა მცხოვრებმა. ამ ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს რეგიონი საქართველოდან სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

არსებული ვითარება განპირობებულია იმით, რომ 1993 წელს ომის დასრულების შედეგად, ოფიციალურმა თბილისმა ამიერკავკასიაში მდებარე უმსხვილესი ენერგეტიკული სადგურების – ენგურისა და ვარდნილჰესების მართვის პულტზე დაკარგა კონტროლი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და ოფიციალურ თბილისს შორის 1997 წლიდან არსებობს პირობითი შეთანხმება: აფხაზეთი ადგილობრივი მოხმარებისთვის სამყოფ, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, რაც თავდაპირველად გენერაციის 40%, შემდეგ კი 50% იყო.

2020 წლის განმავლობაში საქართველომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 34% მიიღო, დანარჩენი 64%, ანუ რიცხობრივად 2.2 მილიარდი კილოვატსაათი აფხაზეთს მიეწოდა. წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში თანაფარდობა განსხვავებულია: მაგალითად, 2020 წლის იანვარში, მარტში, აპრილსა და დეკემბერში აფხაზეთმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიიღო.

მეტიც, ეს ელექტროენერგია რეგიონის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც რეგიონს რუსეთის ფედერაციისგან საშეღავათო ფასად დამატებით 366 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა. ამ ელექტროენერგიის ღირებულებაც საქართველომ დაფარა.

2012 წლის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ზუსტად 1 მილიარდი კვტ.სთ-ით (67%-ით) არის გაზრდილი.

მთლიანობაში 2020 წელს აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი ლარია (დღეისთვის საბაზრო საბალანსო ღირებულება ერთ კილოვატზე საშუალოდ 15.6 თეთრს შეადგენს).

ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საქართველოს პოლიტიკა ენგურჰესის ელექტროენერგიასთან დაკავშირებით სწორია. თუმცა ფაქტია, რომ დენის მოხმარების რეკორდული ზრდის საფასურს საქართველოს მოქალაქეები იხდიან. აფხაზეთში არსებული ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო ფაქტობრივად დაკარგავს ენგურჰესის იაფი ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას, რაც ადრე თუ გვიან თითოეული მოქალაქისა თუ ბიზნესისთვის გაზრდილ ტარიფებში აისახება.

შავი ხვრელი აფხაზეთის ენერგეტიკაში

უფასოდ მიღებული დენის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორია ენერგეტიკულ კრიზისშია. მეტიც, არსებული სტატუს-კვოდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი მოტივაცია იმისთვის, რათა ადგილობრივმა გამანაწილებელმა „ჩერნომორენერგომ“ ელექტროგამანაწილებელი ქსელი განაახლოს ან გამრიცხველიანება დაასრულოს.

„ჩერნომორენერგოს” ანგარიშიდან ირკვევა, რომ მათ მიერ 2019 წელს უფასოდ მიღებული 2 მილიარდი კილოვატსაათის 20%, ანუ 400 მილიონი კილოვატსაათი „ქსელში დაიკარგა”. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ 1.6 მილიარდი კილოვატი მიეწოდა.

შედარებისთვის, ელექტროენერგიის ის მოცულობა, რასაც ოკუპირებული აფხაზეთი „ქსელის დანაკარგად” აღრიცხავს, მთელ თბილისს დაახლოებით 50 დღის განმავლობაში გაანათებდა. 2020 წლის დანაკარგების შესახებ სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა თუ ის კვლავ 20%-ზე შენარჩუნდა, მაშინ მისი მოცულობა 510 მილიონი კილოვატსაათი იქნებოდა.

ვითარებას ართულებს დენის ტარიფი, რომელიც მოხმარების ზრდას განაპირობებს. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოსთან შედარებით 10-12-ჯერ დაბალია. კერძოდ, ერთი კილოვატსაათის ოფიციალური საფასური მოსახლეობისთვის 45 რუსული კაპიკი, ანუ 1.78 თეთრია, იურიდიული პირების ტარიფი კი 85 კაპიკი, ანუ 3.4 თეთრია. მოსახლეობა და ბიზნესები ხშირად არც მას იხდიან.

 

 

დღეს ენერგოკრიზისს რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვების ბუმი ართულებს. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე ბიტკოინისა და სხვა ვირტუალური ფულის მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკებისა და ჩიპების შეტანა აკრძალა, თუმცა აკრძალვის მონიტორინგს ვერ ახორციელებს.

შედეგად, პიკური მოხმარების გამო, გრაფიკები და ავარიები გახშირდა.

იმის ფონზე, რომ ბიტკოინის ღირებულება 2020-2021 წლებში 500%-ზე მეტად გაიზარდა, ოფიციალურ თბილისს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მაინინგისადმი ინტერესი დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცირედით მაინც შენელდება. მეტიც, მხოლოდ ზრდას უნდა ველოდოთ, რადგანაც დღეს ეს ტერიტორია არის სრულიად არაკონტროლირებადი და „ოფშორული“ ზონა მათთვის, ვისაც მაინინგით მარტივად გამდიდრება სურს. დღეს ამ ადამიანების დენის ქვითარს საქართველოს ეკონომიკა და მისი მოსახლეობა იხდის.

ენგურჰესის რეაბილიტაცია

დღეს ენგურჰესი კრიტიკულად აუცილებელ რეაბილიტაციის პროცესს გადის, რომელსაც საქართველო EBRD-ის სესხით აფინანსებს და ის სადგურის ეფექტიანობის ზრდისთვის არის მიმართული. ამ გეგმური განახლების გარეშე საქართველოს ენერგეტიკა კიდევ უფრო ჩიხურ ვითარებაში შევიდოდა. ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებების მასშტაბი წლევანდელი ბიუჯეტის ტექსტში ასეა აღწერილი:

„ენგურჰესის სადაწნეო გვირაბზე დიდია ფილტრაციული დანაკარგები. მრავალ ადგილას დაზიანებულია გვირაბის ბეტონის მოსახვა. დაზიანებულია 1-ლი, მე-2 და მე-5 სატურბინე მილსადენები. წყალსაცავში დალამვის მაღალი დონის გამო შეუძლებელია მისაყრდნობი ფარის ჩაშვება, ასევე შეუძლებელი გახდება სიღრმული ფარების ექსპლუატაცია: ლამის ამოწმენდა და შესაბამისად მისაყრდნობი ფარის გამოყენება სიღრმული წყალსაშვების ფარების რემონტისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მაისში რეაბილიტაცია სრულდება და მის შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება 100-120 მილიონი კილოვატსაათით უნდა გაიზარდოს.

საქართველო – ექსპორტიორობიდან იმპორტიორობამდე

გასული ათი წლის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ნეტ- ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდით და აფხაზეთის მოხმარების მატებით არის განპირობებული. ფაქტია, რომ ახალი გენერაციის ობიექტების შემატება მოხმარების ზრდას უკვე საგრძნობლად ჩამორჩება. თუკი ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხმარების საშუალო ზრდის ტემპი შემდეგი ათი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, მაშინ მთლიანი მოხმარების თითქმის 40% იმპორტული დენი იქნება. შედარებისთვის, 2020-ში იმპორტის მოცულობა მოხმარების 13% იყო.

იმპორტს კი ორი ძირითადი პრობლემა სდევს თან. მათგან პირველი ფასების ცვალებადობაა. თუკი რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური აღმასვლა იქნა, მაშინ საიმპორტო დენის ტარიფიც გაიზრდება, რაც ადგილობრივ ეკონომიკას კიდევ უფრო დააწვება. მეორე კი არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგავს შესაძლებლობას, გაზარდოს გენერაცია და ელექტროენერგიის გამომუშავებით და ექსპორტით დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *