საერთაშორისო არბიტრაჟმა „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე NEQSOL-ის არგუმენტი გაიზიარა

საერთაშორისო არბიტრაჟმა „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე NEQSOL-ის არგუმენტი გაიზიარა

საქმეზე „ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ“ საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიო ბანკთან არსებული საარბიტრაჟო ტრიბუნალი (ICSID)  კომპანია „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხს 2020 წლის ოქტომბრიდან სწავლობს.

15 აპრილს მიღებული შუალედური გადაწყვეტილების თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლომ სრულად გაიზიარა კომპანია Neqsol-ის მიერ წარდგენილი არგუმენტები და იმისთვის, რათა მათ ინვესტიციას არ მიადგეს ზარალი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესის შემდგომ მოსმენამდე „კავკასუს ონლაინში“ დანიშნული სპეციალური მმართველი არ უნდა ჩაერიოს კომპანიის მართვის პროცესში და ეს ფუნქციები ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე კომპანიის მენეჯმენტმა უნდა აღასრულოს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ასევე დაავალდებულა, რომ კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ არ შეიძლება სანქციის სახით ავტორიზაციის შეჩერების მექანიზმი გამოიყენოს.

საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის შუალედური გადაწყვეტილება საქმის შემდგომ მოსმენამდე, ანუ 12 მაისამდე იქნება ძალაში.

როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენიდან ირკვევა, მათ მიერ 15 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება განაპირობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 აპრილის განჩინებამ, რომლითაც „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება აღუდგა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 1 მარტს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

„2021 წლის 8 აპრილს მოსარჩელემ საარბიტრაჟო ტრიბუნალს აცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა მის მიერ შუალედურ ზომად მიღებული განჩინება და სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება აღუდგინა. სასამართლომ მიუთითა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც კომუნიკაციების კომისიის მიერ იყო წარდგენილი. ამ გადაწყვეტილების შემდგომ, მოსარჩელემ ტრიბუნალს მიმართა, რათა დაუყოვნებლივ გამართულიყო სხდომა, რომელზეც დროებითი ზომების შესახებ მიიღებოდა გადაწყვეტილებები,“- ნათქვამია საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში.

„ტრიბუნალი ავალდებულებს მოპასუხე მხარეს (საქართველოს) თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ნაბიჯის გადადგმისგან, რომლებიც მოსარჩელე მხარის მიერ 2021 წლის 12 იანვრის განცხადებაში არის აღწერილი, მათ შორის:

ა) ვალდებულება, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისია არ შეაჩერებს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის ავტორიზაციას;

) ვალდებულება, რომ „კავკასუს ონლაინის“ მმართველობით ორგანოებს მიეცეთ საქმიანობის სპეციალური მმართველის ნებართვის გარეშე განხორციელების უფლება,“ – ნათქვამია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პროცესში ქართულ მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და მათ მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert-ი, Neqsol-ისა და ნასიბ ჰასანოვის უფლებებს კი იურიდიული ფირმები DLA Piper-ი და Quinn Emanuel Urquhart & Sullivan-ი იცავენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 15 აპრილს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე შეცვალა. ამ პოსტზე ის თამარ ბოკუჩავამ ჩაანაცვლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეცმმართველი 2020 წლის ოქტომბერში დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ კომპანიის არაერთი დაჯარიმება და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი უძღოდა, რომლის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა.

„კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა და Neqsol Holding-ის დამფუძნებელმა ნასიბ ჰასანოვმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა. Neqsol Holding-მა ეს გადაწყვეტილება ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. 2021 წლის პირველ მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც მას უფლებამოსილება შეუჩერდა. თუმცა, ეს განჩინება გაასაჩივრა კომუნიკაციების კომისიამ, რომლის მოთხოვნის შემდეგაც 2021 წლის 7 აპრილს სააპელაციო სასამართლომ მარიამ სულაბერიძეს უფლებამოსილება აღუდგინა.

შეგახსენებთ – 2019 წელს „კავკასუს ონლაინის“ მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ „ნექსოლს“ შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენს და მის ფარგლებში ნექსოლი „კავკასუს ონლაინის“ ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს, სწორედ ამ მიზნით დაინიშნა „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი.

აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბათილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

კომპანია Neqsol-ში განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალის 12 მაისის სხდომამდე საქმეზე კომენტარს აკეთებენ.